ნინი ბადურაშვილი: ,,ქალის ბედნიერება არის კაცი, რომელსაც უყვარხარ და შვილი”

ნინი ბადურაშვილი: ,,ქალის ბედნიერება არის კაცი, რომელსაც უყვარხარ და შვილი"მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელიც კარგა ხანია ტელეწამყვანის ამპლუასაც ითავსებს, ყოველთვის უზადოდ გამოიყურება – სცენაზეც და ეკრანზეც. ის ყოველთვის ლამაზ გოგონად ითვლებოდა და მისი გარეგნობაც ბუნებრივი მონაცემების დამსახურება გახლავთ, მაგრამ თურმე ეს ნატურალური სილამაზეც დიდ ყურადღებას, შრომას და ნებისყოფას მოითხოვს. ნინიმ გულახდილად გვიამბო იმ მეთოდებსა და საშუალებებზე, რომლებსაც სისტემატურად იყენებს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 30 წელს გადააბიჯა.

– ნინი, რითი იწყება თქვენი დილა?

– ჩემი დილა იწყება ერთ ჭიქა ყავას პლუს მოვლის საშუალებები – აუცილებლად შხაპი, მერე სახის, ტანის, თვალის კრემები.

– თქვენს კანს მხოლოდ კრემები ჰყოფნის თუ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს?

– ამ ბოლო დროს სახის კანს უფრო განსაკუთრებულად ვუვლი, ვიდრე ადრე, როცა მხოლოდ და მხოლოდ კრემით, ხანდახან კი მეზოთერაპიით შემოვიფარგლებოდი. ახლა სახის მოვლის სხვადასხვა პროცედურას ვიტარებ.

ჩემი აზრით, 30 წლის შემდეგ ყველა ქალმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს თავის მოვლას, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერსახე.

ვფიქრობ, რომ წელიწადში 2-3-ჯერ აუცილებელია ბიორევიტალიზაცია. ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს სხვადასხვა ნიღბები, რომლებიც აფთიაქში იყიდება. დამატენიანებლები კარგად აჯანსაღებს სახის კანს. იშვიათად ბუნებრივ საშუალებებსაც მივმართავ. ჰერკულესი, თაფლი და, რაც მთავარია, კარგი ხარისხის კრემი აუცილებელია სახისთვის.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ ამისთვის თანხა არ დავიშურო.

– ნიღბებს თავად ამზადებთ?

– კი, მე ვამზადებ. ინტერნეტში რომ ვნახავ, ვიმახსოვრებ და მერე ვცდი ხოლმე.

– ალბათ მაღალი ხარისხის კრემებს იყენებთ.

– რაც გინდა მაღალი ხარისხის პროდუქცია გამოიყენო, სატელევიზიო მაკიაჟი მაინც მოქმედებს კანზე. ჯობია, უმაკიაჟოდ იყო, მაგრამ ჩვენი პროფესიის ადამიანებს ამის ფუფუნება არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, პირველი და მთავარი, რაც შემიძლია ვთქვა, მარტივი შესასრულებელია და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ დალიოს დღეში 2 ლიტრი წყალი. ეს ჯანმრთელობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ვიზუალისთვის, თმისთვის, სახის კანისთვის.

მეორეა კვება და ძილი. რაც გინდა მოუარო თავს, თუ სწორად არ იკვებე, სრულფასოვნად არ გამოიძინე, აუცილებლად აისახება გარეგნობაზე. ამას ადრე არ ვითვალისწინებდი. 18-20 წლის ასაკში ამგვარ რჩევებს ნაკლებად აქცევ ყურადღებას, რადგან ყველაფერს ბუნებრივად აღიდგენ. როცა ასაკი გემატება, უძილობა და სტრესი სახის კანზე აღიბეჭდება. აქედან გამომდინარე, უნდა დავლიოთ წყალი, საკმარისად გვეძინოს.

ვცდილობ, ადრე ავდგე, ვივარჯიშო. კვებასაც ბოლო დროს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. დიდი ხანია აღარ ვჭამ პურსა და ცომეულს. ვიცი, რომ ასეც არ შეიძლება, პურიც საჭიროა, მაგრამ ცომეული ამოღებული მაქვს ჩემი რაციონიდან.

– რამდენი ხანია?

– ძალიან დიდი. ალბათ 15 წელი, შეიძლება უფრო მეტიც. გარდატეხის პერიოდიდან უარი ვთქვი პურზე. ვცდილობ, ვიკვებო ჯანსაღად, მივიღო ხორცი, თევზი, ხილი, ბოსტნეული და ა. შ.

