“დედაჩემი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მამა – მუსლიმი” – რამილია ალიევას გზა ქართულ ტელევიზიამდე

"დედაჩემი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მამა - მუსლიმი" - რამილია ალიევას გზა ქართულ ტელევიზიამდეირმა ჭკუასელი, სარკე

რამილია ალიევა აზერბაიჯანელი მამისა და ქართველი დედის ქალიშვილია. მის ოჯახში ორი კულტურა, ორი ერის ტრადიციები ყოველთვის ისე ერწყმოდა ერთმანეთს, ისეთ ჰარმონიას ქმნიდა, გოგონას ცხოვრება ლამაზ ხალიჩასავით ქართულ-აზერბაიჯანული ორნამენტებით იქარგებოდა.

რამილია ფართო საზოგადოებამ გადაცემა “ნაშუადღევიდან” გაიცნო, როცა იქ წამყვანად გამოჩნდა. მანამდე დიდი გზა გაიარა, იყო ამბოხებაც, მშობლების სურვილების წინააღმდეგ წასვლაც, ამ ყველაფერზე კი ის “სარკეს” გულახდილად უყვება.

– რამილია, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, სად გაატარეთ ბავშვობა?

– აზერბაიჯანში დავიბადე და სკოლის ასაკამდე იქ ვცხოვრობდით, შემდეგ აქ გადმოვედით. ჩემი ზაფხულის არდადეგები სულ აზერბაიჯანს უკავშირდება. იქ ხშირად ჩავდიოდით. საქართველოში აზერბაიჯანულენოვან სკოლაში დავდიოდი.

– როგორი ბავშვი იყავით?

– მშვიდი, არაფერს ვაფუჭებდი, მაგრამ საკმაოდ ჯიუტი ვიყავი. სხვათა შორის, ცაცია ვარ. სკოლაში გვეუბნებოდნენ, მარჯვენა ხელით წერეთო და მეც ვისწავლე. მერე აღმოვაჩინე, რომ ცაცია ვარ.

გეტყვით, ეს ახლა რატომ გამახსენდა. ჩემი პირველი რევოლუცია იყო, როცა მამამ მაჯის საათი მაჩუქა და ამიხსნა, რომ მარცხენა ხელზე უნდა გამეკეთებინა. ჩემში შინაგანი რევოლუცია მაშინ მოხდა, რატომ უნდა მეკეთოს მარცხენა მაჯაზე-მეთქი და დღემდე მარჯვენა ხელზე მიკეთია. საათი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქსესუარია.

ეს იყო ჩემი ცხოვრების პირველი რევოლუცია. მშვიდი და დამყოლი ბავშვი ვიყავი და ყოველთვის უკვირდათ, როგორ შეიძლება ასეთი ბავშვი უცებ ასეთი მეამბოხე გახდეს და თქვას: “ეს მე არ მინდა!”.

– ჯიუტი ხასიათი ვისგან გამოგყვათ?

– უფრო ბებიისგან, დედაჩემის დედისგან, რომელიც არაჩვეულებრივი, ძალიან ძლიერი და ჯიუტი ქალი იყო. ის ქართველი გახლდათ. აზერბაიჯანელი ბებია, მამაჩემის დედა, ძალიან მაგარი მზარეული იყო. სამწუხაროდ, აღარც ბებიები მყავს და აღარც ბაბუები.

– მშობლებზე გვიამბეთ, საინტერესოა, როგორ გაიცნეს ერთმანეთი აზერბაიჯანელმა და ქართველმა.

– დიახ, მამა აზერბაიჯანელია, დედა – ქართველი. დედაჩემს ჰქვია ძიძია, გვარად ოთარაშვილია. მამას რამიზი ჰქვია. ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. იმ პერიოდში სწავლობდნენ. მამა უფრო თანამედროვე იყო – ბაიკერი, მოტოციკლით დადიოდა. გრძელი თმა ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ეს ხდებოდა დაახლოებით 30 წლის წინ.

