მერსი სულხანიშვილმა თმა გადაინერგა და ნიკაპი გაისწორა – “ჯერჯერობით ჩემი მკერდი ნატურალურია”

მერსი სულხანიშვილმა თმა გადაინერგა და ნიკაპი გაისწორა - "ჯერჯერობით ჩემი მკერდი ნატურალურია"ავთო ჩიტიძე, სარკე

ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი, მერსი სულხანიშვილი, ცდილობს, ჩაცმის სტილით და ვიზუალით მოდის ტენდენციებს არ ჩამორჩეს. ამიტომაც ამ ზაფხულს ორი მნიშვნელოვანი კორექტირება მოახდინა საკუთარ გარეგნობაში – ნიკაპი და შუბლი გადაიკეთა. ამ პროცედურების გამო მერსი გარუჯვის გარეშე დარჩა. მართალია, მოგზაურობს საქართველოში და ქვეყნის გარეთაც, მაგრამ აქტიური მზის სხივები მისთვის რეკომენდებული არ არის და ამიტომ მათ ერიდება.

ეპატაჟური მერსი ყურადღებას გამომწვევი გარეგნობით, მაგალითად, მოშიშვლებული მკერდით და სკანდალური პოსტებით იქცევს და არა – პირადი ცხოვრებით. მის ანგარიშზე ერთი ხმაურიანი რომანიც არ ირიცხება და წვეულებებზეც ყოველთვის მარტო ჩნდება. მიზეზი კი მარტივია, ჯერ ვერ იპოვა მამაკაცი, რომელიც ბედნიერების შეგრძნებას მიანიჭებს.

– მერსი, რით გამოირჩა წლევანდელი ზაფხული თქვენს ცხოვრებაში?

– უცნაური ზაფხულია ჩემთვის, რადგან აქტიური მზის სხივების ზემოქმედებას ვერიდები, ანუ არ ვირუჯები. ამის მიზეზი მაქვს, ზაფხულის დაწყებისთანავე თმა გადავინერგე და ამიტომ აქტიური მზის სხივები არ შეიძლება.

მიუხედავად ამისა, ჩემს მეგობარ ანი გიუნტერთან ერთად მაინც მოვახერხე რამდენიმე დღით მარმარისში დასვენება. თბილისშიც კარგად ვატარებდი ზაფხულის ცხელ დღეებს, რადგან უკვე ჩვენს ქალაქშიც არის ადგილები, სადაც ხარისხიანად და კარგად შეძლებ ზაფხულის საღამოების გატარებას.

დასვენების პარალელურად აქტიური ვარ ჩემს საქმეშიც. რამდენიმე ბრენდთან ვთანამშრომლობ და ზაფხულში სერიოზული ფოტოსესიებიც მქონდა.

– რატომ დაგჭირდათ თმის გადანერგვა?

– მთელ თბილისს ჰგონია, რომ გავმელოტდი. ეს იყო თინეიჯერული შეცდომის შედეგი, როდესაც ლაზერით შუბლი ძალიან გავიდიდე. ახლა კი არ მომეწონა და გადავწყვიტე, დამეპატარავებინა. ამისთვის დამჭირდა თმის გადანერგვა. თმა არ მცვივა, ჯანსაღი მაქვს.

– ცოტა ხნის წინ სახის ოვალშიც შეიტანეთ კორექტირება. სოციალური ქსელით აღნიშნეთ კიდეც, რომ ბავშვობის მთავარი კომპლექსი – ჩაჩხვლეტილი ნიკაპი მოიშორეთ.

– ჩაჩხვლეტილი ნიკაპი არ მომწონდა, მაგრამ ეს არ იყო კომპლექსი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. უბრალოდ მოდის ტენდენციას ავყევი და ფილერების საშუალებით მეც გავიკეთე ცოტა გამოწეული ნიკაპი. დიდი შუბლის გამო ბულინგის მსხვერპლი ვიყავი და სარკეში როცა ვიხედებოდი, არც მე მომწონდა.

საერთოდ, მიყვარს კოსმეტიკური პროცედურები და არასდროს არაფერს ვმალავ, პირიქით, სოციალური ქსელის საშუალებით ყველა პროცედურაზე დეტალურად ვწერ. რაც კი სიახლე შემოდის საქართველოში, პირველი, მგონი, მე ვიკეთებ.

– ყველაზე მეტად რას ებრძვით საკუთარ გარეგნობაში?

– დიდი ხანია წარბებს ვებრძვი და, მგონი, მივაღწიე შედეგს. ძალიან მინდოდა, მაღალი, მსხვილი ჰოლივუდური წარბები მქონოდა. დიდი ენერგია ჩავდე ამ პრობლემის მოგვარებაში და შეძლებისდაგვარად გამომივიდა.

– რა პროცედურებმა არ გაამართლა და ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი?

– საბედნიეროდ, ალბინა ქაჯაიას სახით ძალიან კარგი ექიმი და დერმატოკოსმეტოლოგი მყავს. ის ზუსტად იმას მიკეთებს, რაც ჩემი სახისთვის იდეალური იქნება. საკუთარ გარეგნობაში ჩარევა ერთხელაც არ მინანია.

– კოსმეტიკურ ჩარევებს მხოლოდ სახეზე იტარებთ?

– ზოგადად მთლიანად ვუვლი თავს, მაგრამ სახეზე გადამეტებულად ვზრუნავ. ეს ზაფხული იმითაც გამოირჩევა, რომ ფიტნესზე არ დავდივარ. აქაც დამნაშავე ის პროცედურებია, რომლებიც გავიკეთე. როდესაც აპტოსის ძაფებს ჩაიდგამ, ან თმას გადაინერგავ, ან ფილერს გაიკეთებ, გარკვეული პერიოდი ვარჯიში რეკომენდებული არ არის. ვარჯიშები მასაჟებით ჩავანაცვლე და კვირაში სამჯერ ჩემს სხეულს კარგი მასაჟით ვანებივრებ.

