ემზარ კვიციანი – ”ქართველ ბიჭებს 4 წელი იმიტომ მიუსაჯეს, რომ მათ ზანგებს ხელი გაარტყეს, ზანგებს კი რომ ეცემათ ესენი, მათ არ დასჯიდნენ”

ემზარ კვიციანი – ”ქართველ ბიჭებს 4 წელი იმიტომ მიუსაჯეს, რომ მათ ზანგებს ხელი გაარტყეს, ზანგებს კი რომ ეცემათ ესენი, მათ არ დასჯიდნენ”რატომ ილახება საქართველოში ქართველების უფლებები, რატომ დგას ერი გადაშენების პირას, რა სარგებლობას მოიტანს კონსტიტუციური მონარქია, რისი ეშინია “ქართულ ოცნებას”? – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
– თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ შეკრება და ქართველების დასაცავი მექანიზმის მიღებაა საჭირო. უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდება?
– რაღა რა ხდება, საქართველოში ძალიან მძიმედ არის საქმე. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოში საშინლად ილახება ადამიანის უფლებები. ეს ტენდენცია ყოველწელს სულ უფრო მატულობს და მატულობს.
იმას ალბათ ყველა ამჩნევთ რომ ფიზიკურად ვნადგურდებით – ფაქტიურად გენოციდი გამგვიცხადა ვიღაცამ.
– ვინ არის ეს ვიღაცა, ვინც გენოციდი გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობას?
– ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს ერის ამოწყვეტა. გორბაჩოვს ჰყავდა ცოლი – რაისა, რომელიც ქართველებს ვერ იტანდა. ის ხშირად ამბობდა ხოლმე – ხარაშა გრუზია ბეზ გრუზინოვო. ყველაფერი აქეთკენ მიდის – საქართველო მართლა ქართველების გარეშე რჩება. შესაბამისად, რაისა გორბაჩოვას ოცნებაც ასრულდა.
სასწაულად მოიმატა სიკვდილიანობამ – კვირა ისე არ გავა, მინიმუმ 3 გასვენებაში რომ არ მომიწიოს წასვლამ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გაწყვეტის გზაზე ვდგავართ.
ერთ რამეს დავაკვირდი და სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი არცერთ სხვა ერში არ არის. არ გეგონოთ, სხვა ქვეყნებს ვგულისხმობდე, საქართველოში მცხოვრები სხვა ერები მყავს მხედველობაში. ასეთი მაღალი სიკვდილიანობა არც სომხებშია, არც აზერბაიჯანელებში და არც რუსებში.
ავიღოთ თუნდაც აფხაზეთი და სამაჩაბლო, ამ რეგიონებში გაცილებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ იქაც არ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ძირითადად ეთნიკური ქართველები ვიხოცებით. ისე ვიხოცებით, რომ შობადობის მაჩვენებელს სიკვდილიანობის მაჩვენებელმა აჯობა.
ფეისბუქზე რომ დავწერე, ქართველების დასაცავი მექანიზმია შესამუშავებელი, ეს ფაქტორიც ვიგულისხმე, მაგრამ აქცენტი სხვა რამეზე მქონდა. ერთმა ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 23-24 წლის ქართველ ბიჭებს 4 წლით პატიმრობა იმიტომ მიუსაჯეს, რომ მათ ზანგებს ხელი გაარტყეს.
ახლა ისე არ გამიგოთ, რომ მე რომელიმე რასის წინააღმდეგი ვიყო, ან სხვა ეროვნების წარმომადგენლების ცემა მომწონდეს, მაგრამ უბრალო ხელის გარტყმაზე ახალგაზრდას 4 წლით ციხეში არ უნდა უშვებდე.
იმ ახალგაზრდებს ქართველებივე რომ ეცემათ, დარწმუნებული ვარ, არაფერსაც არ მიუსჯიდნენ. არც ზანგებს დასჯიდნენ, მათ რომ ეცემათ ის ბიჭები. აბა გავიხსენოთ, არაქართველების მიერ ქართველების ცემის რამდენი ფაქტი დაფიქსირდა, გსმენიათ, რომ ამის გამო ვინმე დაესაჯათ?!
კარგით, ვთქვათ, ცემა არაა მძიმე დანაშაული, მაგრამ დაჭრა და მკვლელობა ხომ დანაშაულია. უცხოელებს ამასაც ჰპატიობენ. ქართველმა ვინმეს ხელი თუ შემოუბრუნა, ციხეში უშვებენ.
– გინდათ თქვათ, რომ ქართველების დისკრიმინაციას აქვს ადგილი?
– დისკრიმინაციაა, აბა რა არის. ავიღოთ თუნდაც თეა სირაძის მაგალითი. ამ ქალბატონმა დამსახურებულად გალახა დამნაშავეები. იმის მაგივრად, რომ ისინი დაეკავებინათ, თეა დააკავეს და მრავალი წლით გაუშვეს ციხეში. ამაზე მეტი დისკრედიტაცია რაღა გინდათ.
იმ ახალგაზრდების 4 წლით დაპატიმრების ამბავი რომ წავიკითხე, ემოციები მომეძალა და ფეისბუქზე ემოციური განცხადება დავწერე. ახლა უფრო დამშვიდებული ვარ, მაგრამ გავიმეორებ, რომ ქართველების დასაცავი მექანიზმი შესამუშავებელია.
