მაია მიქაშავიძე: “განქორწინების შემდეგ მეორედ დავიბადე”

მაია მიქაშავიძე: "განქორწინების შემდეგ მეორედ დავიბადე"ხათუნა მაღრაძე, სარკე

“ევროპა ბათუმმა შეცვალა” – ეს სლოგანი დიზაინერმა მაია მიქაშავიძემ თავის ახალ მუზას, ზღვისპირა ქალაქს მიუძღვნა. ქალის აქსესუარების ოსტატი, რომლის ნამუშევრები, საქართველოს გარდა, რუსეთსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში იყიდება, მუდმივად ძიების პროცესშია. ბევრს შრომობს, დამღლელი სამუშაოს შემდეგ კი შედეგით ტკბება, ამაყობს, რომ ისეთ სამკაულებს ქმნის, რომლებიც სიცოცხლეს აგრძელებენ, არ კვდებიან.

როგორ შეცვალა მაია მიქაშავიძემ ცხოვრება საკუთარი თავის ძიების პროცესში და რას ურჩევს ქალებს, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, ამ და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე ის “სარკეს” უყვება.

– ქალბატონო მაია, ბათუმი თქვენი ახალი გატაცებაა. მუზების ძიების პროცესში ზღვისპირეთში გადაინაცვლეთ?

– ვინც ჩემს შემოქმედებას იცნობს, იცის, რომ მრავალი წელია, რაც ამ საქმიანობას ვეწევი. მთელი ამ დროის განმავლობაში ხშირად ვმოგზაურობ რუსეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თითოეული გამგზავრება და გამოფენის მოწყობა ახალი შთაბეჭდილება და სასიამოვნო ემოციაა. თუმცა ბოლო პერიოდში თითქოს ეს მუდმივი გადაფრენა-გადმოფრენები, სასტუმროების ცვლა დამღლელია ჩემთვის. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახალი მუზების ქალაქი აღმოვაჩინე – ბათუმი.

იქ პატარა ნავსაყუდელი, ერთოთახიანი ბინა ავიშენე და გადავწყვიტე, ქალაქიდან გასვლა როცა მომენატრება, წავიდე ჩემს სახლში, ზღვისპირეთში და ვიმუშაო. პატარა ბინაა, მაგრამ ჩემეული გარემოთი, სადაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მომავალში ბათუმში ალბათ სალონსაც გავხსნი და გამოფენები ხშირად მექნება. ხელოვანს ყოველთვის სჭირდება ახალი გარემო, ახალი იმპულსები, რაც ამ ეტაპზე სწორედ ბათუმში ვიპოვე.

– პროფესიით ფსიქოლოგი ხართ და ალბათ ესეც დაგეხმარათ, ქალებისთვის შეგექმნათ სრულიად განსხვავებული, ფერადი სამყარო. როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

– ჩემში სულ იყო იმის სურვილი, რომ რაღაც ახალი შემექმნა. სახლში მუდმივად ვცვლიდი ინტერიერს. მეგობრები, ნათესავები რჩევებს მეკითხებოდნენ, როგორ მოეწყოთ ბინა, რომ ოთახები უფრო მყუდრო და კომფორტული გამოსულიყო.

აქსესუარები მიყვარდა, მაგრამ იმ წლებში მათი შოვნა და შეძენა ძალიან რთული იყო. 18 წლიდან უცხოეთში დავიწყე მოგზაურობა და ყველგან აქსესუარებს ვეძებდი. სწორედ ერთ-ერთ მოგზაურობას უკავშირდებოდა ჩემი პირველი აღმოჩენაც სამკაულების სამყაროში. დუბაიში ნამდვილი აღმოსავლური ბაზარი ვნახე. იქ მივაგენი მაღაზიას, სადაც სამკაულების ასაწყობი ყველა საჭირო მასალა, მძივები, მეტალები, ხელსაწყოები იყიდებოდა. მაშინ მივხვდი, რომ ვიპოვე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.

მასწავლებელი არ მყოლია. ვამბობ ხოლმე, რომ მხოლოდ ღმერთია ჩემი მასწავლებელი. ათიათასობით ნამუშევარი მაქვს შექმნილი და არც ერთია მეორის მსგავსი. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ მომხმარებელი ჩემი ნამუშევრებით არის დაინტერესებული. როცა ქალის სამკაულების გაკეთება და გაყიდვა დავიწყე, ქართულ ბაზარზე მსგავსი ნამუშევრები არ არსებოდა. მოგვიანებით ბევრმა მომბაძა, მაგრამ უმეტესობამ ვერ განავრცო. ჩემი სამკაულები კი არ მოკვდნენ, სიცოცხლეს აგრძელებენ.

– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სამკაულმა იცოცხლოს?

– ფერისა და ფორმის შერწყმა ძალიან მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ტექნიკური მხარეც – სამკაულმა არ უნდა შეგაწუხოს, არ უნდა იყოს მძიმე, კარგი დგომა უნდა ჰქონდეს. აქსესუარი უნდა იყოს ფერადი, მაგრამ არ უნდა გადავიდეს მომაბეზრებელ სიჭრელეში. მუშაობის პროცესში მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.

