19 წლის ჭიათურელი ვირტუოზი მსოფლიოს სცენებს იპყრობს

19 წლის ჭიათურელი ვირტუოზი მსოფლიოს სცენებს იპყრობსჟურნალი ,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

პიანისტ სანდრო გეგეჭკორის მუსიკალური ნათლობა მშობლიურ ჭიათურაში შედგა, სადაც დაიბადა და იქვე დაამთავრა სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის N1 მუსიკალური სკოლა. 10 წლის იყო, როცა მუსიკალური ნაწარმოებების წერა დაიწყო, შემდეგ სწავლა თბილისში გააგრძელა ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში. მას იწვევენ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში…

19 წლის ასაკში უკვე უამრავი კონკურსის გამარჯვებულია. მარტში ბარსელონაში გაემგზავრება (ინტერვიუ ჩაწერილი და გამოქვეყნებულია თებერვალში, სანამ კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა, მათ შორის ბარსელონაშიც, სადაც, სხვა ქალაქების მსგავსად, ბევრი ღონისძიება გადაიდო), სადაც მარია კანალსის ბარსელონას პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

სანდროს კარიერაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან მარია კანალსის კონკურსის ისტორია მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პრესტიჟულია. ორგანიზატორები ყოველწლიურად მთავარი პრიზებისა და პრემიებისთვის 80 ათას ევროზე მეტს გამოყოფენ, ასევე აფინანსებენ მუსიკოსების კონცერტებს მთელ მსოფლიოში. წლევანდელ შესარჩევ ეტაპში 212 პიანისტი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან და იქიდან რამდენიმე ათეული შეარჩიეს, მათ შორისაა ქართველი სანდრო გეგეჭკორი.

ამ სიახლეზე, სხვა წარმატებებსა და თავის სამყაროზე სანდრომ ,,სარკესთან” ისაუბრა.

– სანდრო, ბარსელონაში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრებით. მოგვიყვეთ, როგორ მოხვდით შესარჩევ კონკურსში და რას ნიშნავს ეს ფესტივალი თქვენთვის.

– ,,მარია კანალსი ბარსელონა” ერთ-ერთია კლასიკური მუსიკის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებს შორის. ის 1954 წელს დაფუძნდა. 1958 წლიდან მოხვდა ჟენევის უმსხვილესი ორგანიზაციის ,,მუსიკის საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის” პირველ ათეულში და თავის ადგილს დღემდე ამაყად ინარჩუნებს. კონკურსი ესპანეთის დედოფლის, სოფიას, მფრაველობის ქვეშაა და ხუთი ურთულესი ტურისგან შედგება.

ამ კონკურსში მოხვედრა ოცნებებშიც რთულად წარმომედგინა. ასაკობრივი კატეგორია ასეთია – 18-დან 36 წლის ჩათვლით, ანუ ჩემზე გაცილებით უფროსი პიანისტებისთვის მომიწევს კონკურენციის გაწევა.

კონკურსზე მოხვედრა საკმაოდ რთულია. აპლიკაციასთან და მონაცემებთან ერთად უნდა გადაგზავნო სხვადასხვა კლასიკური ნაწარმოებების ვიდეოჩანაწერი, რომელთა მიხედვითაც ხდება შერჩევა. 212 აპლიკანტიდან რამდენიმე ათეული შეარჩიეს და მათ შორის მეც მოვხვდი. ეს უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ყველაფერი წინაა და მთავარი რამ სწორედ ბარსელონაში მელოდება.

– 19 წლის ასაკში უკვე მრვალი ქვეყნის სცენები დაიპყარით. რომელმა კონკურსმა ან დარბაზმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

– სხვადასხვა დროს გავხდი ბაბაჯანიანის, ფოირიხის, სორელის და სხვა კონკურსების გამარჯვებული. შემდეგ ამ კონკურსების ორგანიზატორები თავადვე მიწვევენ თავიანთ ქვეყნებში.

გამოვყოფდი ამსტერდამის სამეფო “კონცერტ გებაუს” და ვენის მოცარტ-ჰაუსის საკონცერტო დარბაზებს, სადაც სოლო კონცერტები გავმართე. ასევე – ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩინეთის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებმა, სადაც სოლო კონცერტების ტურნე მქონდა.

