ეროსი კიწმარიშვილი: ,,როცა ივანიშვილი ,,რ2″-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხედოს”

ეროსი კიწმარიშვილი: ,,როცა ივანიშვილი ,,რ2"-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხედოს"ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან ზუსტად 5 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლომ ,,რუსთავი 2″-ი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებამ დღეს ბევრს კიწმარიშვილის სიტყვები გაახსენა.

,,მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, როცა „რუსთავი 2″-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხდოს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც ისეთი, რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს. აქვე მოვუწოდებ მას, რომ თუკი როგორც ერთ-ერთ ვიდეოში აცხადებს, ქიბარ ხალვაშმა და მან რაიმე ისეთი იციან, რაც მე არ ვიცი, ან ხამამაღლა გამოცხადოს, ან როგორც იტყვიან,  სამუდამოდ გაჩუმდეს”, – ამბობდა 2012 წელს.

,,მეც მქონდა ტელევიზია, ბიზნესი და საყვარელი საქმე, მყავდა მეგობრები და ეს ყველაფერი იმისათვის დავთმე, რომ ეს რევოლუცია მომხდარიყო…

მე და ჩემმა პარტნიორმა დათო დვალმა გადავწყვიტეთ, რომ კომუნიკაციების ბიზნესში გადავრთულიყავით. “რუსთავი 2” კი საზოგადოებრივ ტელევიზიად გადაგვექცია. მე ვუთხარი სააკაშვილს, რომ ვაპირებდი ტელევიზიის აქციები ჟურნალისტებისთვის და საზოგადოების პატივსაცემი ადამიანებისთვის მეჩუქებინა. საქმე ის იყო, რომ ტელევიზიას ყოველწლიურად 3 მილიონი დოლარი დეფიციტი ჰქონდა, რომელსაც “ჯორჯიან ონლაინის” თანხებით ვავსებდით. ამ პროექტს კი ბალანსის გამოსწორების გარეშე ვერ განვახორციელებდი.

ეს დეფიციტიც, პატარკაციშვილის გამო გაგვიჩნდა. ვინაიდან 2001 წელს ჩვენ უკვე მომგებიანი კომპანია გავხდით, ბადრიმ ხელოვნურად გაზარდა ფასები, მე თუ ვუხდიდი ოპერატორს 300 ლარს, მან 1000 დაუნიშნა, ჟურნალისტს ჩემთან თუ ჰქონდა მაქსიმუმ 1000 ლარი, ბადრიმ 1500 დაუნიშნა. მე თუ სერიალს ვყიდულობდი 50 დოლარად, ამან 500 დოლარად იყიდა. მე მეუბნებოდნენ – კი, ძველი მეგობარი ხარ, მაგრამ 500 დოლარს თუ არ გადაიხდი, მაშინ “იმედს” მივყიდით. საერთაშორისო ბაზარზეც გააქტიურდა.

მან “გლობოს” ექსკლუზივი აიღო და ბრაზილიური სერიალები დაისაკუთრა. კონკურენცია აუტანელი გახდა. შემოსავალი იგივე გვქონდა, ხოლო ხარჯი რამდენჯერმე გაიზარდა. ამას უფრო ომის ხასიათი ჰქონდა, ვიდრე კონკურენციის. მეორეს მხრივ, კომპრომისს ხარისხთან დაკავშირებით არ ვაკეთებდით, ვერც ჟურნალისტს შევუმცირებდით ხელფასს, ისეც ოპტიმიზირებული იყო ყველაფერი.

გარდა ამისა, მე და ჩემს პარტნიორებს გვსურდა, ჩემი “რუსთავი 2” ისევ დამოუკიდებელ, თავისუფალ ტელეკომპანიად გვექცია. მე რევოლუციის ერთ-ერთი ავტორი ვიყავი და პოლიტიკურ პროცესებში საკმაოდ ჩაბმული, რაც ჩვენს ჟურნალისტებს მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის ხელს უშლიდა. ამიტომ, ტელევიზიიდან ჩემი დისტანცირებით ტელევიზია მეტად თავისუფალი გახდებოდა. თავად ჟურნალისტებიც არჩევანის წინაშე დადგნენ, ახალი ხელისუფლების წევრებთან მეგობრობდნენ და ესეც ხელს უშლიდა ობიექტურად მოვლენების გაშუქებას.

ჟურნალისტები შევკრიბე და ვუთხარი, ვისაც გინდათ ჟურნალისტობა, დარჩით, ვისაც გინდათ თანამდებობა, არჩევანი გაქვთ და წადით. გურამ დონაძე პირველი გაიქცა, ნანა ინწკირველიც წავიდა, ტაბატაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მიშა მას ეკონომიკის მინისტრად ნიშნავდა, მერე ადგა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. ესე წყვეტდა საკადრო პრობლემებს.

ერთ დღესაც სააკაშვილმა დამირეკა და კრწანისის რეზიდენციაში ასვლა მთხოვა, ის ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდა.

ავდივარ კრწანისში, ლავრენტი ბერიას ყოფილ სახლში. ძალიან ლამაზი სახლია, სადაც ორი ასასვლელია, თუ ეზოდან შედიხარ მარმარილოს ფოიეში ხვდები, მერე დიდი დარბაზია ბუხრით, საიდანაც აივანზე გადიხარ და თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. მიშამ მთელი ეს ტერიტორია, სახლიან-ზოიანად 10 მილიონად გაყიდა…

პირველი შეხვედრა  ივანიშვილთან

ბერიას სახლში მხვდება მიშა და კიდევ გამხდარი, ინტელიგენტური გარეგნობის, ფერმკრთალი სადღაც ასე 45 წლის კაცი. ძვირფას, მაგრამ სადა კოსტიუმში, ნაქსოვ პერანგში. მთლად ქართული იერი არ აქვს, გარეგნობასა და ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ მდიდარია.

იმ პერიოდში, სადაც მივდიოდი, ყველგან პირდაღებულები მხვდებოდნენ, ცოცხალ ლეგენდასავით მიყურებდნენ. ამ კაცს დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, მსგავსი არაფერი გამოუხატავს, თავისუფლად მშვიდად შემხვდა. ამან გამაკვირვა და ცოტა დავიძაბე, ჩავთვალე, რომ ან ქართველი არ იყო, ანაც მე საერთოდ არ მიცნობდა.

ამასობაში, მიშამ. ერთმანეთი გაგვაცნო და გავიგე, რომ ის ყველაზე მდიდარი ქართველი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, რომელზეც მეც და მთელ ქვეყანასაც უამრავი ლეგენდა სმენია. ჩემთვის მოულოდნელად ის მიშასთან ძალიან დაახლოებული აღმოჩნდა.

არჩევნებსა და რევოლუციის წინა პერიოდში ივანიშვილი მიშას მთავარი დონორი იყო. ჟვანიას და კიდევ სხვა პარტიებს პატარკაციშვილი აფინანსებდა. ჟვანია ცდილობდა, რომ სააკაშვილისგან ცალკე გამოსულიყო არჩევნებში, რასაც მე ვაპროტესტებდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ერთიანი ძალით უფრო იოლად დავამარცხებდით შევარდნაძის რეჟიმს.

ეს მცდელობა ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისას მქონდა, მაგრამ ამათი გაერთიანება არც მაშინ მოხერხდა. ჟვანიას გარემოცვის წევრები, სააკაშვილს კრიმინალებისაგან დაფინანსების გამო აკრიტიკებდნენ. ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თვითმართველობის არჩევნებში კანონიერმა ქურდმა, ტარიელ ონიანმა დააფინანსა, რაც ფანტაზიის სფერო სულაც არ არის. სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია მეგობრობს ბიზნესმენ მიხეილ სურგულაძესთან, რომელიც თავის მხრივ ტარიელ ონიანის უახლოესი მეგობარიცაა.

სააკაშვილმა მე და ბიძინა ერთმანეთს გაგვაცნო და რამდენიმე ხნით მარტო დაგვტოვა. ბიძინამ საუბარი ძალაუფლებას შეჩვეული კაცის ტონალობით დაიწყო. ის შეჩვეულია ამ ტიპის საუბარს, როცა მისი ნათქვამი განხილვას აღარ ექვემდებარება.