– რა ფერებს ირჩევთ ყველაზე ხშირად?

– შავს და ვერცხლისფერს, მაგრამ ჩემთვის ფერადოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. შინაგანად ფერადი ვარ და ეს განწყობა ნაკეთობებზეც გადადის. მუშაობის პროცესში ნივთებს ისე ვესაუბრები, როგორც ცოცხალ არსებებს, ხშირად ვეჩხუბები კიდეც. თუ წინააღმდეგობას მიწევს, ხან ზომაში არ ეტევა, ხან დამივარდება და გაიქცევა, ვეუბნები, რატომ მეურჩები, ამაზე კარგ ადგილას სად წახვალ-მეთქი.

ვერ წარმოიდგენთ, ფიზიკურად რა დამღლელი სამუშაოა. როცა აქსესუარს ვამზადებ, სხეული ომს მიცხადებს. მტკივა თვალები, ხელები, ფეხები, ხერხემალი, მაგრამ იმდენად სავსეა ჩემი სული ამ სამკაულებთან ურთიერთობისას, რომ ამ ყველაფრის კომპენსაცია ხდება. ეს საქმე მაბედნიერებს. ზუსტად ვიცი, ყოველთვის ქალის სამკაულებს გავაკეთებ.

– მამაკაცის აქსესუარები არასოდეს შეგიქმნიათ?

– ვფიქრობ, მათ ასეთი ნივთები არ სჭირდებათ. მამაკაცის სამკაული არის მის გვერდით მყოფი ქალი, რომელიც უყვარს და უვლის.

– როგორც ყველა ხელნაკეთი ნივთი, თქვენი ნამუშევრებიც ძვირადღირებულია. ასეთ სამკაულებში ყველაზე მეტს რომელ ქვეყანაში იხდიან?

– ყველაზე ძვირად რუსეთში გამართულ გამოფენაზე გავყიდე, თუმცა ზოგადად არ ვფიქრობ, რომ ჩემი აქსესუარები ძვირი სიამოვნებაა. საყურეები 40 დოლარიდან იწყება და დაახლოებით 100 დოლარამდეა. ყელსაბამები ღირს 100 დოლარი და ზემოთ. მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც წახვალ რომში, იქიდან ვენეციაში, ვენეციიდან გემით გადახვალ კუნძულ მურანოზე და იქ იყიდი ერთეულ შუშას, რომელიც 900 გრადუსზე მზადდება, ბუნებრივია, ამ მასალით გაკეთებულ სამკაულს იაფად ვერ გაყიდი. ეს არ არის პირველადი მოთხოვნილების ნივთი. ვისაც საშუალება აქვს, ის ყოველთვის შეიძენს.

– როგორც ვიცი, ქველმოქმედებითაც ხართ დაკავებული. მოგვიყევით ამაზე.

– ალბათ თქვენმა მკითხველმა იცის საქველმოქმედო ორგანიზაცია “სახლის” შესახებ, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. მას ბერი ანდრიას დედა, დედა თინათინი ხელმძღვანელობს. იქ პირველად როცა გადავწყვიტე წასვლა, ფეხები უკან მრჩებოდა. როგორია, შეხვდე ქალს, რომელსაც 18 წლის შვილი გარდაეცვალა, მაგრამ დედამ ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღო, მივხვდი, რა არის, იყო ნამდვილი ღვთისმსახური. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მსგავსი ტრაგედიის შემდეგ შეძლოს და სხვების გადარჩენაზე იფიქროს.

მას შემდეგ ამ დაწესებულებას ხშირად ვაკითხავ. შეძლებული მეგობრები მყავს და, საშუალება როგორც კი მომეცემა, ყველას მოვუწოდებ, ამ ბავშვებს დაეხმარონ.  როცა ხედავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს, სურვილი გაქვს, შენც მათ გვერდით დადგე, მაგრამ უსაქმური ადამიანები ძალიან მაღიზიანებენ.

ჩემთვის ფული არავის მოუცია. მამა ადრე გარდამეცვალა და დედას რა შემოსავალი უნდა ჰქონოდა, პედაგოგი იყო. ჩემი შრომით მივაღწიე ყველაფერს და ამით ვამაყობ. როდესაც შენი შრომით იშოვი ფულს, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს.

მართალია, როცა ამბობენ, ქართველები ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები ვართო, გარდა ამისა, ცოტათი ამპარტავნებიც ვართ. მე მაქვს იმდენი განათლება, რომ ინტელექტუალურ სფეროში საკუთარი თავი მოვსინჯო. ნასწავლი რომ არ ვიყო, ძიძად ვიმუშავებ, ოჯახში – დამხმარედ. ვბრაზობ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ამბობენ, სამუშაო არ არისო. ბევრს უბრალოდ მუშაობა არ უნდა. თუკი მოვკრავ ყურს, რომ ვინმეს უჭირს, ვცდილობ, სამსახური ვაშოვნინო. ამის გამო მადლიერებას იშვიათად გამოხატავენ, ფულადი დახმარება ურჩევნიათ.