დედაჩემი იყო ულამაზესი! გრძელი თმით, ცისფერი თვალებით – თანამედროვე ქართველი გოგო. მათ ურთიერთობაში ალის და ნინოს (რომან “ალი და ნინოს” გმირები. ავტ.) ცხოვრება განმეორდა. მშობლები მათი სიყვარულის წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ ბევრი იბრძოლეს, რომ ერთად ყოფილიყვნენ.

დღეს, როცა დედა რაღაცის გამო ბრაზდება მამაჩემზე, სულ ვეუბნები, მარტო იმიტომ ღირს, აპატიო ყველაფერი, რომ ამ ადამიანმა შენი სიყვარულისთვის ყველაფერზე უარი თქვა-მეთქი. მაშინ მამაჩემისთვის მთავარი დედაჩემის სიყვარული იყო. ვფიქრობ, დღეს რაც დადებითი მაქვს, ეს არის ის, რომ მიყვარს ადამიანები, სამყარო და ეს ყველაფერი ჩემი მშობლების იმ სიყვარულის დამსახურებაა.

დედაჩემი პროფესიით ბეჭდვის ტექნოლოგია, ამჟამად არ მუშაობს. მამა ინჟინერია. რუსულენოვანი ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობდა, ახლა თავისი მცირე ბიზნესით არის დაკავებული.

– თქვენ როგორ გზრდიდნენ მშობლები – მკაცრად თუ განებივრებდნენ?

– იცით, რა არის? საამაყოა, მაგრამ ამავე დროს ცოტა რთულია, როცა იზრდები ისეთ ოჯახში, სადაც ორი კულტურაა. მე კი სწორედ ასეთ გარემოში ვიზრდებოდი – ამ ორი ერის ტრადიციებით, დღესასწაულებით, კერძებით, მისვლა-მოსვლებით და ა.შ. ბავშვის აღზრდის მეთოდებშიც ბევრი განსხვავება იყო. კი, იყვნენ მკაცრები, რადგან ჩვენი თაობის მშობლებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით სხვა შეხედულებები ჰქონდათ, მაგალითად, ლექსი რომ აუცილებლად უნდა ისწავლოს ბავშვმა, თუკი დავალებად აძლევენ.

ყველაზე მეტად ლექსების დაზეპირება მიჭირდა. მახსოვს, დედაჩემი იჯდა, კითხულობდა და მერე მე ვკითხულობდი. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მე აზერბაიჯანულ სკოლაში ვსწავლობდი და მას აზერბაიჯანული ლექსების სწავლა ჩემთან ერთად უწევდა.

მუსლიმი ვარ. ჩემთვის ორივე რელიგია ძალიან ძვირფასია, რადგან დედაჩემი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მამა – მუსლიმი. ჩემთვის რამადანიც ძალიან ძვირფასია და აღდგომაც.

– გყავთ დედმამიშვილები?

– ერთი ძმა მყავს, ემილი. ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსია, აიტი სპეციალისტი, აიტი მენეჯერია. საქართველოში ცხოვრობს. ბოლო დროს გრაფიკული დიზაინით დაინტერესდა.

– მოეწონათ მშობლებს თქვენი გადაწყვეტილება, როცა ტელევიზიაში დაიწყეთ მუშაობა?

– მოგიყვებით, როგორ აღმოვჩნდი ტელევიზიაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ იქმნებოდა, პირველ კურსზე ვიყავი. საინფორმაციო გადაცემა “მოამბისთვის” აზერბაიჯანულენოვანი წამყვანი სჭირდებოდათ. ეს ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა მითხრა. მაშინ მოვედი აქ კასტინგზე. 17 წლის გოგო ვიყავი, იმაზე გამხდარი, ვიდრე ახლა ვარ.

