,,სირცხვილი ზუგდიდის მერიას, ეს მემორიალი მიუღებელია ჩემთვის” – აგვისტოს ომში დაღუპული გმირის დედა

,,სირცხვილი ზუგდიდის მერიას, ეს მემორიალი მიუღებელია ჩემთვის" - აგვისტოს ომში დაღუპული გმირის დედა2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სერგეი გოროზიას დედა მზია გოროზია ,,პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ხვალ 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კი არ იქნება, სადაც მისი შვილია დასაფლავებული, არამედ ზუგდიდში სპეციალურად ჩამოვიდა. -ყველაფერი გადავდე, დღეს მშვიდად მინდა, ვიყო, ვინაიდან ჩემი შვილის საკურთხი მაქვს… აი, ხვალ კი მძიმე დღე მელოდება.

სირცხვილი ზუგდიდის მერიას, ჩემთვის როგორც გმირი შვილის დედისთვის, ყოვლად მიუღებელია ის მემორიალი, რომელიც ზუგდიდში დაიდგა. ეს არც ამ ადგილისთვისაა შესაფერი და არც გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად. ჩვენს ბიჭებს ჩექმები არ ეცვათ, არც საველე ფორმას ჰქონდა სამხრეები, არც ეს იარაღი ეჭირათ. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლურად თუნდაც უნდა გააკეთო ისეთი, რა ფორმითაც წავიდნენ ბიჭები ომში, – ამბობს მზია გოროზია.

მისივე თქმით, თავად იყო ჩართული მემორიალის დიზაინის შერჩევაში, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჰქონდა პირობა, რომ ქანდაკება არა ბეტონის, არამედ სპილენძის მასალისგან იქნებოდა.

-სამი კვირის წინაც შევხვდი ქალაქის მერს და პირობა მომცა, რომ ჩემს აზრს გაითვალისწინებდა. მიკროსკოპით არის წასაკითხი ჩვენი შვილების სახელები და გვარები… მგონი უკეთეს ვიმსახურებდით. ხვალ სპეციალურად მივდივარ მემორილათან და ვიტყვი ჩემს სათქმელს ხმამაღლა.,,ოცნების“ ამომრჩეველი ვარ რამდენი წელია და ამ მთავრობას ვუჭერ მხარს, ეს ყველამ იცის, ახლა კი სახელიც შევილახე. ხვალ იქ მოვლენ ყველანი და ვისაუბრებ, – განაცხადა სერგეი გოროზიას დედამ.

ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ განმარტა, რომ კომპოზიცია სპეციალურმა კომისიამ მოიწონა და ის არა მხოლოდ ზუგდიდელი მებრძოლების, არამედ 2008 წლის ომში დაღუპული ყველა ქართველის ხსოვნას ეძღვნება.

-ეს არის აბსტრაქცია, მარადიული სულების უკვდავსაყოფად სილუეტებია გამოხატული. რაც შეეხება იარაღს, ჩექმას ან სამხრეს, იარაღი არის დაშვებული და გამოხატავს სიმბოლოს, სამხრე საერთოდ არ არის, ჩექმის ნაცვლად კი ჯარისკაცის უფრო დაბალყელიანი ფეხსაცმელია. უკანა მხარეს კი კოლხი მეომრების გამოსახულებებია. ეს არ არის კონკრეტულად ვინმეს ძეგლი. დროშას კი კომპოზიციურად ამ ადგილას ვერ დავდგამთ, – აღნიშნა ჯიქიამ. მისივე თქმით, ცვლილებების შეტანა ქანდაკებაში იგეგმება. მათ შორის მემორიალთან ქვების ნაცვლად ფილები დაიგება.

მზია გოროზიას შვილი, სერგეი გოროზია 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

„4 წლამდე სერგეი იზრდებოდა სოხუმში, შემდეგ გადმოვედით გალის რაიონ სოფელ საბერიოში, ამჟამად ჩემს გოგოსთან ერთად თბილისში ვცხოვრობ“,- თქვა მან.

მემორიალის გახსნა ხვალ, აგვისტოს ომის 11 წლისთავზეა დაგეგმილი. ბიუჯეტიდან პროექტისთვის 14 984 ლარი გამოიყო.სამეგრელოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 37 ადამიანი დაიღუპა. ზუგდიდიდან ომს კაპრალები 22 წლის ბადრი ბერანძე, 20 წლის სერგეი გოროზია და 20 წლის დავით ჯიქია და კობა სერგია ემსხვერპლნენ.

პრაიმტაიმი, ავტორი თეა შონია

,,სირცხვილი ზუგდიდის მერიას, ეს მემორიალი მიუღებელია ჩემთვის" - აგვისტოს ომში დაღუპული გმირის დედა