,,არაფერი მინდოდა სიკვდილის გარდა” – დათო ტურაშვილის ისტორია შვილზე

,,არაფერი მინდოდა სიკვდილის გარდა" - დათო ტურაშვილის ისტორია შვილზედათო ტურაშვილის ისტორია შვილზე

კურკა
– მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ანა-მარიამი ხშირად ახსენებდა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ანას ჯგუფელი იყო საბავშვო ბაღში.

პირველად ვნახე ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე, სადაც ანაკომ მრავალმნიშვნელოვნად დამპატიჟა და დამპირდა, – კურკას გაგაცნობო. კურკა მართლა ლამაზი ბიჭი აღმოჩნდა, როგორც ანასგან ვიცოდი
და მას ზეიმზე ეცვა თეთრი ჩოხა. ერთად დააყენეს ზეიმის ბოლოს და სურათი გადაუღეს. ის სურათი ანა-მარიამმა თავის ოთახში გააკრა კედელზე და მერე ზაფხულიც მოვიდა.

ზაფხულში კურკა არ უნახავს, მაგრამ რამდენჯერმე სევდიანად, ძალიან სევდიანად ახსენა და სექტემბერში პირდაპირ მითხრა, – კურკა მომენატრაო. კურკა სხვა სკოლაში შეიყვანეს და ოქტომბერში ანა-მარიამმა ისევ შემახსენა, – კურკასთან წაყვანას რომ დამპირდი,
როდის შემისრულებო? უკვე ნოემბერი იყო, როცა სხვა გზა აღარ მქონდა, დაპირება უნდა შემესრულებინა და კურკას სანახავად, ტაქსით წავედით. ანაკოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, ლამის საკუთარი შვილის შემშურდა თეთრი, გულწრფელი შურით. კურკას მშობლებს ჩვენი სტუმრობა მართლა ძალიან გაუხარდათ. მშვენივრადაც გვიმასპინძლეს, სანამ ბავშვები თამაშობდნენ და უკვე წამოსვლისას, კარგა ტკბილად რომ დამღალა გემრიელმა ღვინომ, წიგნების თაროზე ის ფოტო შევნიშნე, ჩვენც რომ გვქონდა სახლში, ანაკოს და კურკას ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე რომ გადაუღეს. უფრო სწორედ, ჩავთვალე, რომ ის ფოტო იყო და წიგნების თაროსთან კმაყოფილი სახით, ახლოს მივედი. სურათს დავაკვირდი თუ არა, მოულოდნელობისაგან გამოვფხიზლდი კიდეც, რადგან ამ ფოტოზე თეთრჩოხიან კურკასთან ერთად, სულ სხვა გოგო იყო გადაღებული. ალბათ ინსტინქტურად, ანაკოს რომ არ შეემჩნია, სურათი წიგნებს შორის შევაცურე და მერე დიდხანს აღარც დავრჩენილვართ, მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ფეხით გავუყევით ყვითელი ფოთლებით სავსე ქუჩას. გზაში ბევრი ვიფიქრე და სწორედ მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ ანაკომ ის ფოტო ვერ შეამჩნია, უცებ გამაჩერა, ხელი მომკიდა ძალიან ფრთხილად და მითხრა:
“არა უშავს, მა…”

გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივუყვებოდით ქუჩას და არაფერი, არაფერი მინდოდა სიკვდილის გარდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი