გივი და ბექა სიხარულიძეები: ”ძალიან ტრადიციულები ვართ და ცოტა აზიატებიც”

გივი და ბექა სიხარულიძეები: ”ძალიან ტრადიციულები ვართ და ცოტა აზიატებიც”ია ქუთათელაძე, სარკე

მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მწერალი, პოეტი, მსახიობი, რეჟისორი, ცნობილი თამადა, სპორტსმენი, რადიოწამყვანი, ქალაქური კოლორიტის მატარებელი კაცი – ანუ გივი სიხარულიძე, რომელსაც კარგად იცნობს საზოგადოება.

ტელეეთერში მისი გამოსვლა ძირითადად ხმაურიანია, რადგან ისეთ თემებზე, რომლებზეც ჩურჩულითა და მორიდებით საუბრობენ, გივი ხმამაღლა ლაპარაკობს. თუმცა ჩუმი სევდით სავსეს და ფიქრიანს – ასეთს მას ცოტა თუ იცნობს.

ბატონ გივისთან ამერიკიდან ჩამოსული მისი ვაჟის, ბექა სიხარულიძის, ოჯახი დამხვდა და ჩვენი ინტერვიუ ბავშვების მხიარულ ჟრიამულში ჩაიწერა.

– ბატონო გივი, რა გამოგყვათ ბავშვობიდან, რომელიც სულ თქვენთან არის?

– ბავშვობიდან ყველაზე მეტად გაჭირვება მახსოვს. რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარ, მამა ციმბირში იყო გადასახლებული. მაშინდელ დროში მეტნაკლებად ყველას უჭირდა, უკაცო ოჯახს – ორმაგად და მეტად. მე და ჩემს დას დედა გვზრდიდა. მაგარი ქალი იყო, ყუბანელი კაზაკი, ულამაზესი, მაგრამ ხომ უნდა ემუშავა, რომ როგორმე ვერჩინეთ.

მთელ დროს უბანში ვატარებდი. 12-13 წლის ვიყავი, როცა დიდი ბიჭები წაგვიყვანდნენ რკინიგზაზე და მატარებელში გვიშვებდნენ. მძიმე, 50 კილოიანი კასრები იყო, ვკრავდით ხელს და არსენალის გორაზე ვაგორებდით. დღის ბოლოს კი 10-10 მანეთს გვაძლევდნენ, რაც ჩემთვის დიდი ფული იყო. სხვის ჯიბეში ხელი არასოდეს ჩაგვიყვია. ესეც არ იყო მთლად კარგი საქციელი, მაგრამ მატარებლიდან რამდენიმე კასრის ჩამოყრა დიდ ცოდვად არ ითვლებოდა.

ლამაზი ბიჭი ვიყავი, უფროსი ასაკის ქალები მათამამებდნენ, მეფერებოდნენ და ათასგვარი მცირე საჩუქრით მანებივრებდნენ. ქუჩას თავისი მკაცრი წესები აქვს, მაშინ გამბედავ და არსენას პრინციპით მცხოვრებ ბიჭებს აფასებდნენ, სუსტი არ უნდა დაგეჩაგრა, ჩხუბი “მოსული” ამბავი იყო, ოღონდ მუშტით და სამართლიანად.

თბილისი სიყვარულის და ურთიერთობის ქალაქი იყო, კაცს თუ ქალი არ უყვარდა და არ აფასებდა, იმას კაცადაც არავინ თვლიდა.

– როდის დამთავრდა ბავშვობა და როდის იგრძენით, რომ იყავით კაცი, რომელსაც ჰქონდა პასუხისმგებლობა ოჯახისა და საზოგადოების წინაშე?

– სტალინის გარდაცვალების შემდეგ მამას ამნისტია შეეხო და გადასახლებიდან დაბრუნდა. განათლებული, ჭკვიანი და ძლიერი კაცი იყო. მაშინვე ჩემი მეგობარი გახდა და მუდმივად მხარში მედგა. მამამ დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ინსტიტუტშიც მისი დახმარებით ჩავაბარე. სპორტი მიტაცებდა, მუდმივად ვვარჯიშობდი, თავს ვაგლახად არავის ვაჩაგვრინებდი, ფეთქებადი ხასიათის ვიყავი და მუშტიც მიჭრიდა.

მერე ცეკვა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ბევრი რამ შეიცვალა. 20-22 წლისას უკვე ჩემი სიტყვა მეთქმოდა. “სუხიშვილებთან” ვცეკვავდი, სოლისტი ვიყავი, გასტროლებზე დავდიოდი, ქალაქში მიცნობდნენ, ინსტიტუტში ლექტორები პატივს მცემდნენ. თანდათან ვაცნობიერებდი, რომ პასუხისმგებლობა მემატებოდა.

