,,რუსთავი 2”-ის საინფორმაციოს ,,ბიბისი”-ს ჟურნალისტი უხელმძღვანელებს

,,რუსთავი 2”-ის საინფორმაციოს ,,ბიბისი”-ს ჟურნალისტი უხელმძღვანელებს,,რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურისა და პროდაქშენის ხელმძღვანელი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი იქნება.

განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გააკეთა..
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ბევრმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა არხი. თუმცა არხის მფლობელი მზად არის და ,,რუსთავი 2’’-ის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ემოციურ ფონზე მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

-ტელეკომპანიის კარი ღიაა პროფესიონალებისთვის, ვინც წლებია, მუშაობდა და ვისაც უნდა, ეს არხი იყოს მაღალპროფესიული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კრიტიკული ტელევიზია. დღეს საზოგადოებას ვუბრუნდებით პოზიტიური სიახლით, რომელიც ძალიან კარგად მიიღო, პირველ რიგში, ,,რუსთავი 2″-ის გუნდმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ არხის ბოლომდე ერთგულნი არიან.

მათი რიცხვი ძალიან დიდია. ამ ადამიანების რიცხვი არის დაახლოებით 800 თანამშრომელი. დღეს მათ წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი წარდგენა, მას იცნობს მთელი საქართველო. ის არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით, კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა საზოგადოებას და იძულებული გახდა, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არსებული წნეხის გამო, დაეტოვებინა ქვეყანა.

ეს პროფესიონალი არის ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდი ხანია, მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანია „ბიბისი“-ში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა საქართველო წლების წინ დატოვა და ამ პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, BBC -ში მუშაობდა მეუღლესთან, ნათია აბრამიასთან ერთად.