,,სანამ გემი წყლით დაიფარებოდა, ცოლმა ქმარს უკანასკნელად გასძახა…” – სულისშემძვრელი ისტორია სიყვარულზე

,,სანამ გემი წყლით დაიფარებოდა, ცოლმა ქმარს უკანასკნელად გასძახა..." - სულისშემძვრელი ისტორია სიყვარულზე,,ცოლ-ქმარი საკრუიზო ლაინერით მოგზაურობდა. ლაინერმა კატასტროფა განიცადა. ცოლ-ქმარმა გაჭირვებით მიაღწია სამაშველო ნავებამდე, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი…

სამაშველო ნავზე ქმარი გადავიდა, ცოლი კი გემზე დარჩა. სანამ ოკეანის წყლით დაიფარებოდა, ცოლმა ძალა მოიკრიბა და ქმარს უკანასკნელი ფრაზა გასძახა, – აქ მასწავლებელმა თხრობა შეწყვიტა და თავის მოსწავლეებს კითხვა დაუსვა:

– ბავშვებო, თქვენი აზრით, რა დაუძახა ცოლმა ქმარს უკანასკნელად?

ვერსია ბევრი გაჩნდა:
– უსინდისო ხარ, ინანებ;
– შენც დაისჯები ოდესმე;
– ღმერთი არ შეგარჩენს…

ამ დროს ერთმა მორიდებულმა ბიჭმა ჩუმად ჩაილაპარაკა:

– გაუფრთხილდი ჩვენს შვილს…

– მართალი ხარ, – შეაქო მასწავლებელმა, – იცოდი ეს ისტორია?

– არა, უბრალოდ ეს სიტყვები უთხრა მამას დედამ სიკვდილის წინ.

მასწავლებელმა ცრემლების შეკავება ვერ მოასწრო და გვერდით უხერხულად მიატრიალა თავი. რამდენიმე წამში კი გააგრძელა:

– მოკლედ, გემი ჩაიძირა. ქმარი სახლში დაბრუნდა, სადაც მათი შვილი – თვეების გოგონა ელოდებოდა. მთელი ცხოვრება მას დაუთმო, მარტო ზრდიდა და არაფერი დაუკლია…

გავიდა წლები. და როცა მამა უკვე გარდაცვლილი იყო, მის საბუთებში ქალიშვილმა დღიური იპოვა. ბოლო ჩანაწერი ასეთი იყო:

„როცა მისი საშინელი დიაგნოზი შევიტყვეთ, რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, ჩვენს უკანასკნელ საერთო მოგზაურობაში წასვლა გადავწყვიტეთ. დრო აღარ ჰქონდა… ღმერთო, როგორ მინდოდა, მასთან ერთად დავშვებულიყავი ოკეანის ფსკერზე, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი – მე სახლში ჩვენი გოგონა მელოდებოდა”.

მთელი კლასი სულგანაბული ისმენდა ამ სიტყვებს. და ალბათ ბევრმა გაიაზრა, როგორი უსამართლობაა ადამიანის განსჯა მხოლოდ ზედაპირული საქციელით, როცა არ იცი, სიღრმეში რა არის დაფარული…”.

ისტორიას აქვეყნებს მამა ნექტარიოს მჭედლიძე