თავდაპირველად დედამ ბალეტზე შემიყვანა ვახტანგ ჭაბუკიანის სტუდიაში, მე კი მეცადინეობაზე არ დავდიოდი და კრივზე ვიპარებოდი. მხოლოდ ამის მერე გადამიყვანა ქართულ ცეკვებზე. ქალბატონ ნინო რამიშვილს შეუცდომელი ალღო და გამჭრიახი თვალი ჰქონდა. მნახა თუ არა, მაშინვე თქვა, ამისგან კარგი მოცეკვავე დადგებაო. თუ შეგატყობდა, რომ შრომა არ გეზარებოდა, ნიჭიერი იყავი, შენთვის მზრუნველი დედა ხდებოდა.

– შემდეგ იყო სახელმწიფო ანსამბლი “თბილისი”.

– არა, შემდეგ ბუხუტი დარახველიძესთან ვცეკვავდი. ეს იყო ტრამვაი-ტროლეიბუსების ანსამბლი, ასე ეძახდნენ, თორემ ისე სახელმწიფო ანსამბლის ტოლფასი იყო.

“თბილისში” მოცეკვავეების მოთხოვნით გადამიყვანეს ანსამბლის ქორეოგრაფად, ერთი სიტყვით, ამირჩიეს. ამავე დროს სამხატვრო ხელმძღვანელადაც დამნიშნეს. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, არც ერთი ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი სამხატვრო ხელმძღვანელი არ ყოფილა.

არავინ გამიშვია, ყველას გამოვუცხადე – დღეში 5 საათი ვარჯიში და არანაირი სიზარმაცე! ვინც ამ წესებს ვერ მოერგო, თავად წავიდა. 20 წელი ვუხელმძღვანელე. ერთი გასტროლიდან ჩამოსული არ ვიყავით, უკვე მეორეზე გვიწვევდნენ. დიდი წარმატებები გვქონდა. ზოგჯერ უპასუხისმგებლო იმპრესარიოც შეგვხვედრია, ფულის გადახდა რომ არ უნდოდათ, იქ უკვე ძველი გივი სიხარულიძე იღვიძებდა.

ერთხელ არგენტინელმა იმპრესარიომ გადაწყვიტა ჩვენი გადაგდება. საბჭოთა კავშირის საელჩოში შევხვდი არგენტინაში. თავის დაძვრენა დააპირა, ვეცი, ყელში ხელები წავუჭირე და ვახრჩობდი. ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან. ასეთი საქციელი ყოვლად დაუშვებელი იყო, მაგრამ, როცა ჩემ ზურგს უკან ანსამბლი იდგა, რომლის ოჯახების წევრები ამ გასტროლის ფულის იმედზე იყვნენ, ჩვენს გაცურებას არავის ვაპატიებდი. შეშინებულმა ნახევარ საათში მოიტანა მთელი ფული.

– როგორც მსახიობს, განსაკუთრებული პოპულარობა მოგიტანათ “უძინართა მზეში” შესრულებულმა როლმა. როგორ შედგა თქვენი და თემურ ბაბლუანის ტანდემი?

– მე უკვე ვიყავი მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაღებული, როცა თემურ ბაბლუანმა მიმიწვია ძალიან პატარა, ერთწუთიან როლზე “უძინართა მზეში”. გადავიღეთ თუ არა ეს ეპიზოდი, მკითხა, ქალაქიდან ხომ არ გადიხართო. მერე გავიგე, რომ ფილმის გადაღება შეაჩერა. ნახევარი წლის შემდეგ გამომიგზავნა სცენარი და მითხრა, კარგად წაიკითხე, შენთვის გადავაკეთე და ახალი, თითქმის მთავარი როლი შევქმენიო.

თემურ ბაბლუანი უნიჭიერესი, რთული და პროფესიონალი რეჟისორია. შეუძლია გადაღების დროს ძალზედ ცნობილ მსახიობსაც კი შენიშვნები მისცეს და უხეშად მოექცეს. საბედნიეროდ, ჩვენი ერთობლივი მუშაობა სრულ ჰარმონიაში წარიმართა და როლმა ბევრი ჯილდო მომიტანა.

– საკმაოდ გვიან აიღეთ კალამი ხელში. როგორ დამეგობრდით თქვენ და მუზა?

