,,ნაყოფიერების სიმბოლო პარლამენტშია ბევრი, იქ შედი, კარლო” – თენგო გოგოტიშვილი თბილისის მერს

,,ნაყოფიერების სიმბოლო პარლამენტშია ბევრი, იქ შედი, კარლო" - თენგო გოგოტიშვილი თბილისის მერსპირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ქანდაკება აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს.

ქანდაკება პირველი რესპუბლიკის მოედანზე შადრევანში განთავსდა. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.

ქანდაკება იტალიაში, ავტორის სახსრებით დამზადდა და იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადაეცა. ქართველმა მოქანდაკემ თავდაპირველად იგი საჩუქრად პიეტრასანტას გადასცა, ქანდაკება ასევე მრავალ კერძო კოლექციაში და სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეშია განთავსებული.

პრასტო (ვაჟა მიქაბერიძე) თბილისში, 1967 წელს დაიბადა. 1984-1992 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1993 წელს იგი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და 1993-1995 წლებში სწავლა ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში განაგრძო. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ქალაქ პიეტრასანტაში – ონ.ჯი

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ამ ქანდაკების დადგმას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

,,ნაყოფიერების ტრადიციული სიმბოლო არ იცი, როგორ გამოიყურება, კარლო?
მანდედან 1 კილომეტრი გაიარე და მუზეუმში იკითხე, გაჩვენებენ. ან მოპირდაპირე მხარეს პარლამენტში შედი – იქ ბევრია ეგეთი. ან დაგუგლე მაინც”.