,,მიხარია, რომ გაგიცანით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რაც გააკეთეთ. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ეს რევოლუცია არ მოხდებოდა. სულ მქონდა განცდა, რომ ,,რუსთავი 2″-ს გაყიდდით. მე ვიცოდი, რომ ბადრის თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ტელევიზიის ყიდვა, ამის გამო ვაფინანსებდი “მე-9 არხს”, რომ მთელი სატელევიზიო სივრცე მას არ გაეკონტროლებინა”, _ მითხრა მან.

ბადრის მიმართ უარყოფითად საუბრობდა, რაც გულზე სალბუნივით მომხვდა. გამეხარდა იმ ფონზეც, რომ სააკაშვილი და ჟვანია მასთან დამეგობრებას ცდილობდნენ. ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო.

”მე მინდა მადლობა გამოვხატო თქვენ მიმართ და რახან ბადრი დამარცხდა, მე “მე-9 არხი” აღარ მჭირდება, თქვენ გაჩუქებთ მის ტექნიკას, სიხშირეს, შენობებს და რაც მოგეწონებათ ყველაფერი წაიღეთ.”

გამიხარდა. კაცი მეცენატია, გჩუქნის. რაც შეეხება პერსონალს, თუ ვინმეს საჭიროდ ჩათვლით თქვენთან გადაიყვანეთ, დანარჩენებზე მე ვიზრუნებ, ქუჩაში რომ არ დარჩნენო.

ასე მოხვდა “რუსთავი 2”-ში ანუკა ქინქლაძე, ჩართვის მეორე მანქანა, “ტოიოტას” ჯიპზე დამონტაჟებული უძვირფასესი ტექნიკა. ბევრი არაფერი წამომიღია, ძირითადად, ბიძინასაც წეწავდნენ, ბევრი ფული ჰქონდა გადაყრილი.

“მე-9 არხის” ტერიტორიაც დავათვალიერეთ, ნაგებობები ვნახე, ფეხით მოვიარე და ჩვენთვის ეს ადგილი უინტერესო აღმოჩნდა. ახლა სადაც “ორთაჭალის ტურფა” შენდება, ეს ის ტერიტორიაა, მერე ამ მიწის გამო დიდი ხმაური ატყდა და ნაცემი დეპუტატი გელაშვილი რეანიმაციაშიც მოხვდა. ჩვენ გვაჩუქეს და უარი ვთქვით.

ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ტელევიზიის აქციების დარიგებას და მის საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაქცევას ვაპირებდით. ამ თემაზე თვითონ ჩამოაგდო საუბარი. თავად შემომთავაზა დახმარება ამ პროექტის განსახორციელებლად.

მან მითხრა, რომ “რუსთავი 2″-ის ანგარიშზე 20 მილიონ დოლარს ჩარიცხავდა, რათა ტელეკომპანიას დეფიციტი აღარ შექმნოდა, ხოლო მომავალი აქციონერების სია, ერთად უნდა ჩამოგვეწერა. ის აპირებდა ჩვენთვის ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის მატერიალური კომპენსაცია გადაეხადა.

მას სურდა, რომ ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ისევ მე დავრჩენილიყავი, თუმცა, მე ვიუარე, ვინაიდან ზუსტად იმიტომ გავდიოდი ტელევიზიიდან, რომ ჩემი სახელი უკვე ხელს უშლიდა მას ობიექტურობაში.

,,ერთადერთი თხოვნა მაქვს, ეს ჩვენი შეთანხმება საიდუმლოდ დარჩეს, მე რუსეთში ვშოულობ ფულს და არ მინდა, პუტინმა და რუსეთის ხელისუფლებამ გაიგოს, აქ რას ვაკეთებ, ამის გამო შესაძლოა პრობლემები შემექმნას”, – მთხოვა მან.

მე ვუთხარი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებ, არის ჩემი პარტნიორი დათო დვალი, მას ჩემს თავზე მეტად ვენდობი და პასუხს ვაგებ. თან ჩემს ინტერესში არ შედის ამ პროექტის ხელის შეშლა.