კასტინგებს “ბი-ბი-სი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ატარებდნენ. ჩემი პირველი ეთერის რეჟისორი დავით ნაკაიძე იყო. მან მაშინ მითხრა, შენ ეთერისთვის ხარ დაბადებულიო.

რაც შეეხება მშობლების რეაქციებს, უხარიათ, როცა თავიანთ შვილს სადღაც ხედავენ. როცა სწავლა თბილისში გადავწყვიტე, ეს რთულად მიიღეს. შიში ყოველთვის ჰქონდათ, რომ რაც უფრო მეტ დროს გავატარებდი ქართულ გარემოში, რაც უფრო ახლოს ვიქნებოდი ქართულ კულტურასთან, აზერბაიჯანულს უფრო დავივიწყებდი. რატომღაც ასე ფიქრობდნენ. ამბობდნენ, რატომ უნდა ისწავლო თბილისში, როცა შეგიძლია აირჩიო ბაქო ან უფრო აზერბაიჯანული გარემოო.

– დედაც ასე ფიქრობდა?

– იცით, როგორ არის? დღეს რაც მაქვს აზერბაიჯანული, ეს ჩემი ქართველი დედის დამსახურებაა. მან გამზარდა ასეთი. დედამ შეძლო, ჩემთვის ორივე ძალიან ძვირფასი ყოფილიყო.

– რა პროფესიის ხართ?

– აზერბაიჯანული ენის ფილოლოგი ვარ. შემდეგ ქართული ენის სპეციალიზაციის კურსებიც გავიარე.

– გქონიათ ისეთი პრობლემა ან რთული ეტაპი ცხოვრებაში, რომელიც გადალახეთ ან რაიმე მიზეზის გამო ვერ გადალახეთ?

– კი, მქონია. რთულია, რომ მუდმივად ძიებაში ხარ… ჩემს მერე მშობლებს კიდევ ერთი შვილი ეყოლათ – ბიჭი, რომელიც, სამწუხაროდ, 6 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა. 3 წელი ავად იყო და ამ 3 წლის განმავლობაში ოჯახმა ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა. 7 წლის ვიყავი, როცა ჩემი ძმა გარდაიცვალა. მაშინ სოციალური ქსელები და დახმარების ფონდები არ იყო. ოჯახს ამ პრობლემასთან მარტო უწევდა გამკლავება. ლეიკემიის მკურნალობაც ისე არ იყო განვითარებული, როგორც ახლაა.

საავადმყოფოში მიწევდა ცხოვრება, რადგან დედა იქ იყო ჩემს ძმასთან ერთად. მერე აღმოჩნდა, რომ მშობლებს აღარ ჰქონდათ იმის საშუალება, საავადმყოფოში კიდევ ერთი საწოლის ფული გადაეხადათ და მამაჩემთან ერთად ვცხოვრობდი. 5 წლის ვიყავი, როცა საჭმელი პირველად მოვამზადე. კერვა მამამ მასწავლა. ყოველთვის გრძელი თმა მქონდა. პირველკლასელი მეზობელს დავუკაკუნებდი ხოლმე კარზე, რომ ნაწნავი გაეკეთებინა. მერე ესეც ვისწავლე.

ძმის გარდაცვალების მერე რთული დღეები იყო. დედაჩემის ემოციები, ჩემი სტრესი… ეს არის ჩემი ბავშვობა. მერე დედამ ჩემი მეორე ძმა გააჩინა, რომელიც ძალიან მიყვარს.

– როგორც ვიცი, თქვენც დედა ხართ.

– გოგონა მყავს. შვილი ადრეულ ასაკში მეყოლა. ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ამიტომ ძირითადად დედაჩემი ზრდიდა. ჩემი გოგონა 15 წლის არის და ჰელენი ჰქვია. ჩამოყალიბებული პიროვნებაა, ჩემი მეგობარია, უფრო მეტად – ჩემი და. ის დედაჩემის შვილი უფრო არის. დღესაც მასთან ჩემზე ახლოს დედაჩემია, ძირითადად მასთან ცხოვრობს. ძალიან ბევრ საკითხში ჩემი მრჩეველია.