– სამწუხაროდ, სოციალურად აქტიური ქალები ხშირად ოჯახის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ. ქმართან გაშორების ერთ-ერთი მიზეზი თქვენი საქმიანობაც ხომ არ გახდა?

– 20 წელზე მეტია მეუღლესთან გაყრილი ვარ. მყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი, რომლებიც მაბედნიერებენ. არ ვიტყვი, რომ ჩემი ყოფილი ქმარი ცუდი პიროვნება იყო, მაგრამ ძალიან მზღუდავდა. საითკენაც გავიწიე, არსად გამიშვა. უნდოდა, მხოლოდ სამზარეულოში ვყოფილიყავი და ხაჭაპურები მეკეთებინა. ეს მოსწონდა და აქტიური ცოლი არ უნდოდა. თუ ახერხებ, რომ ოჯახსაც მიხედო და საგარეო საქმესაც გაართვა თავი, რატომაც არა?!

გადამწყვეტ მომენტში მე თავისუფლება ავირჩიე. დღეს ვთვლი, რომ მქონდა ორი ცხოვრება – მეუღლესთან ერთად და მეუღლის გარეშე. განქორწინების შემდეგ მეორედ დავიბადე. გასათხოვარ ქალებს, რასაკვირველია, ვურჩევ, რომ გათხოვდნენ და დედები გახდნენ, მაგრამ არავის შეწირონ ჯანმრთელობა და ნერვული სისტემა. ქმარს უნდა ესმოდეს შენი და შენი წარმატებები უხაროდეს. ამის გარეშე ოჯახი თავის მოტყუებაა. პირადად მე იმდენად უკმაყოფილო ვიყავი მეუღლით, რომ მას შემდეგ მამრი, როგორც ასეთი, საერთოდ აღარ მაინტერესებს.

– კარგი მამაკაცებიც ხომ არსებობენ.

– ვერ გეტყვით, ასეთი არასოდეს შემხვედრია. როდესაც მამაკაცები ხედავენ, რომ შენ ხარ ძლიერი, წარმატებული, მათ ეშინიათ შენთან მოსვლის. ეს რომ გაბედოს, შენზე ძლიერი უნდა იყოს.

ტერმინი “სუსტი სქესიც” თავის გადასარჩენად მოიგონეს. ქალი უმეტეს შემთხვევაში მამაკაცზე ძლიერი და ჭკვიანია. მინდა, ყველა ქალს ვურჩიო, რომ ისწავლონ საკუთარი ფსიქიკის მართვა. სულ ვამბობ, რომ თავში მაქვს პატარა წარმოსახვითი ონკანი, თუ რამე სანერვიულო გამოჩნდა, ონკანს გადავკეტავ ხოლმე, გულთან ახლოს არაფერს ვიკარებ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, სიკვდილის გარდა. ვინც გამოსავალს ვერ პოულობს, ის ადამიანი ჭკვიანი არ არის.

– ყველას არ შეუძლია საკუთარი ფსიქიკის მართვა, ამის გამო ალბათ არ უნდა განვსაჯოთ სხვები.

– რა არის დეპრესია? შავი ფარდა, რომელიც თვალებთან გაქვს ჩამოფარებული და სამყაროს გაშორებს. ადამიანები ასეთ დროს აბნელებენ სახლს, არ ივარცხნიან თმას, არ იბანენ პირს და არიან უბედურები. ჩამოგლიჯე ფარდა და გადი გარეთ! წადი პოზიტიურ ადამიანებთან. გაიკეთე ახალი ვარცხნილობა. გინდა ახალი კაბა და ფული არ გაქვს? გამოალაგე ძველი ტანსაცმელი, დაჭერი და გადააკეთე. გაიპრანჭე სარკის წინ და დასცინე დეპრესიას. სიცილი ყველაფრის მკურნალია.

– ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურებით. ემოციების მართვის გარდა სხვა რა საიდუმლოებები გაქვთ?

– დავდივარ ფეხით, არ ვეტანები ალკოჰოლს და არ ვეწევი სიგარეტს. ძალიან ვბრაზობ მწეველ ქალებზე. სიგარეტმა როგორ უნდა გაჯობოთ?! ერთადერთი, რასაც ვერ მოვერიე, ეს არის უძილობა. შემოქმედ ადამიანებს ეს ახასიათებთ. აღარ შემიძლია, მხოლოდ მძივები მელანდება. მუდმივად მუზების ტყვეობაში ვარ.

ხშირად მეკითხებიან, რატომ არ გყავს მანქანაო. მერე ფეხით ვინ უნდა იაროს-მეთქი, ვპასუხობ. არც ავტობუსში ვჯდები. ტელეფონში ნაბიჯმთვლელი მაქვს ჩართული და დღეში 10 ათას ნაბიჯზე მეტს გავდივარ. ეს არის ყველაზე დიდი ვარჯიში და ამასთან ერთად აუცილებელია სწორად კვება.

ქალებს მოვუწოდებ, მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას და გარეგნობას, რადგან ცხოვრება აღარ განმეორდება.