“ებრაელები ანგარიშიანი ხალხია, თუ მოეწონები, ფულსაც დაგიმატებენ” – რას აკეთებენ ქართველები ისრაელში

"ებრაელები ანგარიშიანი ხალხია, თუ მოეწონები, ფულსაც დაგიმატებენ" - რას აკეთებენ ქართველები ისრაელშიქართველი ახალგაზრდა კაცი, პაატა პ., წელიწადნახევარია ისრაელში ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ტურისტული ვიზით შევიდა და უკან აღარ დაბრუნდა. იქ მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო და უცხო ქვეყანაში ნაშოვნ ფულს საქართველოში აგზავნის. ამბობს, რომ როგორც კი სახლის ყიდვას შეძლებს, სამშობლოში დაბრუნდება.

პაატამ ისრაელში მაშინ შეაღწია, როდესაც იქ ჩასულ სხვა ქართველებს საემიგრაციო სამსახური უკან ისე აბრუნებდა, საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდა. ამ მხრივ, მას ნამდვილად გაუმართლა, სამუშაო მაშინვე იშოვა და თავს არ ზოგავს, მაგრამ სამშობლოდან შორს უფრო მეტად შეიგრძნობს რეალობას – ემიგრანტების მიერ ჭაპანწყვეტით ნაშოვნ და გამოგზავნილ ფულს საქართველოში ბარაქა არ მოაქვს.

რა გზის გავლა უწევთ ქართველებს ისრაელში, სად მუშაობენ, რა სირთულეებს აწყდებიან და იქაურებთან როგორ თანაარსებობენ, ამის შესახებ პაატა “სარკეს” უამბობს.

პაატა: წელიწადნახევრის წინ, როგორც ტურისტი, ისე წავედი ისრაელში. კალათბურთის ჩემპიონატზე მოვდიოდი – ასე განვაცხადე და დავრჩი. მარტო, დამოუკიდებლად ჩამოვედი. არიან ჩამომყვანები, რომლებიც ცდილობენ, შეგაპარონ ქვეყანაში. იტყუებიან, რომ ვითომ სამედიცინო დახმარება სჭირდება ვიღაცას და ა.შ. ისრაელში შემოსვლა დღეს ისევე ჭირს, როგორც ამერიკასა და კანადაში. ისრაელთან ვითომ უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მაგრამ ქვეყანაში შესვლა მაინც ძნელია, უმეტესობას უკან აბრუნებენ.

საზღვარზე გასაუბრებაზე რომ შევედი, ყველაფერი დეტალურად გამომკითხეს. რომ დამთავრდა გასაუბრება და მივხვდი, შემიშვებდნენ, ვიკითხე, რა ხდება ქართველებზე, ასე დეტალურად რატომ იძიებთ ყველაფერს-მეთქი. მიპასუხეს, შემოსვლა გინდათ და წასვლა – არაო.

– ბევრი ქართველია ისრაელში?

– დიახ, ძალიან ბევრნი ვართ. დილით გაჩერებაზე რომ გახვალ, უმრავლესობა ქართველები და სლავები არიან. ყოველ ნაბიჯზე, ყველა სამსახურში შეხვდები ქართულად მოლაპარაკეს. ჩვენ ქალაქ ხულონში ვცხოვრობთ და იმდენი რუსული და ქართულენოვანი მოსახლეა, ხანდახან გგონია, რომ საკუთარ უბანში ხარ. მაღაზიაშიც კი გენდობიან და ნისიად გაძლევენ რაღაცას.

ქართველი ებრაელი მუშაობს სავალუტო პუნქტში და ფულსაც გვასესხებს ხოლმე ქართველებს. საკმაოდ თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩვენდამი, მაგრამ აქ მყოფი ქართველების უმრავლესობა მაინც უკმაყოფილოა. ჩამოსული ხარ და სხვის ხელქვეითად მუშაობ. ქართველებს ხომ ქედმაღლობა გვიყვარს.

სამწუხაროდ, შუამავლები, ვინც გასაქმებენ, ხშირად იტყუებიან. იციან, არალეგალურად ხარ და ხმას ვერ ამოიღებ. თუ ჩარევ ვინმეს, მაგალითად, ქართველ ებრაელს, შეიძლება გადაგიხადონ. ჩამოსული ხარ და ცდილობ, თავი დაიმკვიდრო, რისკზე მიდიხარ და თანხმდები სამუშაოს. ამ დროს შეიძლება იმუშაო და ფული ვერ აიღო.

– თქვენ აღმოჩნდით ამგვარ სიტუაციაში?

– არაბებთან ვმუშაობდი და შარი მომდეს, თითქოს იმდენი არ ვიმუშავე. მერე მითხრეს, ენა არ იცი და ვერ გაიგეო. პატიოსნების პრობლემაა. შენ შეიძლება პატიოსნად იმუშაო, მაგრამ… პირიქითაც ხდება – დამსაქმებელი პატიოსნად შეგითანხმდება და ამ დროს ვიღაც ცდილობს, იოლად გავიდეს. ასეთი შემთხვევები ხშირია. ევროპაში ტყუილი გამორიცხულია – რაზეც შეგითანხმდებიან, იმას გიხდიან, აქ კი ხშირად ტყუიან.

მე დამხვდნენ ჩემი ახლობლები, რომლებსაც ლტოლვილის სტატუსი აქვთ. როდესაც ესენი ჩამოვიდნენ, მაშინ აძლევდნენ ამ სტატუსს და ახლა აღარაა ასე. ეს ბიჭები მშენებლობაზე მუშაობდნენ და მეც მალევე დავსაქმდი. აქ ყოველ ნაბიჯზე რაღაც შენდება. სადაც უნდა გაიხედო, ყველგან ახალი კორპუსი შენდება. მე ახლა კლინიკის მშენებლობაზე ვმუშაობ. თანამედროვე ზესტანდარტული კლინიკა შენდება, სადაც რობოტებმაც უნდა იმუშაონ.

– საქართველოში რას საქმიანობდით?

– რემონტს ვაკეთებდი. ვფიქრობდი, ჩავალ, ერთი კვირა დავისვენებ და მერე მოვძებნი რამეს-მეთქი, მაგრამ როგორც კი ჩამოვედი, ბიჭებმა მითხრეს, არის სამუშაო და გამოდიო. რა თქმა უნდა, გავედი. როცა ხედავენ, ერთგულად მუშაობა შეგიძლია, თვითონაც ნორმალურად გექცევიან. თუ საქმე არ იცი, არც მიგიღებენ. ქართველების უმრავლესობა მშენებლობაზე მუშაობს, ზოგი – დალაგებაზე, ფაბრიკებში, ზოგი მოხუცებს უვლის…

ყველას უნდა სამშობლოში დაბრუნება. რამდენიმე დაბრუნდა, მაგრამ მანდ რომ ვერაფერი გააკეთა, ისევ ჩამოვიდა. აქ ეჩვევიან მაღალ ანაზღაურებას და მანდ კაპიკებზე უკვე ვეღარ ძლებენ. ვისაც ლტოლვილის სტატუსი აქვს, 3 ან 6 თვეში ერთხელ დადის გასაუბრებაზე და ან უგრძელებენ ამ სტატუსს, ან არა. ველოდები, რომ სამუშაო ვიზები გაიცემა, მაგრამ ჯერ არსად ჩანს. თუ ეს ვიზა მივიღე, წელიწადში ორჯერ მექნება საშუალება, საქართველოში ჩამოვიდე.

ოჯახებით ვინც არის ჩამოსული, მაგალითად, ცოლ-ქმარი, საკმაოდ დიდ დანაზოგს აკეთებენ. კარგი ანაზღაურებაა, მაგრამ ცხოვრებაც ძვირია. მინიმუმი, 800 დოლარი გჭირდება, რომ აქ ნორმალურად იცხოვრო. დანარჩენს სახლში აგზავნი და გააჩნია, იქ როგორი მჭამელები გყავს, როგორი მადა აქვთ.

ჩემებსაც თავიდან ცოტა ჰყოფნიდათ, მერე კი თანდათან გაეზარდათ მადა… ცოლი და ორწლინახევრის შვილი მყავს. მათ გამო გაორებული ადამიანი ვარ. ავტობუსში ჩავჯდები ხოლმე, ვფიქრობ, სახლში მივდივარ, ამ დროს კი ისრაელში ვარ. იქაც ხარ და აქაც – ქართულ ტელევიზიას უყურებ და საქართველოში გგონია თავი. გამორთავ და სხვაგან ხარ. გაორებას ისიც იწვევს, შენ რომ ქართველი ხარ და აქ სხვა ტრადიციები გხვდება.

– როგორ ცხოვრობენ ჩვეულებრივი მოქალაქეები ისრაელში, სიმდიდრე, კეთილდღეობა, წესრიგი იგრძნობა?

– შეიძლება უცებ ძალიან მაგარ, კეთილმოწყობილ, ფეშენებელურ ქუჩაზე გახვიდე, მაგრამ მეორე წუთში ნაგვიან და მოუწყობელ, ბარაკებიან, უსახურ ქუჩაზე აღმოჩნდე. ავტობუსების სადგურია ისეთი, ალბათ ჩვენი სადგურები უფრო სუფთაა, ვიდრე ის. რაც შეეხება წესრიგს, არავინ გაწუხებს, მთავარია, რამე არ დაარღვიო. ვერც იგებ, რომ პოლიცია მოძრაობს.

– ქუჩაში არავინ გამოწმებთ?

– არა. თუ რამეში ეჭვი შეეპარათ, პასპორტს აჩვენებ და მორჩა. პოლიცია შეიძლება მიხვდეს, რომ უსაბუთოდ ხარ ამ ქვეყანაში, მაგრამ არაფერს გეუბნება, მთავარია, საემიგრაციო სამსახურმა არ შეგამოწმოს. საემიგრაციო სამსახური წმენდს ქვეყანას არალეგალებისგან.

აქ ტერორისტების საშიშროებაა – პალესტინიდან და სხვა ქვეყნებიდან გადმოდიან. არაბებზე აქვთ გართულება, თორემ, რომ იტყვი, ქართველი ვარო, მორჩა, ყველა პრობლემა მოგვარებულია.

მე რომ შემოვდიოდი ამ ქვეყანაში, ბევრი ქართველი გააბრუნეს მაშინ, რადგან აღმოუჩინეს, რომ აქ ჰყავდა ახლობლები. არ უნდათ არალეგალურად შემოსული ხალხი, ქართველები კი ტეხენ პანიკას. არ უნდათ, არეულდარეული ხალხი შემოდიოდეს. სამუშაო ბევრია და თურქებს აქვთ სამუშაო ვიზები, მოლდაველებს, რუმინელებს, ბულგარელებს. რაც შეეხება ქართველებს, ალბათ პოლიტიკური ნებაც არ არის, თორემ, სავარაუდოდ, ადვილი მოსაწესრიგებელია ეს ამბავი და ხალხი ჩვეულებრივად ჩამოვიდოდა, იმუშავებდა…

– ქართველებმა ხომ ქურდობით გაითქვეს ყველგან სახელი. მანდაც ჩადიან დანაშაულს?

– ერთმა ქართველმა გაძარცვა ის სახლი, სადაც მუშაობდა და აეროპორტში დაიჭირეს. მაინცდამაინც კრიმინალური საქმიანობით არ გამოირჩევიან აქ ქართველები. თავიდან ჰგონიათ, სამოთხეში მოხვდნენ, არადა ისეთები აქვთ ბიჭებს გადატანილი… მე გამზადებულზე ჩამოვედი – სახლიც დამხვდა და სამსახურიც.

– რა ტრადიციების გათვალისწინება გიწევათ ქართველებს ისრაელში?

– საქართველოში თვეები ისე მიმუშავია, ერთი დღე არ დამისვენია. აქ, გინდა თუ არ გინდა, კვირაში ერთი დღე, შაბათი, აუცილებლად უნდა დაისვენო. პარასკევს, შუადღის შემდეგ, ჩერდება მოძრაობა, იკეტება მაღაზიები… ყველა მიდის სახლში და ლოცულობს. შაბათის შემოსვლას ეძახიან პარასკევი დღის ბოლოს. შაბათს, საღამოს, განახლდება ხოლმე ავტობუსების მოძრაობა, იღება მაღაზიები და ა.შ.

ქართველებიც შაბათობით ვიკრიბებით. მაგალითად, თუ რომელიმე ჩვენს მეგობარს ხუთშაბათს აქვს დაბადების დღე, შაბათს აღვნიშნავთ ხოლმე. რესტორნები მუშაობს ამ დღეს, ტაქსებიც, ადგილობრივი ტრანსპორტი კი – არა.

არის რაიონები, სადაც ე.წ. დათინები, ანუ მორწმუნეები, ცხოვრობენ. ასეთ დასახლებაში ვერც რესტორანს ნახავთ და ვერც ტაქსის. შაბათის შემოსვლის საღამოს სინათლესაც არ ანთებენ. სხედან და ლოცულობენ. დათინები ამრავლებენ ერს და სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ ყოფას, არც მუშაობენ.

თელავივში უფრო არის მხიარულება. იქ ნახავ “მოგულავე” ხალხს, ხოლო დათინების რაიონში კატა თუ გაირბენს სადმე, თორემ კაციშვილი ქუჩაში არაა შაბათს.

რაბინთან ვიმუშავე ცოტა ხანს. დათინებს მხოლოდ შავი და თეთრი ფერის სამოსი აცვიათ. თუ სხვა ფერის სამოსით დაგინახეს, ალმაცერად გიყურებენ. თავიანთი წესრიგი აქვთ და თავისთვის არიან. ამბობენ, რომ ერისთვის ლოცულობენ.

– ებრაელების სიძუნწეზე ანეკდოტებია გავრცელებული. მანდ როგორ ატყობთ, ეს რეალობასთან ახლოს არის?

– ძუნწები კი არა, ანგარიშის ხალხია. ებრაელთან ვმუშაობდი, რომელიც აქეთ მაყოლებდა ფულს. ბონუსებსაც გაძლევენ. გააჩნია ადამიანს, თორემ ქართველებში არ არიან ძუნწები?! ჩვენი ქალები რომ მუშაობენ სახლებში დალაგებაზე, იცით, როგორ ძვირფას ტანსაცმელს ჩუქნიან, რომლებიც ნაცვამიც კი არ არის?! ძუნწი რომ იყოს, რატომ გაჩუქებს?!

ქუჩაშიც აწყობენ იმ ტანსაცმელს, რომელიც აღარ უნდათ. ქალაქში, ყოველ 200-300 მეტრში, სპეციალური ბუნკერებია – ქაღალდი ცალკე უნდა ჩაყარო, პლასტმასი ცალკე, მინა – ცალკე და ტანსაცმელი – ცალკე. იმ ტანსაცმლის აღება ყველას შეუძლია. რაც მოგეწონება, შეგიძლია აიღო. რომ ჩავედი, მითხრეს, შარვლების და ტანსაცმლის ყიდვა არ დაგჭირდებაო. ვისი ცოლიც დალაგებაზე მუშაობს, უამრავი ტანსაცმელი მოაქვს ოჯახიდან. თუ მოეწონები ებრაელს, ფულსაც დაგიმატებს. ამიტომ ვამბობ, რომ ანგარიშიანი ხალხია.

– საქართველოში მუშაობდით, გქონდათ შემოსავალი. რა აიძულებს ადამიანს, მიატოვოს ცოლი, პატარა შვილი და სხვა ქვეყანაში წავიდეს სამუშაოდ?

– საქართველოში დანაზოგს ვერაფრით გააკეთებ, მხოლოდ შენზე რომაა დამოკიდებული მთელი ოჯახი და ამ დროს სახლის პრობლემა გაქვს მოსაგვარებელი… ახლა კიდევ უფრო გაძვირებულა ყველაფერი. აქ კი დანაზოგს აკეთებ, მაგრამ საცხოვრებლად ვერ დარჩები, რადგან ჩვენთან თუ ბინის ყიდვას 50.000 დოლარი უნდა, აქ იგივე ფართი 5 მილიონი შეკელი ღირს, რაც 150 ათასი და მეტი დოლარია. პომიდორი თუ ჩვენთან 2-3 ლარი ღირს, აქ 7-8 ლარი გამოდის, თუმცა, თუ შეადარებთ, ჩვენთან თუ მაქსიმუმი 2 ათასი ლარია ოჯახის შემოსავალი, აქ მინიმუმი 5.000 დოლარი და მეტია.

სამედიცინო მომსახურებას რაც შეეხება, ისეთი შეღავათებია…

– რამდენ ხანს აპირებთ მანდ დარჩენას?

– ერთი წელი მაინც მინდა კიდევ, რომ სახლის პრობლემა მოვაგვარო. თან ვფიქრობ, იქნებ რამე შეიცვალოს მანდ. იმასაც ვფიქრობ, რომ შენ უნდა ჩახვიდე და თავად შეცვალო რაღაც. მთელი საქართველო მაწანწალად ხომ არ უნდა გადაიქცეს – დაცლილი სოფლები, გაბერილი თბილისი. ჩვენს მიწა-წყალს დაეპატრონება სხვა და მორჩა მერე.

ჩვენი, ემიგრანტების, მიერ ნაშოვნი ფული, რაც საქართველოში შემოდის, გახეულ ტომარაში ჩაყრილი მგონია – ჩვენი ხალხი იმ ფულს ისევ შემოტანილ პროდუქციაში ხარჯავს. გახეულ ტომარაში რამეს მოაგროვებ?

მგონი, რამდენიმე მილიარდია ემიგრანტების მიერ ერთ წელში შემოსული. ეს ფული შიგნით რომ ტრიალებდეს, ქვეყანასაც რაღაც ეშველებოდა. სახლი შენდება, ყიდულობ და რა – უკრაინული არმატურითა თუ სომხური ცემენტით აშენებენ.

ისრაელში, იცით, როგორ არის? წელიწადში ორ-სამჯერ იხვნება მინდვრები. ყველა პროდუქტი ადგილობრივი წარმოებისაა. ზამთარ-ზაფხულ მოსავალს იღებენ. შრომობენ და თან ტექნოლოგიებიც უწყობთ ხელს.

რუსუდან ადვაძე, სარკე