ბედნიერებაა, როდესაც 19 წლის ასაკში გაქვს საკუთარი ფესტივალი, სახელად ,,გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან”, რომელიც რახმანინოვის საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახლ-მუზეუმმა დააარსა. დიდი მადლობა მათ და ნებისმიერ მსმენელს, ვინც ჩემს კონცერტზე მოდის სიამოვნების მისაღებად.

– ქართველი მუსიკოსები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულად ღელავენ, როცა თანამემამულეების წინაშე გამოდიან. თქვენთვის რას ნიშნავს საქართველოს დარბაზებში გამოსვლა და აქაური მსმენელის აპლოდისმენტები?

– როგორი ბრწყინვალეც უნდა იყოს დარბაზი და პუბლიკა უცხოეთში, ქართველი მსმენელის აპლოდისმენტზე მეტად არაფერი მიქმნის კარგ განწყობას. ყოველთვის ორმაგად ვღელავ, როდესაც საქართველოში გამოვდივარ.

ბოლოს რუსთაველის თეატრში გამართულ სოლო კონცერტზეც აღვნიშნე, რომ ჩვენი მსმენელი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. მიყვარს ჩვენი სახელმწიფო კონსერვატორია და მის კედლებს არაფერი მირჩევნია – არც ჯულიარდი, არც სამეფო კოლეჯი, არც სხვა უდიდესი სასწავლებლები და არამხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი კონსერვატორია სწავლის ხარისხით მართლაც ერთ-ერთი პირველია.

– რა ასაკიდან ეზიარეთ ფორტეპიანოს?

– 6 წლიდან. ადრეულ ასაკში სერგეი რახმანინოვის მუსიკას მუსიკად ვერ აღვიქვამდი, მეგონა, რომ ეს იყო ბგერების გროვა, რომელიც ჩაყარეს სანოტო სისტემაში. დღეს ამის თქმისაც მრცხვენია, რადგან რახმანინოვი არამხოლოდ თავისი ეპოქის, არამედ ზოგადად მოვლენაა. გენიალური კომპოზიტორია.

– თქვენს ამ დიდ წარმატებაში რა როლი აკისრიათ მშობლებს, ოჯახს?

– სულ მინდა, საჯაროდ ვთქვა, რომ ლომის წილიც ვერ შეედრება იმ როლს, რაც დედას, ბებოს და ბაბუს მიუძღვით ჩემს ცხოვრებაში. თითოეული ცდილობს, გამანებივროს და მაქსიმალურად შემიწყოს ხელი გზის გაკაფვასა და განვითარებაში, დედა – ინტელექტუალურად, ბებო – სამზარეულოთი. აი, ბაბუზე ხშირად ვიცინი, ისეთ სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებში მაოსტატებს, როგორებიცაა ჭადრაკი, ნარდი.

შეიძლება ცოტა პრიმიტიულად ჟღერს, მაგრამ ეს ყოველივე მეხმარება გრძნობების უკეთესად გამოხატვაში, სიყვარულის, თავისუფლების, კულტურის შექმნასა და გაღვივებაში. რუბინშტეინმა (კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი. ავტ.) თქვა, თუ პიანისტი 24 საათი მეცადინეობს ერთ ოთახში, მაშინ როდისღა დარჩება დრო, ისწავლოს, რა არის ცხოვრება, სიყვარული, თავისუფლება, მეგობრობა და თუ მას ეს არ ეცოდინება, რა ფასი აქვს მის შესრულებას და როგორ გამოხატავს ამ ყველაფერს შემოქმედებაშიო.

– თქვენი უახლოესი ნაბიჯები რა არის?

– მალე მექნება კონცერტები ქუთაისსა და თბილისში ორკესტრთან ერთად. შევასრულებ ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს. პარალელურად ვემზადები კონკურსისთვის, რომელიც 20 მარტიდან 5 აპრილამდე გაიმართება ბარსელონაში. შემდეგ მოწვევები მაქვს პარიზიდან, ამერიკიდან და ნიდერლანდებიდან სხვადასხვა კონცერტებით.

ასევე მე და ჩემი კოლეგები ვგეგმავთ, გავაკეთოთ საქველმოქმედო კონცერტი. შემოსული თანხა კონსერვატორიაში როიალების აღდგენის ფონდში გადაირიცხება.