– 45 წლის ასაკში დამეწყო უცნაური შეგრძნებები. სიზმრებში ვნახულობდი ათასგვარ ამბავს, მეღვიძებოდა და ვწუხდი, ვერ ვხვდებოდი, რა მაწუხებდა, მესმოდა ხმები, ათასგვარ რამეს ჩამჩურჩულებდა, მზა სიუჟეტებს ვხედავდი და მეგონა, ვგიჟდებოდი. ცნობილ ნევროპათოლოგ რომა შაქარაშვილთან წავედი, შევჩივლე ჩემი მდგომარეობა. მომისმინა, გამსინჯა და მითხრა, სრულიად ჯანმრთელი ხარო. არ დავუჯერე და უკვე ფსიქიატრს მივმართე, პასუხი იგივე იყო. ორი თვე ვიწვალე ასე. ერთ ღამესაც ავდექი და სამი პატარა ნოველა ერთად დავწერე.

თავდაპირველად მრცხვენოდა, ვერავის ვაჩვენებდი. დილაობით კუს ტბაზე ავდიოდი სავარჯიშოდ და იქ ბიჭებთან ზეპირი მოყოლა დავიწყე. მოსწონდათ, სულგანაბული მისმენდნენ. მერე გავბედე და გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოს” მაშინდელ რედაქტორს, კრიტიკოს თამაზ წივწივაძეს მივუტანე. ვუთხარი, ბატონო თამაზ, ჩემი ნაცოდვილარია, წაიკითხეთ, თუ არ მოგეწონებათ, დახიეთ და ამ საქმეს თავს სამუდამოდ დავანებებ-მეთქი. სამ დღეში დამირეკა და მითხრა, შენი სახით დაიბადა ახალი, ქართული, ქალაქური ნოველების მწერალიო.

19 წიგნის ავტორი ვარ, რომლებიც უამრავ ქვეყანაში ითარგმნა და გამოიცა – ამერიკაში, ევროპაში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში. ჩემს გამოცემებს მსოფლიო პრესა ხშირად ეხმაურება. ასევე ავტობიოგრაფიულ სერიებს ვაკეთებ ნოველების ჟანრში. უკვე დავწერე ზურაბ ანჯაფარიძის, ლადო ათანელის, ალექსანდრე ხომერიკის და სხვათა შესახებ და წიგნებად გამოიცა.

– საქვეყნოდ ცნობილია თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქალების მიმართ. სასიყვარულო გატაცებებსა და მსუბუქ რომანებს გვერდი ავუაროთ და ოჯახზე მიამბეთ.

– ქალი თუ არ გიყვარს კაცს, მაშინ შენი საქმე კარგად არ არის, ან დაცურებული გაქვს, ან გადახრა გაქვს ორიენტაციიდან. მე ქალებს ყოველთვის ვაღმერთებდი და ვაღმერთებ.

ოჯახი ორჯერ შევქმენი. ჩემი ორივე მეუღლე ანგელოზი იყო. სამწუხაროდ, პირველი ქორწინება მალე დასრულდა. 19 წლის ვიყავი, როცა უღელი დავიდგი, ბევრი შეცდომა დავუშვი და ოჯახიც დაინგრა.

პირველი ქორწინებიდან ვაჟი მყავდა, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. 5 მეგობარი წავიდა ბულგარეთში, არეული დრო იყო, გასული საუკუნის 90-იანი წლები. ბიჭები წავიდნენ და დაიკარგნენ, ვერც მკვდრები იპოვეს და ვერც ცოცხლები. ეს ჩემი მუდმივი ტკივილია. საბედნიეროდ, ქალიშვილი დარჩა და დღეს მისგან შვილთაშვილი მყავს.

მეორე მეუღლე, რუსუდანი, უფლის საჩუქარი იყო ჩემთვის. ის არამხოლოდ მეუღლე, მეგობარი, თანამებრძოლი იყო. ჩემი ყველა ცხოვრებისეული დიდი ბრძოლა მასთან ერთად მოვიგე. მისთვის ვიყავი მეფე, ის ჩემთვის იყო დედოფალი. ის იყო ქალი, რომელიც შიგნიდან მიცნობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემთვის დასრულდა სიტყვები – “მეუღლე”, “ცოლი”. მის სურათთან ყოველთვის ცოცხალი ყვავილებია.

ორი ვაჟი მყავს – ჯაბა და ბექა სიხარულიძეები. ჯაბასგან უკვე შვილთაშვილი მყავს, ბექა ამერიკაში ცხოვრობს, ჩოგბურთის აკადემია აქვს და კინორეჟისორობას არის შეჭიდებული.

ბექა: ამერიკაში მამის დაჟინებული ძალისხმევის შემდეგ წავედი. 19 წლის ვიყავი, როცა უცხო სამყაროში მოვხვდი. გამიჭირდა, სულ გამოქცევაზე ვიყავი. თბილისი მენატრებოდა, ოჯახი, მეგობრები, მშობლიური გარემო. მამა ყველანაირად მამხნევებდა, ფინანსურადაც მეხმარებოდა.

