თამუნა ლეკვეიშვილს ქორწინების 10 წლისთავი ჩაეშალა – “როგორც მე ვაკვეხებ ვარჯიშს ცხოვრებაში, ასე უნდა მოინდომოს ყველა ქალმა”

თამუნა ლეკვეიშვილს ქორწინების 10 წლისთავი ჩაეშალა - "როგორც მე ვაკვეხებ ვარჯიშს ცხოვრებაში, ასე უნდა მოინდომოს ყველა ქალმა"“კომედი შოუს” მსახიობი, თამუნა ლეკვეიშვილი, რომელიც ამავე დროს “ვანოს შოუს” მუსიკალურად აფორმებს, აპირებს, საზოგადოების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგეს, თუმცა ეს არცთუ ისე ახლო მომავლის გეგმაა. თამუნას კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, პროფესიულ პასუხისმგებლობას გრძნობს და ამიტომ არ ჩქარობს თავისი სიმღერების გამომზეურებას. ისე კი ქმართან, მუსიკოს გიგი ოქროპირიძესთან ერთად მუშაობას არ წყვეტს, ცოლიც და ქმარიც მუსიკას წერენ, ერთად უკრავენ და დუეტშიც მღერიან.

37 წლის თამუნას ცხოვრება შინ თუ გარეთ დატვირთულია. სამი შვილის დედას ყოველი წუთი “გაწერილი” აქვს. შეიძლება ყოველთვის ყველაფერი ვერ მოასწროს, მაგრამ სპორტდარბაზში სიარულზე უარს არ ამბობს, რადგან ვარჯიშის შედეგად მიღებული ფიგურა მისთვის უდიდესი სტიმულის მიმცემია.

– თამუნა, რა სიახლეებია თქვენს სამსახურში?

– მთავარი სიახლე ის გვაქვს, რომ “კომედი შოუს” საეთერო დრო შევცვალეთ და შაბათს, “კურიერის” შემდეგ, 10 საათზე გადის, რაც ჩვენი ფორმატის გადაცემისთვის ძალიან კარგი დროა. ბავშვები ვერ ახერხებდნენ ოთხშაბათს გვიან ყურებას.

სოციალურ ქსელში მაყურებლისგან უამრავ წერილს ვიღებდით, გვთხოვდნენ, რომ დრო შეგვეცვალა, რადგან სამუშაო დღეს ჩვენს ყურებას ვერ ახერხებდნენ. მათი თხოვნა გავითვალისწინეთ.

– ოთხშაბათის გადაცემა ნაკლებრეიტინგული ხომ არ იყო და შაბათს მისი გადატანის მიზეზი ეს ხომ არ გახდა?

– კარგი რეიტინგი გვქონდა, თუმცა უფრო მაღალი გვინდოდა და შედეგმაც არ დააყოვნა. მაყურებელი ზოგადად ტელევიზიას მოაკლდა და არა – “რუსთავი 2”-ს, რადგან ხალხი ინტერნეტზეა გადართული. თუმცა ჩვენს ტელეკომპანიას მაინც აქვს რეიტინგი, ის პირველობას ინარჩუნებს.

– “რუსთავი 2”-ში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა არხის სახეების წასვლა გამოიწვია. როგორ ახერხებთ “კომედი შოუ” რეიტინგის შენარჩუნებას? თქვენზე კრიზისი არ მოქმედებს?

– ამ ეტაპზე ყველა გადაცემის თანამშრომლებს გაათმაგებული შრომა გვიწევს და უფრო შემართებითაც ვართ. სტიმული გაგვიასმაგდა, რომ უკეთესი გადაცემები ვაკეთოთ.

მგონია, რომ ფინანსური კრიზისი მოგვიხდა, რადგან უკეთეს გადაცემებს ვაკეთებთ. ერთგულება და საქმის სიყვარული ყველა დაბრკოლებას გვალახვინებს. 37 წლის ვარ, წლებია საყვარელ საქმეს ვემსახურები, 2005 წლიდან ამ გუნდის წევრი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ “კომედი ჯგუფში” გავიზარდე.

– ანუ საქმიანობაში რაიმე ცვლილებას არ გეგმავთ?

– ჯერჯერობით არანაირს, რადგან სადაც ვარ, მომწონს. არც მობეზრების მომენტი მაქვს. ყველა საქმეს ახლავს მოდუნების პერიოდი, მაგრამ საქმის სიყვარული სტიმულს მალევე გმატებს. პროფესიით მუსიკოსი ვარ და მგონია, რომ ჩემი საქმე ბოლოს მაინც მუსიკას დაუკავშირდება, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ჯერ ეს ეტაპი არ დამდგარა.

– თუმცა ამისკენ ნაბიჯებს უკვე დგამთ, თქვენს ქმართან, მუსიკოს გიგი ოქროპირიძესთან დუეტიც ჩაწერეთ.