– თქვენ ვისთან ერთად ცხოვრობთ?

– მარტო ვცხოვრობ.

– გვერდით საყვარელი მამაკაცი არ გყავთ?

– დღეს რამილია არის სრულიად მარტო.

– როგორ ადამიანს ისურვებდით ცხოვრების თანამგზავრად? ეროვნებას აქვს თუ არა მნიშვნელობა?

– ქართველი ბიჭები მომწონს (იცინის). უნდა იყოს კაცი და არაკაცური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. უნდა შეეძლოს ჩემი მიღება ისეთის, როგორიც ვარ – ჩემი განსხვავებული სახელითა და გვარით, განსხვავებული აზერბაიჯანული კულტურით…

– როგორ ფიქრობთ, ოჯახში ქალი კომპრომისებზე უნდა წავიდეს?

– ერთხელ წავიკითხე, რომ ოჯახი არის ყველაზე რთული ბიზნესი. ის მოთხოვნები, რომლებიც 100 წლის წინ იყო, ძალიან განსხვავდება დღევანდელისგან. დღეს მყარი ოჯახი რომ გქონდეს, მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი – დათმობა, ურთიერთპატივისცემა, ერთად რაღაცის აშენების სურვილი…

აზერბაიჯანულ ენაზე სიტყვა “მეუღლე” ნიშნავს ცხოვრების მეგობარს. არამხოლოდ მეუღლე, მეგობარი, შენი ცხოვრების ყველაზე დიდი პარტნიორი უნდა იყოს. სიყვარული აუცილებელია და ყველაფრის საწყისია, მაგრამ კომპრომისებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია.

– როგორ უყურებენ თქვენს საქმიანობას აზერბაიჯანელი მამაკაცები?

– აღმოსავლელი კაცები ალბათ უფრო მესაკუთრეები არიან, უნდათ, რომ ქალი მარტო მათი იყოს, საჯარო საქმიანობით არ იყოს დაკავებული. საერთოდ ეს ზოგადად კაცების თვისებაა, ოღონდ სუსტი კაცების და არამარტო აზერბაიჯანელი მამაკაცების. ეთნოსს მნიშვნელობა არ აქვს.

– რა არის თქვენთვის თავისუფლება?

– თავისუფალი – ეს არის ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც ძალიან შემიყვარდა. ქართულში ეს სასწაული სიტყვაა, რომელიც გაძლევს ძალას, რომ შენი თავის უფალი იყო, იცხოვრო ისე, როგორც შენ გინდა. ვიცი, რომ უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი არის სიცოცხლის, ცხოვრების უფლება. თავისუფლება კი ჩემთვის არის ის, რომ შევძლო და ეს საჩუქარი გამოვიყენო ისე, როგორც მე მინდა, ვიცხოვრო ისე, როგორც მე მსურს – შეზღუდვების, ჩარჩოების გარეშე.

– ქართველი მეგობრები თუ გყავთ და ზოგადად მეგობრებს რა ადგილი უკავიათ თქვენს ცხოვრებაში?

– ჩემი ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია, ჩემი მეგობრები არიან. ჩემი სამეგობროს 90% ქართველია.

– თქვენს კულტურას, ტრადიციებს დავუბრუნდეთ. როგორ უთავსებთ ერთმანეთს აზერბაიჯანულ და ქართულ ტრადიციებს?

– არ მიჭირს, რადგან ორივე კულტურა ჩემი ცხოვრების წესია. აზერბაიჯანულ ტრადიციებში ბევრი რაღაც არის ისეთი, რაც ძალიან მომწონს. მაგალითად, ქორწილის ტრადიციები, ერთმანეთის მხარდაჭერა, სტუმრის მიღების წესი.

