ნუცა შანშიაშვილი: ,,სახის აჭიმვას აუცილებლად გავიკეთებ, ნაოჭებს ვერ შევეგუები”

ნუცა შანშიაშვილი: ,,სახის აჭიმვას აუცილებლად გავიკეთებ, ნაოჭებს ვერ შევეგუები"მომღერალ ნუცა შანშიაშვილის ცხოვრებასი აქტიური და საინტერესო პერიოდი დგას. ის ამის შესახებ ჟურნალ ,,სარკეს” უამბობს:

– ახლა ჩემს ცხოვრებაში ენერგიული მუშაობის ეტაპი დგას. მზად ვარ, ისევ დავუბრუნდე ჩემი ცხოვრების არანორმალურ რიტმს, როდესაც დილით ერთ ქალაქში ვიყავი, საღამოს მეორე ქალაქში – გასტროლებზე.

ჩემი შვილის გამო ბოლო ექვსი წელი ბევრ გასტროლზე ვთქვი უარი, მოხეტიალე ცხოვრებას შევეშვი და მხოლოდ თბილისით და ნიუ იორკით შემოვიფარგლე. ახლა კი ვიბრუნებ ჩემს ძველ ცხოვრებას.

– ხმები გავარდა, რომ ქართველ პლასტიკურ ქირურგთან გარკვეული პროცედურები ჩაიტარეთ.

– არა, ეს ნამდვილად ჭორია. უბრალოდ, სურვილიც რომ მქონოდა, დრო აღარ იყო ამის. სახე როგორც კი დამინაოჭდება, ამას ვერ შევეგუები, აუცილებლად გავიკეთებ სახის აჭიმვას. უკვე ვფიქრობ, რომ დროა პლასტიკურ ქირურგს მივმართო, მაგრამ არ ვიცი, ამას თბილისში გავაკეთებ თუ ნიუ იორკში.

– ყოველთვის კარგ ფორმაში ხართ, როგორ ინარჩუნებთ ასეთ გარეგნობას?

– ჩემი ცხოვრების რიტმი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ფორმაში არ ვიყო. მთელი დღე იმდენს დავრბივარ, შეუძლებელია, ზედმეტი კილოგრამები მქონდეს. რა თქმა უნდა, კიდევ მაქვს ჩემი რიტუალები, ყოველ დილით ვლოცულობ და შემდეგ ვიწყებ ვარჯიშს. იოგა ძალიან მეხმარება, ვიყო ფორმაში. ყველას ვურჩევ, თუნდაც მხოლოდ ერთი “მზის მისალმების” ვარჯიში რომ გააკეთოს ყოველდღე, აუცილებლად ფორმაში იქნებიან.

სხეულის გაწმენდის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ყოველ დილით უზმოზე სამი ჭიქა თბილი წყლის დალევა და 45 წუთის განმავლობაში არაფერი უნდა ჭამოთ. ვერასოდეს ვიცავ დიეტას, უბრალოდ ვცდილობ, ალკოჰოლი და ცომეული შევზღუდო.

– მთელი საუბრის განმავლობაში ერთხელაც არ გიხსენებიათ ქმარი.

– ქმართან მიმართებაში მაქვს ყველაზე მშვიდი და წყნარი პერიოდი. ჩვენს შორის არის სრული ჰარმონია, ძალიან დიდი სიმშვიდე. წლებმა თავისი ქნა და უკვე ყველაფერში უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.

– რა აკლია თქვენს ცხოვრებას ახლა ყველაზე მეტად?

– ის საგასტროლო ცხოვრება, რომელიც ყოველთვის მქონდა და მეგონა, რომ ასეთმა ცხოვრებამ დამღალა. სინამდვილეში გიჟური საგასტროლო ცხოვრება ჩემთვის ყველაზე მთავარია. მე საგასტროლო და დატვირთული ცხოვრებისთვის ვარ შექმნილი. 2006 წლის შემდეგ თბილისში გრანდიოზული კონცერტი არ მქონია, ამიტომ მინდა, ფილარმონიაში ძალიან კარგი კონცერტი გავაკეთო. ნიუ იორკში კონცერტის შემდეგ აუცილებლად დავიწყებ მუშაობას თბილისურ კონცერტზე. მინდა, ქართველ მსმენელს დაუვიწყარი და მაგარი შოუ კონცერტი ვაჩუქო.

 ავთო ჩიტიძე, ჟურნალი სარკე