,,არ მინდა, ჩემს შვილს დაემართოს ის, რაც მე დამემართა” – მარტოხელა დედას მძიმე სენთან ბრძოლაში დახმარება სჭირდება

,,არ მინდა, ჩემს შვილს დაემართოს ის, რაც მე დამემართა" - მარტოხელა დედას მძიმე სენთან ბრძოლაში დახმარება სჭირდებათამარ დვალი რამდენიმე წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. მას საკვერცხის კიბო აქვს. მარტოხელა დედაა და 8 წლის გოგონა ჰყავს. მკურნალობისა და მედიკამენტისთვის კი დიდი თანხა სჭირდება:

– ჩემი დიაგნოზია საკვერცხის კიბო, რომელიც ძალიან რთულად იკურნება. ამ დაავადების შესახებ 2016 წელს გავიგე. აღმოჩნდა, რომ გენეტიკურია. ამავე დიაგნოზით დამეღუპა 37 წლის დედა, მე 9 წლის ვიყავი. სულ მქონდა შიში, უდედოდ რომ გავიზარდე, იგივე არ განმეორებულიყო. მყავდა ჩემზე ერთი წლით პატარა და. მასაც იგივე დაემართა, სრულიად შემთხვევით. ახალი გათხოვილი იყო, შვილი უნდოდა, მკურნალობდა და მაშინ აღმოაჩინა. სამწუხაროდ, სამწელიწადნახევარში დაიღუპა.

დედას 4 ძმა ჰყავდა, ოთხივე სიმსივნით დაიღუპა. ბიძაშვილიც საკვერცხის კიბოთი დამეღუპა. სრულიად ახალგაზრდა, 3 წლის შვილი დარჩა. მე 8 წლის ბარბარე მყავს და უკვე ორივე ხაზის ქიმია მაქვს გაკეთებული. სამწუხაროდ, მედიკამენტი, რომელიც ახლა სასწრაფოდ მჭირდება, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არ ფინანსდება.

შარშან ჩვენი უბნის დეპუტატი, ლევან დავითაშვილი, მაფინანსებდა. მარტოხელა დედა ვარ და საბავშვო ბაღში ვმუშაობ… ჩემი შემოსავალი 575 ლარია. არ მიბეგრავს სახელმწიფო იმიტომ, რომ მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. მცირეოდენი წყალი მაქვს მუცელსა და მენჯის ღრუში. მერიაშიც შევიტანე განაცხადი, რომ დაფინანსება მივიღო.

– ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გეხმარებათ?
– საყოველთაო ჯანდაცვა, სამწუხაროდ, არა. პირველი, მეორე ხაზის ქიმია შედის, მედიკამენტი, რომელიც მე მჭირდება – ალთუზანი არა. საკმაოდ ძვირად ღირებულია. ერთი ამპულა 1700 ლარი ღირს. სასწრაფოდ მჭირდება 9 ამპულა. ეს არის საჭირო დაავადების შესაჩერებლად, რომ ღვიძლში არ შეაღწიოს.

– საზღვარგარეთაც ხომ არ იტარებთ მკურნალობის კურსს?
– არა, მაგის საშუალება მე ნამდვილად არ მაქვს. მე საზღვარგარეთზე ვერც შევძლებ ოცნებას. საქართველოში ვიტარებ მკურნალობას და ექიმს ვთხოვე, რომ ცოტა ხანს მაცოცხლონ. ჩემი მკურნალი ექიმი, ქიმიოთერაპევტი, ეკა დგებუაძეა. კონსილიუმსაც ატარებენ, რომ როგორმე დაძლიონ ჩემი დაავადება და გამიხანგრძლივონ სიცოცხლე.

ისტორია რომ მეორდება, ამაზე ცუდად ვხდები. არ მინდა, ჩემს შვილს დაემართოს ის, რაც მე დამემართა. ვოცნებობ, 10 წელი მაინც ვიცოცხლო, რომ ბავშვი 16-17 წლის იყოს. მეუღლე არ მყავს. დის იმედი მქონდა და ისიც გარდაიცვალა. ნათესავებიც მაინცდამაინც არ გამოირჩევიან დიდი ყურადღებით. ჩემი ბავშობის მეგობრები, კლასელები, ჯგუფელები უფრო იჩენენ ინიციატივას, ვიდრე ნათესავები. ახლა ძალიან მოვიმატე წონაში. ორგანიზმი უკვე მომეშალა. წონაც რომ მაქვს, წამლის დოზაც მეტი მჭირდება…

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეგიძლიათ:

GE33TB7915045061100032

მიმღები: თამარ დვალი

მასალა მოამზადა მშობლები.ჯი-მ