ამ საუბარს სააკაშვილიც ესწრებოდა, ისიც კმაყოფილი ჭყლოპინებდა. ერთმანეთს კარგად დავშორდით.

ამის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, ორჯერ შევხვდით ერთმანეთს. “ქართუს” შენობაში ერთად ვისადილეთ მე, ბიძინამ და კახა ლომაის ძმამ, რომელიც “ქართუ ჯგუფს” ხელმძღვანელობდა. ჩვენი პროექტის ირგვლივ დეტალებს ვათანხმებდით, თითქმის დავმეგობრდით, მართლა სასიამოვნო იყო ჩემთვის ასეთი ალტრუიზმი, ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვეხმაროს, ამხელა მატერიალურ დანახარჯზე მიდიოდა.

ერთ მშვენიერ დღეს, ბიძინა გაქრა. მე მასთან შეხვედრაზე მივედი და მის ნაცვლად ლომაიას ძმა დამხვდა, რომელმაც გადმომცა, რომ ივანიშვილს ჩხარტიშვილმა დაურეკა და ჰკითხა _ მართლა “რუსთავი 2”-ს ყიდულობო? ამის მერე ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარ მინახავს. არც მიცდია მისი მოძებნა, მაგრამ გამოვიდა, რომ მან რაღაც მთხოვა და მე ეს ვერ შევასრულე.

ბიძინამ 20 მილიონი ვანო მერაბიშვილს მისცა, ვანომ და მაგ ბიჭებმა სად წაიღეს ეს ფული, მათ გარდა არავინ იცის.

ვიღაცამ ჩვენი შეთანხმება გაახმაურა, რაც პირობის დარღვევა იყო. ზუსტად ვიცი, რომ მე და დვალს არავისთვის არაფერი გვითქვამს, ეს არანაირად გვაწყობდა. ლომაიას ძმა, ივანიშვილის თანამშრომელი იყო და ამას ნამდვილად ვერ გაბედავდა, ეს მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა.

რჩება მხოლოდ მიშა სააკაშვილი. შედეგიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება მან ჩაშალა. მას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სატელევიზიო არხი არ სჭირდებოდა. ასეთ არხს ვერც ხელში ჩაიგდებდა, როგორც ეს მოგვიანებით გააკეთა და ძნელადაც თუ გააკონტროლებდა, ვინაიდან აქციებს საზოგადოებისთვის ნაცნობ წესიერ და პრინციპულ ადამიანებს ვჩუქნიდით. ისე როგორც აკონტროლებს ვითომ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთებულ “1 არხს”. ამიტომ, ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მიშას ინტერესში არ იყო ჩემი და ივანიშვილის შეთანხმება.

ამ პერიოდში მახსოვს, ირაკლი ჩუბინიშვილმა საკრალური ფრაზა მითხრა, რომელიც თავში ჩამრჩა – მიშას ,,რუსთავი 2″ -ის ეშინია და იძახის, არ მინდა,  რაღაც დროის მერე ,,რუსთავი 2″-ზე, ,,60 წუთში”, ჩემზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადონ, სადაც აღწერილი იქნება, რომ მე სახლი მაქვს ლონდონშიო. მას ეშინოდა ,,60 წუთში” მოხვედრის, ამ გადაცემის ნახევარი თანამშრომლები უშიშროების სამსახურში გადაიყვანა სამუშაოდ და ბიძინას შემოთავაზება დაბლოკა. ისე გააკეთა ყველაფერი, რომ ვითომ თავად მე დავარღვიე შეთანხმების პირობა.

ბიძინამ სიტყვა შეასრულა, ყველაფერი, რასაც დაგვპირდა, გადმოგვცა, მაგრამ გაქრა. როგორც ვიცი, შემდეგ, მან ის 20 მილიონი ვანო მერაბიშვილს მისცა, რომლის მცირე ნაწილი ,,რუსთავი 2″-ის წილის გამოსყიდვისას დათო დვალს გადაუხადეს, დანარჩენი ვანომ და მაგ ბიჭებმა სად წაიღეს მათ გარდა არავინ იცის”, – ამონარიდები ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერებიდან.

ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი 2014 წლის 15 ივლისს იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ეს იყო თვითმკვლელობა.