კრისტის სამოდელო რეცეპტები

კრისტის სამოდელო რეცეპტებიკრისტი უკვე 24 წელია, რაც მოდელია. დღეს, 41 წლის ასაკშიც, ამბობს, რომ სანამ მოთხოვნადი იქნება, პოდიუმიდან არ ჩამოვა. მისი თქმით, ამ საქმეში ასაკი არ არის განმსაზღვრელი, გადამწყვეტი ფაქტორი აღნაგობაა და ის, თუ რამდენად კარგად გამოიყურები. მას სურს, თავის მოვლის საშუალების რაიმე პროდუქტი თავად შექმნას. ამის შესახებ მოდელმა  ,,სარკეს” უთხრა.

კრისტი:

– ეს იქნება დაკავშირებული თავის მოვლასთან. უნდა იყოს პროდუქტი, რომელიც ყველა ქალს გაალამაზებს. მინდა, ჩემი ხაზი გამოვუშვა.

– თვითონ რა პროცედურებს მიმართავთ, მოდელის გარეგნობა რაც შეიძლება დიდხანს რომ შეინარჩუნოთ?

– იცით, მე ყოველთვის ვამბობ, ძალიან დიდი მადლობა ჩემს გენეტიკას! განსაკუთრებულს არაფერს მივმართავ, რაღაც ოპერაციები ან ჩარევები სახეზე არ მაქვს. ხელოვნურად არ მინდა საკუთარი თავის გალამაზება.

ძალიან მიყვარს ნიღბები, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულიც. ვთქვათ, ყავის ნიღაბი შემიძლია გავიკეთო მე თვითონ სახლში. შეიძლება კვერცხი და თაფლი აურიოთ ერთმანეთში.

არის ასევე ბევრი კარგი ბრენდის საშუალებები, რომლებსაც მოვიხმარ. ლოსიონით კარგად უნდა გაიწმინდო სახე, მერე თხევადი საპნით კარგად ჩამოიბანო. შემდეგ უკვე არის თიხის საპონი, აი, ასეთი ნიღბები, რომლებსაც აწერია 15 წუთი, მაგრამ მე ერთი საათიც ვიჩერებ, რადგან მაქვს იმის დრო და ფუფუნება, რომ ვიყო სახლში და ვიკეთო მსგავსი პროცედურები.

ასევე ვცდილობ, დღეში 2 ლიტრამდე წყალი მივიღო. წყალს თუ არ დავლევ, კანი ძალიან გამომშრალი მაქვს. სულ ვაკონტროლებ, რომ პროდუქტები, რასაც ვიღებ, იყოს ნატურალური. არანაირი ცხიმი და მსგავსი რამ! მაგრამ მაინც გენეტიკას ვუკავშირებ, როგორც გამოვიყურები – დედაჩემი 60 წლისაა და ფანტასტიკურად გამოიყურება.

გარეგნობის შეცვლა თვითონაც შეგიძლია. აი, მაგალითად, თმა მოგბეზრდა და შეიჭერი ძალიან მოკლედ ან გადაიპარსე, შეიღებე. ამას ეშველება, რადგან ძალიან ცოტა ხანში თმა გაგეზრდება, მაგრამ, ვთქვათ, ახლა რომ გადავიკეთო ცხვირი ან რაღაც და არ მომეწონოს, მერე როგორ გადმოვიკეთო?! მე მაქვს ეს ხასიათი, საათში 500-ჯერ მეცვლება აზრი, ხან ასე მინდა, ხან ისე და მაინც პირველ ვარიანტთან ვბრუნდები.

ვთქვათ, სადღაც რომ მივდივარ, რამდენჯერმე გამოვიცვლი ტანსაცმელს, საბოლოოდ კი მაინც პირველ ვარიანტს ვუბრუნდები. ეს ყველაფერი ხდება, მაქსიმუმი, 15 წუთი, რადგან ძალიან სწრაფად ვიცვლი. ამის რეკორდები მაქვს მოხსნილი ჩვენებების დროს.

ახლა ასე აღარ არის. ჩემს ბავშვობაში იყო ასე, ერთხელ რომ გამოვიდოდი, სანამ მეორე გოგო გადიოდა და შემოდიოდა, მე უკვე მზად უნდა ვყოფილიყავი სხვა ტანსაცმლით. საოცარი რეკორდები მაქვს მოხსნილი, ერთ ჩვენებაზე 10-ჯერაც გამოვსულვარ, ახლა კი ერთს გაცმევენ და ხარ ბოლომდე იმაში.

– თქვენი გამოცდილებიდან რას ურჩევდით ახალი თაობის მოდელებს?

