ხობელმა ცოლ-ქმარმა მდინარის ქვიშაში განძი იპოვეს – ,,სახლში ქვიშა მიიტანეს და შიგ აუწონავი ოქრო იპოვეს”

ხობელმა ცოლ-ქმარმა მდინარის ქვიშაში განძი იპოვეს - ,,სახლში ქვიშა მიიტანეს და შიგ აუწონავი ოქრო იპოვეს"ხობელმა მზისადარ და გიორგი წულაიებმა ხობისწყლის ქვიშაში მსოფლიოში ცნობილი ვენერა მილოსელის ,,ტყუპისცალი” აღმოაჩინეს. ცოლ-ქმარს მდინარე ხობისწყლიდან შინ მიტანილი სამშენებლო ქვიშის გაცრის დროს ხელთ უცნაური ნივთი შერჩა, რომელიც ულამაზესი ქანდაკების თავი აღმოჩნდა. მაშინვე სათუთად გაასუფთავეს, გარეცხეს და იმავე წუთში მეზობელთან, ხობის კულტურის ცნობილ ქომაგთან, ქალბატონ მარინა ჯღარკავასთან წაიღეს, მან კი ამ მშვენიერების დანახვისას ლამის მეტყველების უნარი დაკარგა და ხობელ ისტორიკოსთან, გიორგი­ ჩიტაიასთან­ გაიქცა. ბატონი გიორგი ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ ყვება:

– ხობელებმა მართლაც ულამაზესი ქანდაკება ვიპოვეთ, რომელსაც მე ნახევრად ხუმრობით და სრული აღფრთოვანებით დიანა შევარქვი. პირადად ჩემი აზრით, ის მართლაც უნიკალური ნივთია, რაც კვლევებით უნდა დადასტურდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ დიანა მე-5 საუკუნემდეა შექმნილი.

ის, რომ ქანდაკება მდინარის ქვიშაში აღმოჩნდა, არ არის გასაკვირი – დასავლეთ საქართველოს ტერიტორია, განსაკუთრებით ზღვისპირეთი, უძველესი ელინური კულტურითაა სავსე და რა გასაკვირია, რომ დიანაც ამ კულტურას ეკუთვნოდეს. ალბათ ის რომელიმე სამარხში იყო, საიდანაც ნალექებმა ან მეწყერმა ჩამორეცხა.

ზუსტად ისე, როგორც ვანის ნაქალაქარი ირეცხებოდა (ვანის უნიკალური ოქროს ნაწილი სწორედ ტალახშია ნაპოვნი!), შემდეგ მდინარემ “იპოვა” და ჩვენ მოგვიტანა! მთლად დიანასთანა ვერა, მაგრამ ხობი მსგავსი “საჩუქრებით” განებივრებულია. სწორედ ახლახან აღმოვაჩინეთ ქრისტეს დროინდელი ბერძნული წარწერები. წარმოგიდგენიათ, ეს რა აღმოჩენაა!

– ძნელი წარმოსადგენი არც ის არის, რა განცდა ექნებოდა დიანას პირველაღმომჩენებს!
– ყველას როდი სურს, მსგავსი სიძველე ქვეყანას გადასცეს. ჩემი მეგობარი მარინა ჯღარკავა კი სულს ძლივს ითქვამდა აღტაცებისა და სიხარულისგან. წულაიებიც გაოგნებულები იყვნენ, წარმოიდგინეთ, შინ მდინარის ქვიშა მიიტანო და შიგ აუწონავი ოქრო ნახო!

ქანდაკებას ამჟამად სპეციალისტები სწავლობენ. მათ ქანდაკების ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებთან დაგზავნეს. ვნახოთ, რა დასკვნას გამოიტანენ. ყველა შემთხვევაში, ხობელებს ამ ულამაზესი ქმნილების აღმოჩენით ძალიან გაგვიმართლა.

კვირის პალიტრა