მარიკო ლეჟავამ აფრიკული ნაწნავები მოიხსნა და შეყვარებულს დაშორდა

მარიკო ლეჟავამ აფრიკული ნაწნავები მოიხსნა და შეყვარებულს დაშორდაირმა ჭკუასელი, სარკე

მომღერალმა მარიკო ლეჟავამ გარეგნობაში ექსპერიმენტების ჩატარება ადრეული ასაკიდან დაიწყო. ბოლოს აფრიკული ნაწნავები გაიკეთა, მაგრამ სულ რაღაც 4 დღე ატარა. მისთვის კი მთავარი სწორედ კომფორტია როგორც გარეგნობაში, ასევე ჩაცმულობაში. ყველაფერს განწყობის მიხედვით აკეთებს, ხან კლასიკურად იცვამს, ხან “აჯაჯული” დადის. მისი სასცენო კოსტიუმებიც იმის მიხედვით იქმნება, როგორ ხასიათზეცაა იმ მომენტში. მოსწონს ტატუების გაკეთება და ამის შესახებ მყარი არგუმენტი აქვს… რატომ არის მარიკოს იმიჯი სწორედ ასეთი და არა – სხვანაირი, ამის შესახებ ახალგაზრდა მომღერალი “სარკის” წინ საუბრობს.

– მარიკო, ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ აფრიკული ნაწნავები და უკვე დაშლილი გაქვთ. ასე მალე რატომ გადაწყვიტეთ მათი მოხსნა?

– 4 დღე მქონდა და მოვიხსენი. ასეთი ნაწნავები გათვლილია აფროამერიკელებზე, რომლებსაც ისეთი ძლიერი თმა აქვთ, რომ ასეთ სიმძიმეს უძლებს. ჩემმა თმამ ამ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ორი დღის მერე დისკომფორტი დამეწყო. თმის ძირები მექავებოდა, თან ძალიან ცხელოდა და ფიზიკურად ვეღარ გავუძელი. 200-მდე ნაწნავი მეკეთა თავზე და ძალიან, ძალიან ცხელი იყო.

– ანუ პრაქტიკულად არ მოგიწიათ მისი მოვლა.

– ჰო, ასე გამოვიდა, მალევე მოვიხსენი.

– თუ საიდუმლო არ არის, თქვენი პარამეტრები რომ გვითხრათ – რამდენი კილოგრამი და რამდენი სანტიმეტრი ხართ.

– 65 კილოს ვიწონი და ჩემი სიმაღლე 185 სანტიმეტრია.

– სიმაღლის გამო კომპლექსი გქონიათ?

– ბავშვობაში მქონდა, ახლა – აღარ. ბავშვობაში მქონდა იმიტომ, რომ კლასში ყველაზე მაღალი ვიყავი.

– გაგჩენიათ სურვილი, გარეგნობაში რაიმე შეგეცვალათ?

– კი. ადრე ცხვირის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ზუსტად ისეთი ცხვირი მაქვს, როგორიც უნდა მქონდეს.

– რა ასაკში გქონდათ პლასტიკურ ქირურგთან მისვლის სურვილი?

– ალბათ 17 წლის რომ ვიყავი, მაშინ. ჩემი ცხვირი არ მომწონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დიდი სახე მაქვს და პატარა ცხვირი არ მომიხდებოდა. ასეთი დავიბადე და აშკარად ასეთი უნდა ვიყო.

– ეს პასუხი ისე უნდა გავიგოთ, რომ ყველაფერს ბუნებრიობა სჯობს და ხელოვნური ჩარევის წინააღმდეგი ხართ?

– ვინც თვლის, რომ უნდა გაიკეთოს, მივესალმები, რადგან თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური სურვილები აქვს.

– გემჩნევათ, რომ მაკიაჟსაც არ იკეთებთ ყოველდღიურად და ბუნებრიობას ანიჭებთ უპირატესობას.

– მაკიაჟს იმ შემთხვევაში ვიკეთებ, თუ შეხვედრაზე მივდივარ ან კონცერტი მაქვს.

– სოციალურ ქსელში გიდევთ ფოტო, რომელიც ვარჯიშის დროს გაქვთ გადაღებული. ვარჯიში თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესია?

– ვარჯიში იყო ჩემი ცხოვრების ყოველდღიური წესი, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, ვეღარ ვახერხებ, რადგან სამსახურში ძალიან დაკავებული ვარ (მარიკო საზოგადოებრივ არხზე მუშაობს. ავტ.). ორ პროექტზე ვმუშაობ და ფიზიკურად დრო არ მრჩება. სახლში დაახლოებით 11-12 საათისთვის მივდივარ, როდესაც ვარჯიშს უკვე აზრი აღარ აქვს.

– დაახლოებით რამდენი ხანია, რაც თავი დაანებეთ?

– ნახევარი წელია.

– როგორია თქვენი კვების რეჟიმი, რაციონი?

– ყურადღებას ვაქცევ, რას ვჭამ. ვცდილობ, ხშირად არ მივიღო ცომეული, ტკბილეული. თუმცა ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ, რადგან ცომეულიც მიყვარს და ტკბილეულიც.

– დიეტები დაგიცავთ?

– ადრე ვიცავდი, მაგრამ აღარ ვიცავ. ახლა ვცდილობ, გვიან არ ვჭამო.

– როგორია თქვენი ჩაცმულობის სტილი და სამკაულებიდან რა მოგწონთ?

– მიყვარს საათები და ბეჭდები. ჩემი ჩაცმულობა კი ძალიან არასტანდარტულია. შეიძლება ერთ დღეს მეცვას ძალიან კლასიკურად და მეორე დღეს – აჯაჯულად. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.

– სცენაზე თამამი კოსტიუმებით გამოდიხართ – შორტებით, ბოდით. როგორი რეაქცია აქვთ გარშემომყოფებს, ყოველთვის დადებითად გაფასებენ თუ არის კრიტიკაც?

– ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგს კი აღიზიანებს. კონცერტებისთვის ყოველთვის ვზრუნავ როგორც მაკიაჟზე, ასევე კოსტიუმზე, ვარცხნილობაზე. კონცერტის წინ ამ საკითხს ძალიან გულდასმით ვუდგები და ყოველთვის ბევრს ვფიქრობ, რა უნდა მეცვას, როგორ უნდა გამოვიყურებოდე. ჩემი ჩაცმულობა იმ ემოციის გამოხატულებაა, რაც იმ მომენტში მაქვს.

– ტატუებიც თქვენი განწყობის გამოხატულებაა?

– მინდა, მახსოვდეს ყველაფერი, რაც ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე მოხდება, ცუდიც და კარგიც, ამიტომაც სხეულზე გადამაქვს.

– არ ფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება მოგბეზრდეთ და ინანოთ, რომ სვირინგი გაიკეთეთ?

– არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება რომელიმე ტატუ მომბეზრდეს.

– გაქვთ რაიმე მავნე ჩვევა, რომელსაც ებრძვით?

– არ მინდა, რომ სიგარეტს ვეწეოდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.

– წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ შეყვარებული ხართ…

– შეყვარებული აღარ მყავს. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავშორებულიყავით.

– რამდენი ხანია, რაც ერთად აღარ ხართ?

– ალბათ 2 თვე იქნება.

– რა გახდა მიზეზი, რამაც ასეთი გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

– ეს ყველაფერი პირადია და ვერ გეტყვით.