– პირველ რიგში, დროზე უნდა დაიძინო და გაიღვიძო. ძილი ერთ-ერთი მთავარია. დღის ძილი და ღამის ძილი ძალიან განსხვავდება. ამბობენ, რომ ღამის ძილი არის სილამაზის ძილი და კარგია, თუ დაიძინებ სადღაც 12-ზე მაინც, რომ დილის 8-9-მდე გეძინოს. ასევე მნიშვნელოვანია ნატურალური პროდუქტების მიღება.

ბუნებრიობა ყოველთვის იყო და იქნება მოდაში. აუცილებელია, იყო ისეთი, როგორიც ხარ, არ უნდა იყო ხელოვნური. არავის უნდა მიბაძო და ინდივიდუალიზმი შეინარჩუნო. მე, მაგალითად, არ მინდა, ვიღაცას ვგავდე, მინდა, ვიყო მე.

ძალიან ბევრი ფაქტორია საჭირო იმისთვის, რომ გახდე კარგი მოდელი. ბევრს მოდელი ჰგონია ადამიანი, რომელსაც კარგი გარეგნობა აქვს და მარტო უნდა იაროს პოდიუმზე. ის სიარულიც ძალიან რთულია, თუ არ გაქვს თუნდაც განათლება ან თანდაყოლილი ინტელექტი. არ არის აუცილებელი, ძალიან ბევრი წიგნი გქონდეს წაკითხული, მაგრამ უნდა გქონდეს შინაგანი სიმდიდრე.

რა თქმა უნდა, აუცილებელია სწავლა. არ შეიძლება, მიატოვო სწავლა და მარტო ფოტოებს გადაჰყვე. მე სულ ვასწრებდი ყველაფერს. მოდელობა რომ დავიწყე, ჰობი იყო, მაგრამ უკვე 24 წელი გავიდა და დღეს ეს ჰობი აღარ არის, ცხოვრების ნაწილია.

დავდივარ ერთ-ერთ ესთეტიკურ ცენტრში და იქ ვიკეთებ ძალიან საინტერესო პროცედურებს, ეს არის მასაჟი, რომ სხეულის ფორმები შევინარჩუნო. დარბაზში არ ვვარჯიშობ, არ მიყვარს. ჩემი ყველაზე საყვარელი ვარჯიში არის ცეკვა, მაგრამ კლუბებში აღარ დავდივარ და ვცდილობ, სახლში ვიცეკვო. ცეკვის დროს შინაგანადაც ძალიან კარგად იმუხტები. როცა ცეკვავ, ძალიან კარგ ხასიათზე დგები.

სულ უნდა იყო ძალიან კარგ ხასიათზე და ეს ხასიათი თვითონაც უნდა შეიქმნა. ამ დროს ბუნებრივიც ხარ და უკვე ლამაზადაც გამოიყურები. დამიჯერეთ, არ აქვს მნიშვნელობა, რა გაცვია, რა გასხია, რა გისვია, მთავარი არის, იყო ძალიან ბედნიერი.

თქვენ რა გიქმნით ბედნიერების შეგრძნებას?

– ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა რომელიმე კუნძულზე ან ქვეყანაში მივემგზავრები. შარშან, ზამთარში, ტაილანდში გახლდით და მაგ დროს ვიყავი ძალიან ბედნიერი, რადგან არაფერზე ვფიქრობდი. ვიყავი მზეზე, ზღვაზე და ეს იყო ძალიან ბევრი ენდორფინი, რაც მაბედნიერებდა. კარგ ხასიათზე რომ ვიყავი, ისე გამოვიყურებოდი, მე მგონი, 20 წლის გოგოს ვგავდი. ბედნიერი თვალები მქონდა და რაღაცნაირად არ ვფიქრობდი იმაზე, რა მეცვა.

– მოდელებისთვის ზოგადად რა ასაკობრივი საზღვრები არსებობს?

– მე მეგონა, რომ ვიმუშავებდი სადღაც 25 წლამდე, მაქსიმუმი, 30-მდე, მაგრამ უკვე 41-ის გავხდი და კვლავ მოთხოვნადი ვარ, ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იქნები მოთხოვნადი და არა – ასაკზე. მე პირადად, სადამდეც ვიქნები მოთხოვნადი, იქამდე ვიქნები სამოდელო სფეროში. ძალიან მიყვარს ეს საქმე, ჩემია.

ცხადია, ასაკი თავისას შვრება, მაგალითად, ადრე რაც უნდა ბევრი მეჭამა, მაინც არ ვსუქდებოდი, ახლა ცოტა და 2 კილო აქეთ-იქით მიდის.