რა თქმა უნდა, ღამით არ ვჭამ – არასოდეს ვჭამდი და ასეც ვაგრძელებ. იშვიათად, წვეულებასა ან დაბადების დღეზე თუ მომიწევს, იქაც ცოტას ვჭამ.

რაც შეეხება სწრაფ კვებას, მას არასოდეს მივმართავ. “მაკდონალდსის” და მსგავსი ტიპის საჭმელი ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვჭამ. ბავშვსაც ძალიან იშვიათად ვაჭმევ იმიტომ, რომ ამგვარი საკვები საზიანოა.

– ვარჯიშს რა დრო ეთმობა თქვენს ცხოვრებაში?

– ვარჯიში აუცილებელია. 7 წელია ვვარჯიშობ. 4 წელია კრივზე დავდივარ და მომწონს. ეს მარტო კრივი არ არის, კრივი და ფიტნესია ერთად.

– ქალის ერთ-ერთ მთავარ მშვენებას, თმას, როგორ უვლით?

– თმა ჩემი მტკივნეული წერტილია იმიტომ, რომ ყოველთვის რაღაც ექსპერიმენტს ვატარებ ბავშვობიდან და ძალიან ხშირად მაქვს დაზიანებული, ამიტომ აქაც სხვადასხვა ნიღბებს ვტესტავ და ვცდილობ, რომ გავიჯანსაღო. გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ვსვამ ასევე ვიტამინს, რომელიც თმას აჯანსაღებს და ასევე სახის კანსაც.

ამ ბოლო დროს ვცდილობ, რომ ექსპერიმენტები აღარ ჩავიტარო და თმა არ გავიღიაო, რადგანაც იფიტება, ფუჭდება. თმას ძალიან ცუდად ვექცეოდი და ამ ექსპერიმენტების შედეგად არ მქონდა ისეთი, როგორიც უნდა მქონოდა. თმის მოვლის ძალიან ბევრი კარგი საშუალება გამოვიდა ახლა.

ჩემი კოსმეტოლოგი ბუნებრივ ნიღბებსაც მიმზადებს, რომლებიც ეთერზეთებისგან შედგება. არსებობს თმის გამაჯანსაღებელი მეზოთერაპიაც. ვისაც არ აქვს ამის საშუალება, შეუძლია, მიმართოს ხალხურ მედიცინას, რომელსაც მეც ვიყენებ.

– ყოველდღიურად როგორი მაკიაჟია მისაღები, თქვენი აზრით?

– მე არ მიყვარს მძიმე მაკიაჟი, ეკრანზეც კი ვცდილობ, არ გადავიტვირთო. ყოველდღიურად შეიძლება კონტური გაიკეთონ ან ტუჩისფერივე ტუჩსაცხი იხმარონ. ზოგს ყოველდღიურად მკვეთრი პომადა უსვია, ძალიან უხდება და მომწონს, მაგრამ თუ მკვეთრ პომადას ისვამ, მაგალითად, ჟოლოსფერს, უკვე აღარ არის საჭირო თვალის დატვირთვა. წითელი პომადა და მხოლოდ და მხოლოდ ტუში თვალზე უკვე ძალიან ეფექტურია.

არ მგონია, რომ მამაკაცებს მოსწონდეთ ზედმეტი მაკიაჟი. ისეთი ბიჭი არ შემხვედრია, რომელიც მეტყოდა, ძალიან მომწონს დახატული ქალიო. მთავარია, კაცი რომ შემოგხედავს, მოვლილი იყო და გქონდეს მინიმალური მაკიაჟი.

რამდენი ხანი უნდებით ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთებას?

– ძალიან მალე ვიკეთებ ხოლმე, 20 წამში (იცინის).

– რომელი ნაკვთის გამოყოფა გიყვართ?

– ტუჩის და თვალის.

– თქვენი ეკრანული იმიჯი განსხვავებულია ყოველდღიურისგან?

– არა მგონია. ყოველდღიურად ძალიან მკვეთრად არ მაცვია. არც ეკრანზე ვარ ძალიან გადატვირთული, თუმცა ეკრანზე მეტი მაკიაჟი მაქვს და უფრო აკადემიური ვარ. ცხოვრებაში კი უფრო თავისუფლად დავდივარ. ყოველდღიურად არ მიყვარს მაღალქუსლიანზე სიარული, ძალიან გამოპრანჭულად, პირიქით.

– ქალის სილამაზე, თქვენი აზრით, რა არის – გარეგნობა, ხასიათი, იდუმალი ხიბლი თუ კიდევ სხვა რაღაც?