როგორც სახეზე, ასევე ტანზეც კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ამიტომ მუდმივად ვიყენებ დამატენიანებელ საშუალებებს, სკრაბის პროცედურებს.

– რა მიგნებები გაქვთ კანის მოვლაში?

– სახლის პირობებში სახის კანს ნაკლებად ვუვლი, ძირითადად ბრენდირებულ საცხებს ვხმარობ. აი, ტანის კანისთვის კი ეფექტური სკრაბი ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეფექტურია. ამ სკრაბის რეცეპტს თქვენს მკითხველსაც გავანდობ.

საჭიროა 3 სუფრის კოვზი ნალექიანი ყავა, 1 სუფრის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. ეს კარგი საშუალებაა, სახლის პირობებში სხეული გაიმკვრივო და ცელულიტიც დაამარცხო.

– თქვენი პოპულარობა თავიდან სკანდალურად დაიწყო, ყურადღება მოშიშვლებული მკერდით მიიქციეთ. საინტერესოა, თქვენი მკერდი თუ არის ნატურალური?

– ჯერჯერობით ჩემი მკერდი ნატურალურია. ბევრს ჰგონია, რომ რაღაც მაქვს გაკეთებული, მაგრამ ასე რომ იყოს, ვიტყოდი. როგორც მკერდის, ასევე სხეულის სხვა ნაწილებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული თეთრეული. ეს აუცილებელია, მკერდმა და დუნდულებმა ფორმები რომ არ დაკარგოს. სულ ეს არის იმისთვის, რომ დიდხანს არ დაგჭირდეთ პლასტიკური ოპერაცია.

– აქტიურ ღამის ცხოვრებას მისდევთ, ეს თქვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე არ მოქმედებს?

– ღამის ცხოვრების მოყვარული დიდად არ ვარ, მხოლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვსტუმრობ. 2 წელია, ალკოჰოლს ნაკლებად ვიღებ. ერთი ჭიქა კოქტეილი, შამპანური ან ღვინო საკმარისია ჩემთვის. სპირტიან სასმელებს საერთოდ აღარ ვეკარები. ეს ყველაფერი თინეიჯერობაში დარჩა.

– ასაკმა მნიშვნელოვნად შეცვალა თქვენი ცხოვრების პრიორიტეტები?

– რა თქმა უნდა. ახლა ჩემს ცხოვრებაში სწავლასთან დაბრუნების ეტაპია. ვცდილობ, პროფესიულად გავიზარდო და ინტერნეტში სულ ვეძებ ონლაინკურსებს, რომლებიც, როგორც ჟურნალისტს, გაზრდის საშუალებას მომცემს. ძალიან მიყვარს კითხვა და ბევრს ვკითხულობ.

– ეპატაჟური და სკანდალური გოგოს იმიჯი გაქვთ და ალბათ ვინც გაგიცნობთ, უკვირს, როცა ამ ყველაფრის მიღმა ნაკითხ პიროვნებას აღმოაჩენს.

– ვისაც რა უნდა, ის დაინახოს ჩემში. ვიღაცისთვის ეპატაჟური ვარ და ვიღაცისთვის საინტერესო მოსაუბრე. მე ძალიან ვაფასებ განათლებულ და ჭკვიან ადამიანებს.

– ძალიან თამამ და სკანდალურ სახედ ითვლებით შოუბიზნესში, მაგრამ არასდროს აღმოჩენილხართ სასიყვარულო ისტორიის ეპიცენტრში, არსად გამოჩენილხართ მამაკაცთან ერთად. რატომ მალავთ, ვინ არის თქვენ გვერდით?

– ერთი რამ ვიცი, რომ არასდროს არაფერი ხმაურდება, ეს თუ ჩვენ არ გვინდა. თვითონ არასდროს მქონია სურვილი, რაიმე ურთიერთობა გამესაჯაროვებინა. ალბათ იმიტომ, რომ სერიოზული არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. არასდროს მქონია ურთიერთობა, რომელიც ფლირტის ზღვარს გასცდებოდა და ისეთ ფორმას მიიღებდა, რომ მასთან უკვე წითელ ხალიჩაზე გავივლიდი. ზოგადად მე კომფორტის ადამიანი ვარ და არ მინდა ზედმეტი ყურადღება მაშინ, როცა ბევრი არაფერი ხდება.

– უჭირთ მამაკაცებს თქვენი გაგება?

– ალბათ ზედმეტად ჭკვიანი ვარ და ამბიციებში თუ არ ჩამითვლით, ვიტყვი, რომ მამაკაცებს უჭირთ ჭკვიანი ქალის გვერდით ყოფნა. თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში წყვილი, რომლებზეც ვიტყვით, რომ ჭკვიანი კაცი და ჭკვიანი ქალი ერთად არიან. ყველაფერი მაინც ბედის ამბავია.

– როგორია საზაფხულო და საკურორტო რომანების მიმართ თქვენი დამოკიდებულება?

– ხანმოკლე და ერთჯერადი ურთიერთობები საჩემო არ არის. არ ვარ ასეთი მარტივი და ხელმისაწვდომი ქალი, რომ რამდენიმე დღეში ვინმემ თავბრუ დამახვიოს.

– ყველაზე მთავარს რას ითხოვთ მამაკაცისგან?

– იმას, რომ ვიყო ბედნიერი.