– მე და გიგიმ ნიაზ დიასამიძის სიმღერაც ჩავწერეთ და კიდევ ვგეგმავ სიმღერის ჩაწერას. კონსერვატორიაში საკომპოზიტორო ფაკულტეტი დავამთავრე. დიპლომითაც და მოწოდებითაც კომპოზიტორი ვარ.

ამ ეტაპზე მთელ მუსიკალურ ენერგიასა და რესურსს სამსახურში ვხარჯავ და ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ სხვა რამ ვაკეთო. დიდი გოგო რომ გავიზრდები, მერე შეიძლება სხვანაირად მივუბრუნდე მუსიკას.

– აპირებთ, საზოგადოების წინაშე თქვენი შექმნილი მუსიკით წარდგეთ?

– კი, როგორ არა. შემოქმედი ადამიანი, რაც უნდა შეზღუდული იყოს დროში, თავისთვის მაინც წერს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემთვის ვქმნი და არაფერი მაქვს გამომზეურებული. ვფიქრობ, რომ ამის დროც დადგება.

– ქმარი რას გეუბნებათ, როცა თქვენს გეგმებს აცნობთ?

– გიგი ჩემი მუსიკის პირველი შემფასებელია. თვითონაც შემოქმედებითი ადამიანია. ამ ეტაპზე პროფესიულ მუსიკას ჩამოშორებულია და კონცერტების ორგანიზებითაა დაკავებული. წლების განმავლობაში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა. მანამდე ლიანა ისაკაძის კამერულ ორკესტრში კონცერტმეისტერი იყო. ამიერკავკასიის კამერულ ორკესტრშიც გახლდათ.

გიგის საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა აქვს. მე როიალთან ვჯდები, ის გიტარას ჩაუჯდება. არის შემთხვევები, როცა დუეტში ვმუშაობთ. გიგიც ქმნის მუსიკას. ვუფასებთ ერთმანეთს, მოგვწონს, გვიხარია, ოღონდ ჯერ ჩვენთვის ვართ.

– შვილებიც ასე ახლოს არიან მუსიკასთან?

– ნინი 7 წლის არის, ნიკოლოზი – 6-ის, ელენე – 4-ის. სამივე ძალიან მუსიკალური ბავშვია, განსაკუთრებით კი გოგოები. მე და გიგის გვთხოვენ, რომ ინსტრუმენტზე დავუკრათ და ვიმღეროთ. თვითონაც არაჩვეულებრივად მღერიან. ძალიან მუსიკალური ოჯახი გვაქვს.

– ვინ გეხმარებათ საოჯახო საქმეების მოგვარებაში?

– გიგი, სკოლა და საბავშვო ბაღი ძალიან მეხმარებიან. დედაჩემიც გვერდში მიდგას და ძიძაც მყავს. შვილებს დილა-საღამოს ვხვდები. შაბათ-კვირას ბავშვებთან ვატარებთ. ნინის გაკვეთილების მომზადებაში ვეხმარები, ნიკოლოზსა და ელენეს კი ძირითადად ვეთამაშები ან ძილის წინ ვუმღერი. ვცდილობ, ბავშვებს ყურადღება არ მოვაკლო, თუმცა მათ სურთ, მეტ დროს ვატარებდეთ ერთად, რაც ამ ეტაპზე არ გამოგვდის.

– თქვენი და გიგის ურთიერთობამ წლების განმავლობაში რა ცვლილება განიცადა, რა დააკლდა, რა დაემატა?

– ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა შვილების დამსახურებით უფრო მეტი საერთო ინტერესი გაგვიჩნდა. იანვარში მე და გიგის ქორწინების 10 წელი შეგვისრულდა, თუმცა ვერ აღვნიშნეთ. ქორწილი არ გვქონია და არც სადედოფლო კაბა მცმია. ვიფიქრე, რომ ამ მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავდი, მაგრამ არ გამოგვივიდა, სამუშაო რეჟიმმა შემიშალა ხელი. ქორწინების მრგვალ თარიღს კიდევ დაველოდები და სადედოფლო კაბასაც ჩავიცვამ.

– საკუთარი თავისთვის, ქალური ინტერესებისთვის დრო თუ გრჩებათ?

– ქალმა საკუთარი თავისთვის დრო უნდა გამონახოს, თორემ ისე არასდროს დარჩება. როგორც მე ვაკვეხებ ვარჯიშს ცხოვრებაში, ასე უნდა მოინდომოს ყველა ქალმა. უკვე ერთი წელია, რაც ვვარჯიშობ. რაღაც პერიოდი შევწყვიტე და ახლახან გავაგრძელე. ყველა კუნთი მტკივა.

– როგორი შედეგი გაქვთ?

– ჩემი ვარჯიში საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. წონაში ბევრი არ დამიკლია, მაგრამ სხეულის ფორმები უკეთესობისკენ შემეცვალა, რაც დიდი სტიმულია, რომ ბევრი არ ვჭამო. როცა ვუყურებ, კალორიების დაწვა რამხელა წვალების ფასად მიჯდება, საკუთარი შრომა მენანება და ტორტზე უარს ხშირად ვამბობ.

სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი სარკე