– ყველაზე მნიშვნელოვანია, შინაგანად იყოს ლამაზი, კარგ ხასიათზე და ასხივებდეს ბედნიერებას. ღიმილშიც, როცა გაიღიმებს, ბედნიერება უნდა იღვრებოდეს. აქედან გამომდინარე, ყველაზე მთავარია შიგნიდან წამოსული განწყობა და შემდეგ უკვე ვიზუალი, გარეგნული მხარე.

– როგორ ფიქრობთ, რა არის ქალის ბედნიერების გასაღები?

– ქალის ბედნიერების გასაღები არის ოჯახი – მე ასე მგონია. მართალია, ვამბობთ, ქალები წარმატებული ვართ კარიერაში, ბედნიერები ვართო, მაგრამ მეორე ნახევარი როდესაც გყავს გვერდით, კაცი, რომელსაც უყვარხარ და შვილი, რომელიც ყველაზე მთავარია ამ ცხოვრებაში, ეს არის ბედნიერება.

– ეკრანმიღმა როგორი ხართ?

– მაინც სულ დაკავებული.

– შინაგანად?

– მაქვს ხოლმე მელანქოლიური მომენტები, მაგრამ ამ ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ და ვცდილობ, უფრო მეტად მოვმართო ჩემი თავი, არ მოვეშვა, არ დავიღალო. ხშირად ვიღლები და ხანდახან მიფიქრია, რომ არა, აღარ მინდა, მეზარება, მაგრამ იმდენად დიდი სამეგობრო წრე მყავს, ჩემს ოჯახში იმდენად ბევრნი ვართ, ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს და მაბედნიერებს.

შინაგანად ეკრანმიღმა ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ნებისმიერი ადამიანი – პრობლემებით, განცდებით, წყენით, სიყვარულით და ა. შ.

– ქალის გარეგნობაში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?

– მე არ ვთვლი, რომ იდეალურია, როცა ქალი მაინცდამაინც ჰგავს მონიკა ბელუჩის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი. სამწუხაროდ, ბოლო დროს მოდაში შემოვიდა, რომ ტუჩი უნდა გქონდეს დაბერილი, ცხვირი – პატარა, თვალის კიდეები – აწეული და ამ მოდამ ძალიან ბევრი ქალი დაამსგავსა ერთმანეთს.

მომწონს, როდესაც ქალი არის ინდივიდუალური თავისი გარეგნობით. რა თქმა უნდა, თუ გაქვს ძალიან ცუდი ცხვირ-ტუჩი, პატარ-პატარა კორექცია გამართლებულია, მაგრამ მთავარია ზომიერება.

– თქვენ გარეგნობაში არასდროს არაფერი შეგიცვლიათ?

– შეცვლით არა, უბრალოდ მიცდია, რომ ტუჩის მოცულობა გამეზარდა. ეს იყო ადრეულ ასაკში და იმდენად არ მომიხდა, მივხვდი, ეს ჩემი არ იყო და დავიბრუნე ტუჩის ბუნებრივი ფორმა. სხვა მხრივ, არაფერი შემიცვლია.

– პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხართ?

– მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა მიმართოს პლასტიკურ ქირურგიას, თუ თავისი იერ-სახე აწუხებს და თუ ეს უფრო ლამაზს გახდის მას.

– სამკაულები გიყვართ?

– ბრილიანტები და ასეთი რაღაცები – არა, უფრო მეტად ბიჟუტერიას ვხმარობ. ძალიან მიყვარს საყურეები და ბეჭდები, ბევრი მაქვს. მანებივრებენ კიდეც და ძალიან ბევრს მჩუქნიან. ყელსაბამებს ნაკლებად ვხმარობ.

– არის რაიმე ისეთი, რასაც არასოდეს ჩაიცვამს ნინი ბადურაშვილი?

– არის ბევრი ისეთი რამ, რასაც არასოდეს ჩავიცვამ, მაგალითად, ვულგარულად.

– სარკიდან ვინ გიმზერთ?

– ჩემი თავი – ხან დაღლილი, ხან ბედნიერი, ხანაც სევდიანი, მაგრამ, ყოველთვის მოტივირებული, არასოდეს ყურებჩამოყრილი. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ვარ მელანქოლიურ ხასიათზე. ეს ადამიანური ამბავია და ყველას გვაქვს ამგვარი წუთები ცხოვრებაში.

არასოდეს მიმზერს სარკიდან უიმედო და ფარხმალდაყრილი ნინი. ყოველთვის ვარ აქტიური, მიზანსწრაფული. ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ თავს მივცე სტიმული, არ მოვდუნდე.

– ანუ დეპრესია არასდროს გქონიათ?

– რასაც ჰქვია ნამდვილი დეპრესია, არა. უფრო მეტად მოწყენილობა, ვიდრე დეპრესია.

 ირმა ჭკუასელი, ჟურნალი სარკე