,,თავხედობასაც აქვს საზღვარი” – ახალგაზრდა პოეტი ილია ჭავჭავაძის სკამზე წამოსკუპდა

,,თავხედობასაც აქვს საზღვარი" - ახალგაზრდა პოეტი ილია ჭავჭავაძის სკამზე წამოსკუპდაილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი ილია ჭავჭავაძის სავარძელში, მის სამუშაო მაგიდასთან ზის. მუზეუმის ადმინისტრაცია წერს:

,,ყველა მუზეუმს, მით უფრო თუ ის მემორიალური ხასიათისაა, აქვს თავისი წესები, რომლის დაცვაც განურჩევლად მდგომარეობის, მრწამსის, შეხედულებებისა და წოდებისა ყველა სტუმარს ევალება. დაუშვებელია ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში განთავსებული მემორიალური ნივთების ხელით შეხება, გადაადგილების მცდელობა, მათი რაიმე ფორმით გამოყენება, მით უფრო ზედ დაჯდომა, თუ ამისათვის სათანადო ნებართვა არ არის გაცემული.

სურათი, რომელსაც ხედავთ ყველა ზემოთ აღნიშნულ წესს არღვევს და ეწინააღმდეგება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თვითნებობასთან გვაქვს საქმე. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდის მუზეუმში, ათვალიერებენ ნივთებს, ეცნობიან აქაურობას და გვტოვებენ.

ილიას მუზეუმის თითოეული თანამშრომლის მოვალეობა კი აქაურობის დაცვაა. მაგრამ, როგორ დავიცვათ თავი ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც თანამშრომლების მითითებების, თხოვნისა და უსიამოვნო საუბრის მიუხედავად, მაინც კადრულობენ და ჯდებიან ილია ჭავჭავაძის სავარძელში? ასეთი შემთხვევა მუზეუმში აქამდე არ მომხდარა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო “ნაფერები”, “პრემირებული” კალმოსნები თავს უფლებას აძლევენ, რომ ილიას სავარძელსაც “მოერგონ”. თავხედობასაც ხომ შეიძლება თავისი საზღვარი ჰქონდეს”.