– როგორ აპირებთ ამ მექანიზმის შემუშავებას? საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას აზრი არა აქვს, პარლამენტი ამას მხარს არ დაუჭერს.
– საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას არც ვაპირებ. ამ საქმეში მთავარია ხალხი. ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
– თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ გადაწყვეტილებას ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი იღებს.
– მართალი ხართ, გადაწყვეტილებებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი იღებს, მაგრამ გვყავს ჩვენ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი? ჩვენ მოცლილები კი არა ვართ, რომ ვითხოვთ, ხელისუფლება ხალხმა უნდა აირჩიოს.
სუსის დაწერილი პროცენტების მიხედვით დაკომპლექტებული პარლამენტი ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. ეს ათასჯერ მაინც მაქვს ნათქვამი და კიდევ 2.000-ჯერ გავიმეორებ.
დაიმახსოვრეთ, ქვეყანა თავზე დაგვემხობა, თუ სუსი, რომელიც სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს ემსახურება, არჩევნების ჩატარებას გააგრძელებს.
– თქვენ ამბობთ, არჩევნების შედეგებს სუსი წერსო, მაგრამ ისაც ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არცერთ ძალას არ ენდობა და არც არჩევნებზე არ მიდიან.
– ამ ადამიანებისაც კარგად მესმის. ბევრჯერ გაუცრუვდა ხალხს იმედი და ძნელია, მათ ვინმეს ნდობა მოსთხოვო. პარლამენტს და მთავრობას თუ არ ენდობიან, მაშინ მეფეა საჭირო. ლოდინის დრო აღარ არის – ქვეყანა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგას.
– თქვენ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას ემხრობით?
– რა თქმა უნდა, ვემხრობი. სხვა თუ არაფერი, ის მონარქი ხომ ქართველი იქნება და ქართულ საქმეს გააკეთებს.
– ეგრე მთავრობასა და პარლამენტშიც ქართველები გვყვანან, მაგრამ რა ხეირი?
– ქართული სახელები და გვარები აქვთ, მაგრამ რამდენად ქართველები არიან, ვერ გეტყვით. როგორ შეიძლება იმ დეპუტატს ქართველი ვუწოდო, რომელსაც მიაჩნია, რომ ესა თუ ეს კანონი საქართველოსთვის დამღუპველია, მაგრამ მოუვა ესემესი და ამ კანონს ხმას მისცემს.
ქართველობა მარტო გვარსა და სახელში არ არის. ქართველობა საქართველოს სამსახურში ყოფნას ნიშნავს. სულით თუ ქართველი ხარ, იქ სულ არა აქვს მნიშვნელობა, რა გვარი გექნება შენ.
– თქვენ ძალიან საინტერესო ფაქტი ახსენეთ – დეპუტატებს კანონებთან დაკავშირებით ესემესები მოსდითო. ვისგან მოსდით ეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ვინ აძლევს “ოცნების” დეპუტატებს მითითებებს?
– ვისგან მოსდით, ეგ ნაღდად არ ვიცი, მაგრამ რომ მოსდით, ეგ აშკარაა. ჩემი თანდასწრებით ძალიან ბევრ დეპუტატს მოუვიდა ეს ესემესები. როგორც კი კენჭისყრები იწყება, საქმეში ესემესების კამპანია ერთვება.
– ამ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში რა წერია?
– მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში წერია მოკლე ინსტრუქცია, თუ როგორ იმოქმედონ. ამას თავადაც განიცდიან და აღიარებენ, რომ ამ მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე უარესია.
– სად აღიარეს ეს?
– სად და პარლამენტში. პირად საუბრებში არაერთხელ გამოთქვეს ამის გამო წუხილი.
– თუ გრძნობენ, რომ ყველაზე უარესი პარლამენტია, რატომ არ ცდილობენ ამის გამოსწორებას?
– რა უნდა გამოასწორონ? მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. გავიხსენებ შევარდნაძეს, ის დიდი პოლიტიკოსი იყო, გავლენებიც ჰქონდა, მაგრამ ვერავერს ვერ აკეთებდა. ეს პრობლემა ზვიად გამსახურდიასაც ჰქონდა.
ამაზე უმრავლესობის წევრებთან არაერთხელ მქონია საუბარი. ერთს ვუთხარი, გააკეთეთ საქვეყნო საქმე და ჩვენც გვერდით დაგიდგებით. იცით, რა მიპასუხა? – ემზარ, საყვარელო, ქალბატონია ეს დეპუტატი და ამიტომ მომმართა ასე, ჩვენ რომ საქვეყნო საქმეების კეთება დავიწყოთ, ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნებაო.
– ვისი ეშინიათ?
– იმათი, ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობს. იმის იმედი რომ მაინც ჰქონდეთ, რომ ხალხის მტკიცე მხარდაჭერა ექნებათ, “ოცნების” დიდი ნაწილი უარს იტყოდა ანტისახელმწიფოებრივ კანონებზე. ახლა “ოცნების” დიდი ნაწილი დაშინებულია და ესემესებით ხდება მათი მართვა.
ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპოზიციის გაერთიანება არ მოხდეს. ამაზე სუსი ზრუნავს. მოკლედ რომ გითხრათ, მიდის ეროვნული ძალების გამოფატვრა. ამ პროცესს მხოლოდ ხალხი გააჩერებს. ხალხმა ყველაფერს თავისი სახელი თუ არ დაარქვა და არ იმოქმედა, საქართველო მართლა ქართველების გარეშე დარჩება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა