,,ორი დღის მერე მოგვაგნეს” – ვინ არის ჩხოროწყუელი 11 წლის ბიჭი ბრიტანულ რეკლამაში

,,ორი დღის მერე მოგვაგნეს" - ვინ არის ჩხოროწყუელი 11 წლის ბიჭი ბრიტანულ რეკლამაშირძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla-ს სარეკლამო რგოლში ქართველი ბავშვი გადაიღეს. ის 11 წლის ჩხოროწყუელი გუგა მამფორიაა.

„გუგა თბილისში თიკა ჯაბანაშვილმა ქუჩაში ნახა და ჩემს მეუღლეს სთხოვა, გადაეღო ბავშვისთვის ფოტო. თიკამ ფოტო რომ ატვირთა, სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაიწყეს გუგას ძებნა და ორი დღის მერე მოგვაგნეს, დაგვიბარეს კასტინგზე. სურათები გადაუღეს. ორი თვის მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ინგლისური კომპანია არის დაინტერესებული გუგათიო. მითხრეს, 50 ქართველი ბავშვიდან შევარჩიეთო.

ჩვენ ჩხოროწყუდან ვართ, გუგა ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა და გადაღებებისთვის თბილისში ჩავდიოდით, თან იმ პერიოდში მარტვილში საფეხბურთო ტურნირი ტარდებოდა, გუგა მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება და ვფიქრობდით, რამდენად მოვახერხებდით კასტინგებზე სიარულს.

შერჩევის მესამე ეტაპზე თვითონ ინგლისელები გაესაუბრნენ გუგას. ადვილი მისახვედრი იყო, რომ მას ამტკიცებდნენ როლზე, თუმცა სხვა ბავშვიც იყო შერჩეული, რადგან ზუსტად არ ვიცოდით, შევძლებდით თუ არა მთავარი გადაღების დღეს თბილისში ჩასვლას. სარეკლამო გადაღებები შემოდგომის დასაწყისში დაიწყო. სამწუხაროდ, სალაპარაკო ინგლისურს ვერ ფლობს, თორემ როგორც გადმომცეს, უცხოურ ფილმშიც ჰქონდათ მისი გადაღების სურვილი.

4 ვაჟის მამა ვარ, მათგან ყველაზე განსხვავებულია ხასიათით. ძალიან გამიკვირდა, კასტინგზე  ყველაფერს რომ ადვილად აუღო ალღო“,- ამბობს მამა.

მშობლები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი