გივი ანდრიაძეს ფარიკაობაში შეტანილი წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს

გივი ანდრიაძეს ფარიკაობაში შეტანილი წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭესწითელი მიხაკის რაინდი – ასე უწოდებენ ცნობილ ქართველ პოეტს, ტიციან ტაბიძეს. ძალიან სიმბოლურია, რომ ახლახან მის შვილიშვილს, ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძესაც რაინდის წოდება მიანიჭეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ვეტერანი მუშკეტერი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

,,ეს იყო 57 წლის წინ – 20 წლის ნიკოლოზ ანდრიაძემ ბელგიაში ახალგაზრდებს შორის რაპირით ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. ზუსტად 50 წლის შემდეგ კი იტალიურ ტერნში უკვე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ვეტერან მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

2014 წელს უნგრულ დებერეცენში ვეტერანთა მსოფლიოს პირველობაზე დაიკავა მესამე ადგილი. მერე გერმანიაში პროფესიონალ ექიმებს შორის ევროპის პირველობაზე ფარიკაობის სამივე სახეობაში –  რაპირას, დაშნასა და ხმალში მოიპოვა პირველი ადგილი.

ტიციან ტაბიძის შვილიშვილმა (ნიტა ტაბიძის ვაჟი) ოჯახურ ტრადიციასაც არ უღალატა – მამა და ბაბუა ექიმები იყვნენ და თავადაც სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. მერე მოსკოვში მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. პარალელურად ფარიკაობასაც განაგრძობდა და 1990 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.

სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის მიუხედავად, ფარიკაობას მაინც ვერ შეელია. საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ლუდვიგ ღაღანიძის ხელმძღვანელობით დღემდე ვარჯიშობს.

2010 წელს ტიციან ტაბიძის სახელობის თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში თავისი სახელობის ფარიკაობის კლუბი ჩამოაყალიბა. მერე კიდევ რამდენიმე სკოლაში დანერგა ფარიკაობა და ახლა ამ კლუბების წარმომადგენლები საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით ასპარეზობენ”, – წერს გაზეთი ,,ლელო” – იხილეთ დაჯილდოების ფოტოები.

გივი ანდრიაძეს ფარიკაობაში შეტანილი წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს

გივი ანდრიაძეს ფარიკაობაში შეტანილი წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს