თბილისში 4 წლის გოგონა, ნინო, გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ის დედინაცვალმა ცემით მოკლა.
მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. როგორც ,,პირველ არხს” განუცხადეს, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
მეზობლებმა არაერთხელ მიმართეს პოლიციას, ინფორმაცია ჰქონდა უბნის ინსპექტორსაც, მაგრამ 4 წლის გოგონა სამ დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.
ამბები.ჯი-ს ინფორმაციით, ოჯახი თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა. როგორც სააგენტოს მეზობლებმა განუცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბიოლოგიური მშობელი ბრალდებული ქალბატონი არ იყო. მათივე ინფორმაციით, ბავშვი მამაკაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, საერთო შვილი კი ახლახან შეეძინათ.
მეზობლების ინფორმაციით, დედინაცვალი განსაკუთრებული სიმკაცრით სწორედ იმ 2 არასრულწლოვნის მიმართ გამოირჩეოდა, რომელიც მამაკაცს პირველ ქორწინებაში ჰყავდა. თუმცა, მათივე თქმით, ბავშვებს მამაც ხშირად უსწორდებოდა ფიზიკურად. მეზობლების თქმით, ცემის შედეგად დაზიანებები აღენიშნება გოგონას 5 წლის ძმასაც.
გოგონას ბებია ურყოფს, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ცემა გახდა. ის ,,პალიტრანიუსის” ჟურნალისტებს უყვება, რომ გოგონას გრიპი ჰქონდა და ძალიან ახველებდა.
,,იმედინიუსის” ინფომაციით, ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მშობლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შსს-ში მხოლოდ ამბობენ, რომ საქმე 116-ე მუხლით დაიწყო და არ აკონკრეტებენ, ვის წინააღმდეგ.