მინდა, თქვენს მკითხველებს ვუთხრა, რომ თუ აზერბაიჯანულ ოჯახში მიხვედით სტუმრად და სუფრა ჩაით დაიწყო, არ გაგიკვირდეთ, ეს უბრალოდ იმიტომ, რომ დიასახლისს დრო მიეცეს ძირითადი კერძის მოსამზადებლად. აზერბაიჯანული სამზარეულო იწყება ჩაით და მთავრდება ჩაით, მაგრამ შუალედში არის დიდი ამბები კერძების სახით.

აზერბაიჯანული ტრადიციებიდან ძალიან მომწონს, როცა ქორწილის წინ გოგოს სახლში კეთდება წვეულება. ეს არის ეთნოწვეულება, სადაც მხოლოდ გოგოები არიან ტრადიციულ კაბებში გამოწყობილები. არის ბევრი წითელი – ცეცხლი, სანთლები, თავისებური შუქი… არის აღმოსავლური ტკბილეული. ეს ყველაფერი ძალიან მისტიკურია. როცა ოჯახს შევქმნი, აუცილებლად გავაკეთებ გოგოების აზერბაიჯანულ წვეულებას.

ქართული სტუმარმასპინძლობა ძალიან მომწონს. ქართველები კულტურული ერია. ქართული სამზარეულოც ძალიან მომწონს. სუფრაზე ყოფელთვის მაქვს როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული კერძები. აზერბაიჯანული  ფლავის და ქართული საცივის, აზერბაიჯანული შერბეთის და ქართული ღვინის კოლაბორაცია ვაკეთებ. თუმცა, როცა ქართველი მეგობრები მოდიან ჩემთან, ძირითადად აზერბაიჯანულ კერძებს ითხოვენ.

– ფართო საზოგადოებამ, ქართულენოვანმა მაყურებელმა “ნაშუადღევით” გაგიცნოთ. მოგვიყევით, როგორ შეუერთდით ამ გუნდს.

– საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის პარალელურად სტატიებს ვწერდი ანალიტიკურ-პოლიტიკურ თემაზე, ბევრი ტრენინგი გავიარე. ერთ-ერთი რეგიონული გაზეთის რედაქტორი ვიყავი, რომელიც ორ ენაზე გამოდიოდა. ლონდონური გაზეთისთვისაც ვწერდი სტატიებს საქართველოდან.

ერთი პერიოდი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წავედი და არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი. ერთ-ერთი აზერბაიჯანული ტელეკომპანიის ბიუროს ხელმძღვანელი ვიყავი და აზერბაიჯანულ ტელევიზიაში ვმუშაობდი. მერე რაღაც პერიოდი აზერბაიჯანში ვმუშაობდი ტოქ შოუს წამყვანად, მერე – ტელეკომპანია “ჯიდიესში” ვებპროდიუსერად.

ბოლოს ისევ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დავბრუნდი და დღემდე ჯგუფ “მრავალფეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი ვარ. “ნაშუადღევის” მეორე სეზონზე შემომთავაზეს წამყვანობა და დავთანხმდი.

– რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამ გადაცემაში?

– “ნაშუადღევის” მეშვეობით კიდევ ერთი რამილია აღმოვაჩინე – უფრო ლაღი, თამამი, რომელსაც თავისი ქალურობის არ ეშინია. ამ გადაცემამ, მგონი, თავიდან აღმომაჩენინა საკუთარი თავი.

– ინტერვიუს დასასრულს თავის მოვლაზე უნდა გკითხოთ. ამ მხრივ რას აკეთებთ, როგორ ზრუნავთ ვიზუალზე?

– სახეს თვითონ ვუვლი ხელოვნური ჩარევების გარეშე. მხოლოდ ცხვირი მაქვს გაკეთებული და ეს ეთერშიც ვთქვი.