ამერიკა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. თუ მოინდომებ და შრომა არ დაგეზარება, ბევრს მიაღწევ. იქ სხვა ტემპია და ფეხი უნდა აუწყო. ჩემი სპორტული გამოცდილება ძალიან დამეხმარა – კარატე, ჩოგბურთი. ბევრი მეგობარი შევიძინე, განსაკუთრებით – ებრაელები. როცა ჩოგბურთის აკადემია გავხსენი, ებრაელთა ოჯახების შვილები სწავლობდნენ ჩემთან. ძალიან დაკვირვებული ხალხია, თუ შეგამჩნიეს, რომ კეთილსინდისიერად შრომობ, გვერდით დაგიდგებიან. და მაინც, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.

– თქვენ ლოს ანჯელესში ცხოვრობდით, სადაც ჰოლივუდია. თქვენი გარეგნული მონაცემების პატრონს არ გიფიქრიათ მსახიობობაზე?

ბექა: ბევრ კასტინგში მივიღე მონაწილეობა. ამდენი წელია ამერიკაში ვარ, მაგრამ ჩემს ინგლისურს აქცენტი ვერ მოვაცილე. ასეთი ინგლისურით მხოლოდ სპეციფიკურ როლებს თუ შევასრულებდი, ან რუს პერსონაჟებს განვასახიერებდი. შეიძლება მოგცენ სცენარი, ისწავლო, იწვალო და აღმოჩნდეს, რომ ის როლი ნაცნობობით უკვე სხვისია. მსახიობობაზე მეტად რეჟისორობაზე ვოცნებობდი.

3 წელი წიგნებიდან თავი არ ამიღია. როცა ჩავთვალე, რომ ფილმის გადასაღებად მზად ვიყავი, მე და ჩემმა მეუღლემ გავყიდეთ ჩემი შრომით შეძენილი სახლი ამერიკაში, ჩამოვედი საქართველოში და ხელი მოვკიდე ჩემი ოცნების საქმეს – კინოს.

“სიცოცხლიდან სიცოცხლემდე” აბსოლუტურად ქართული ფილმია. იყო შემოთავაზება, რომ უცხოური მხარე დამაფინანსებდა, თუ ფილმს ინგლისურ ენაზე გადავიღებდი, მაგრამ უარი ვთქვი. ჩემი სახსრებით და ჩემი ნიჭიერი ქართველი მსახიობებით გადავიღე ფილმი, რომელიც ქართულ ღირებულებებზეა, ღირსებასა და სიყვარულზე, სათნოებასა და მოვალეობაზე.

მოქმედება გასული საუკუნის 90-იანი წლების თბილისში ხდება, მაგრამ არა – ბნელ, დანგრეულ და ღირსებადაკარგულ ქალაქში, არამედ განათლებული, წესიერი ადამიანებით სავსე, ლამაზ ქალაქში, სადაც გაჭირვება ადამიანურ თვისებებს არ კლავს. მიხარია, რომ ეს შევძელი და გაზაფხულზე საპრემიერო ჩვენება იქნება.

– დიდხანს იყავით უცოლო. იპოვეთ ის მეორე ნახევარი, ვისაც ამდენი წელი ეძებდით?

ბექა: ჩემი მეუღლე აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. მე ძალიან ტრადიციული ვარ და ცოტა აზიატიც. ბევრი ქალი შემხვდა ცხოვრების გზაზე, მაგრამ ისეთი არ ჩანდა, როგორიც ჩემი შვილების დედად წარმომედგინა.

5 წლის წინ ამერიკაში მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ბექა ჩვენთან ერთი გოგონა უნდა მოვიდეს სტუმრად, შენც მოდი, რა იცი, იქნებ შენი ბედიაო. მართლაც ჩემი ბედი აღმოჩნდა. ამას პირველი წუთიდან მივხვდი.

უკვე ორი შვილი გვყავს. მათი დაბადების შემდეგ მივხვდი, რა არის სრულყოფილი ბედნიერება, აქამდე თითქოს არაფერი იყო.

– როგორია თქვენი გეგმები?

ბექა: ჯერჯერობით აქ ვარ. ფილმის გადაღება დავასრულე, მაგრამ პატარ-პატარა საქმეები გასაკეთებელია. უნდა მოვემზადოთ საპრემიეროდ და შემდეგ უცხოეთის ჩვენებებზე გასატანად. მინდა, რაც შეიძლება ბევრმა ქვეყანამ ნახოს ფილმი და ჩემი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე საქართველო ადამიანებმა შეიყვარონ და გაიცნონ.