თემურ ცერცვაძე: ,,ამ ცვლილებამ გადაარჩინა საქართველო და დაღუპა იტალია”

თემურ ცერცვაძე: ,,ამ ცვლილებამ გადაარჩინა საქართველო და დაღუპა იტალია"ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქართველმა ექიმებმა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებში ცვლილებები შეიტანეს და საქართველო სწორედ ამან გადაარჩინა, რომ ვირუსი მასობრივად არ გავრცელდა. ამის შესახებ მან ისაუბრა  ,,იმედის” გადაცემაში ,,რა დროს ძილია”.

თემურ ცერცვაძე:

-ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით.

ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო.

იქ ეწერა, რომ საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი ან მეტი. მერე ჩამოთვლილი იყო სხვა ნიშნები და ვინც იმოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდი რისკის ქვეყანაში ან კონტაქტში იყო ავადმყოფთან.

პირველი პუნქტი შევცვალეთ და საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან ტემპერატურის ცნება საერთოდ ამოვიღეთ და დავწერეთ: თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები, მაგალითად ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჭედვა და სხვა და ის მოგზაურობდა ბოლო ორი კვირის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან სტუმრად ჰყავდა ამ ქვეყნებიდან ჩამოსული პირი, ან იმყოფებოდა კონტაქტში სავარაუდო ავადმყოფთან, ის უკვე ითვლება საეჭვო შემთხვევად, ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას და გამოკვლევას.

ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დაახლოებით 26 პაციენტის შემთხვევა გაგვეპარებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ სიცხე 38 და, მით უმეტეს, 38-ზე მეტი. ზოგს საერთოდ არ აღენიშნებოდა ტემპერატურა და ამ ცვლილებამ საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და გარკვეულწილად დაღუპა იტალია, რომელიც ჯანმოს მითითებებს ასრულებდა. ერთ-ერთი მიზეზი იტალიაში განვითარებული მოვლენებისა ის არის, რომ პირველ ეტაპზე მას გაეპარა ეს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გახდნენ განსაკუთრებით ძლიერი გამავრცელებლები.

თემურ ცერცვაძემ ,,იმედის კვირაში” სწრაფ ტესტებზე ისაუბრა.

თემურ ცერცვაძე:

-ტყუილად ჰგონია ვიღაცას, რომ სახელმწიფომ ფული დაზოგა ან არ მოინდომა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოში არ მოიპოვება ხარისხიანი სწრაფი ტესტები. ნუ იტყუებთ თავს. მე პირადად, ჩემს საავადმყოფოში, მიუხედავად იმისა, რომ არ მევალება, დავინტერესდით და 5 სწრაფი ტესტი შემოვიტანეთ გასასინჯად. ზოგი ვიყიდეთ. არც ერთმა არ გაამართლა. 30% აქვს ყველას მგრძნობელობა. 30%-იანი მგრძნობელობის მქონე ტესტი რომ გქონდეს, ჯობია,  სულ არ გქონდეს, იმიტომ, რომ ის შეცდომაში შეგიყვანს.

არ ვიცი, რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს.

ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები