ინფექციონისტი: ,,რეზინის ხელთათმანებით ვაბინძურებთ ზედაპირებს და ინფექცია გადაგვაქვს”

ინფექციონისტი: ,,რეზინის ხელთათმანებით ვაბინძურებთ ზედაპირებს და ინფექცია გადაგვაქვს"ბევრი იქცევა ასე: რეზინის ხელთათმანს რეცხავს ან ხსნარებით ამუშავებს და შემდეგ რამდენჯერმე იყენებს. რეალურად, გვიცავს თუ არა ხელთათმანი კორონავირუსისგან? ამ კითხვას საკუთარ ფეისბუქგვერდზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს:

,,კორონავირუსი არ გადაეცემა კანის გზით. ასეთი ინფექციები, ცხადია, არსებობს, რომლებიც კანის უხილავი, მიკროტრავმებით გადაეცემა, მაგრამ კორონავირუსი მათ რიცხვში არ შედის.

ხელი ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელით შეიძლება შევეხოთ სახეს (თვალის, ცხვირის, პირის ლორწოვან გარსებს). ამიტომ არასამედიცინო მიზნით ხელთათმანის გამოყენებას შეიძლება მხოლოდ ის გამართლება ჰქონდეს, რომ გვახსენებს – არ მოვიკიდოთ ხელი სახეზე.

ხელთათმანის გამოყენების პრობლემა ის არის, რომ ხელთათმნიან ხელს ვახებთ ზედაპირებს და შემდეგ ვერ ვიბანთ, არც სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებაა რეკომენდებული, რადგან ზოგიერთი ხსნარი აზიანებს ხელთათმანს.

ასევე, ხელთათმანის გახდასაც თავისი წესი აქვს და ესეც უნდა დავიცვათ. ხელი ხელთათმანის მოხსნისთანავე მაშინვე უნდა დავიბანოთ საპნით. ამიტომ თუ ხელთათმანს ხშირად არ ვიცვლით, ამით ვაბინძურებთ ზედაპირებს და ფაქტიურად ინფექცია გადაგვაქვს. ამ მხრივ ხელთათმანის გარეშე ხელი, თუ ხშირად ვიბანთ, უფრო უსაფრთხოა”.