– ითვალისწინებთ მოდის ტენდეციებს?

– მე ჩემი სტილი მაქვს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვითვალისწინებ რაღაც ტენდენციებს, მაგრამ ამას ძალიან გადაყოლილი არ ვარ.

დღეს მოდა გახდა ძალიან თავისუფალი. აი, მაგალითად, დემნა გვასალიამ ისეთი რაღაცები გააკეთა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მოდური, მაგრამ ძალიან მომწონს. ჩემთვის მთავარია, ნივთი დავინახო და ის შემიყვარდეს.

მე ყველაფერი კი არ მიხდება, მე ყველაფერს ვიხდენ – ეს არის ჩემი დევიზი. წარმოიდგინეთ, 24 წლის განმავლობაში რამდენი რაღაც მეცვა, ყველაფერი ხომ არ მომწონდა, მაგრამ მე ვიხდენდი იმიტომ, რომ სწორედ ეს არის ჩემი ამოცანა.

– ყველაზე კომფორტულად რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს?

– ჯინსი მიყვარს ძალიან. ყველაზე კომფორტულად და ბედნიერად კი ხალათით და ჩუსტებით ვგრძნობ თავს. ბოტასი მიყვარს ძალიან და სულ მინდა ახალი ბოტასი, არასოდეს მბეზრდება.

– როგორია ქალისთვის ცხოვრება 40 წლის შემდეგ?

– იცით, სხვა ფასეულობები გაქვს უკვე, ის აღარ გინდა, რაც გინდოდა. რა თქმა უნდა, უფრო იხვეწები, უფრო ბრძენი ხდები. მე ბევრი ეტაპი გავიარე და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე. ცხოვრება სწავლაა. აი, მაგალითად, თქვენთან საუბარშიც რომ გავიგო რაღაც ახალი, ეს უკვე მახარებს. სულ ვსწავლობ ამ ასაკშიც და 80-ის რომ ვიქნები, მერეც მომინდება, რაღაც ახალი ვისწავლო.

– როგორ ფიქრობთ, როდის არის ქალი ყველაზე მიმზიდველი?

– თუ გაინტერესებს, ქალი სინამდვილეში როგორია, რა თქმა უნდა, ის უნდა ნახო ახალგაღვიძებული, შეშუპებული, ცოტა დასიებული, მაგრამ ის თუ ასეთ ფორმაში მოგეწონება – უმაკიაჟოდ, უარაფროდ, ხალათში, ესე იგი ძალიან ლამაზია.

– თქვენი სილამაზის, მომხიბვლელობის პიკი რა ასაკში იყო – როცა დამწყები მოდელი იყავით თუ ახლა?

– მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ბევრ კომპლიმენტს ვიღებ. მეუბნებიან, მუდამ კარგი გოგო იყავი, მაგრამ ახლა უფრო კარგი ხარო.

– სიახლის რაიმე კონტურები ხომ არ იკვეთება თქვენს პირად ცხოვრებაში?

– არა. უკვე ძალიან დიდი ხანია მარტო ვარ, ძალიან ფრთხილი გავხდი ურთიერთობებში.

– დანგრეული ურთიერთობების აღდგენის გჯერათ?

– არა, რა თქმა უნდა. ჩემგან ძალიან კარგი ფსიქოლოგი გამოვიდოდა. ერთმა ფსიქოლოგმა მეგობარმა მითხრა, შენ ამის ნიჭი გაქვსო. ბევრი ჩემი მეგობარი მოდის, რაღაცას მიყვება და მე შემიძლია ძალიან კარგი, ლოგიკური რჩევა მივცე. დანგრეული ურთიერთობის აღდგენა არ მიყვარს. როცა ნდობის ფაქტორი დაკარგულია, ვეღარაფერს აღადგენ.

– ის, რომ მხოლოდ ერთი შვილი გყავთ, თქვენი არჩევანი იყო თუ ასე გამოვიდა?

– ასე მოხდა, რომ აღარ გავაჩინე, თუნდაც ის, რომ ქმარს გავშორდი და მერე აღარ გავთხოვდი. მე მაინც მჯერა ბედისწერის, ალბათ ის იყო ჩემზე დაწერილი, რომ უნდა მყავდეს ნატაშკა. მყავს ორი დისშვილი და, როგორც ნატაშკა მიყვარს, ისე მიყვარს ნიკუშა და გიორგი. გიორგის ნათლიაც ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ სამი შვილი მყავს.

 ირმა ჭკუასელი, ჟურნალი სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019