ნინო ჩხეიძე „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ – მაგათი საქციელი “მაგრა ტეხავს””

ნინო ჩხეიძე „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ - მაგათი საქციელი "მაგრა ტეხავს""მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის შვილობილ არხ, „კომედი არხზე“ „საქართველოს ფანოღის“ ჟიურის წევრი იყო, „რუსთავი 2“-ის დაანონსებულ პროექტს, „მხოლოდ ქართული“, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტელკომპანია იმავე პროექტს აგრძელებს, ძველი გუნდის გარეშე:
“საქართველოს ფანოღის გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე, სახელად “მხოლოდ ქართული”. იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრა ტეხავს“- დაწერა ნინო ჩხეიძემ.

პოსტს მომღერალი სოფო ნიჟარაძე და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურნენ.
სოფო ნიჟარაძე:

– “მხოლოდ ქართული” არაა ფანოღი, ნინო, ჩემო საყვარელო. ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ და პატივს გცემ, ასევე ვიცი, რომ საკმაოდ კარგად ერკვევი მიმდინარეობებში. ქართულ სიმღერას სხვა მიმდინარეობები აქვს და უფრო ღირებული, ვიდრე ფანოღი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად. სწორედ ამას ესმევა ხაზი ამ პროექტში და მოდი ნუ დავაბნევთ ხალხს და ტყუილს ნუ მივაწვდით. მე პირადად, ქართულ მუსიკაზე, პირველი მახსენდება ლაღიძე, ცაბაძე, ვიქტორ დოლიძე, ზაქარია ფალიაშვილი და უამრავი სხვა გენიოსის კლასიკური თუ თანამედროვე შემოქმედება, ასევე ფოლკლორი, ქართული პოლიფონია და არა ფანოღი და “აფრები”, არც სხვა მსგავსი სიმღერები. თუმცა მათაც თავისი მსმენელი ჰყავთ, ასე რომ დიფერენცირებაა საჭირო. წარმატებები უსურვეთ ახალ წამოწყებას, ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება და ესაა დაკვეთა ხალხისგან. ნუ ვიჩხუბებთ, გვიხაროდეს კარგი საქმე.
ნინო ჩხეიძის განმარტებით, „მხოლოდ ქართულის“ მსგავსი პროექტი „რუსთავი 2“-ს შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
– ჩემო საყვარელო სოფო, შენ ეტყობა არ ხარ ინფორმირებული და შესაბამისად, ვერ გავიგე შენი პასუხის აზრი. შენს მიერ ჩამოთვლილი ბუმბერაზი კომპოზიტორების სიმღერებს პროექტ „საქართველოს ფანოღში“ მღეროდნენ მონაწილეები. აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ მუსიკალურ მიმდინარეობაზე არ იყო ლაპარაკი, ლაპარაკია იმაზე, რომ „კომედი არხზე“ დიდი რეიტინგი რომ დადო პროექტმა, იყო შეთავაზებები „რუსთავი 2“- ზე გადატანილიყო, გადაფუთულიყო და გაკეთებულიყო იმის მსგავსად, რაც დღეს კეთდება ჩემს გარეშე. შენ კარგად იცი როგორ პატივს ვცემ შენს შემოქმედებას, პიროვნებას და ინდვიდს, მაგრამ სწორად გაიგე რას ვამბობ, იყო შეთავაზებული მსგავსი ტიპის პროექტი ჩემგან, რაზეც მივიღე უარი და ახლა აღმოვაჩინე, რომ კეთდება ჩემს გარეშე. არც ვჩხუბობ და არც არავის ვემდური, არც არავისი იუმორინა ვარ და არც ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ იმ ტელევიზიისგან და ამ ტელევიზიაში მყოფი ადამიანებისგან. მე პირიქით, პოზიტიურად ვარ განწყობილი და წარმატებას გისურვებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ – ძალიან ტეხავს, როცა შენ გეუბნებიან “არას” და მერე თავად აკეთებენ შენს გარეშე იმას, რაც შენი ნაწილია. PS: არც ფანოღის მომღერლები არიან დასაცინები და არც ერის მენტალური იუმორინა. გამგები გაიგებს.- წერს მომღერალი სოფო ნიჟარაძის საპასუხოდ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომენტარით, ნინო ჩხეიძე „რუსთავი 2“-ზე რომელიმე მუსიკალური პროექტისთვის არასდროს განხილულა.
ნიკა გვარამია:

– „საქართველოს ფანოღის არა, “ვარესის”, იუმორინას გაგრძელებაა. მსგავსი არაფერი მომხდარა. და არც შენ განხილულხარ, ნინო, რ2-ზე რომელიმე მუსიკალურ პროექტში, ოდესმე. და ფანოღი იყო გასართობი და სასაცილო, და არა – მუსიკალური პროექტი. მაგიტომაც გადიოდა “კომედი არხზე..
– სამწუხაროა, რომ მე სხვას მეუბნებიან და შენ სხვა რამ დაწერე. მაგრამ ერთი ის მიხარია, რომ გულწრფელი ხარ და რასაც ფიქრობ, იმას წერ. ახლა უკვე გავიგე ბოლო წლების განმავლობაში რატომ ვარ დაბლოკილი თქვენს არხზე, „ნანუკას შოუს“ გარდა. იმასაც მივხვდი, რომ დროის და სტატუსების ცვლილება, თურმე, მოქმედებს ადამიანებზე. არ მეგონა თუ შენთვის და „რუსთავი 2“-სთვის მარტო იუმორისტულ ჭრილში განვიხილებოდი. ნეტავ, კიდევ რა ჭრილში განმიხილავს „რუსთავი 2”, – ასე უპასუხა მომღერალმა „რუსთავი 2“-ის დირექტორს.
როგორც „ეურუსს“ მომღერალმა ნინო ჩხეიძემ განუცხადა, არხზე დაბლოკვის მიზეზად პოლიტიკურ ჭრილს გამორიცხავს:
– ფაქტია, რომ „რუსთავი 2“-ზე დაბლოკილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამ არხთან ადრე ვთანამშრომლობდი. ამინდის პროგნოზის წასაკითხადაც კი არ მიწვევენ. მხოლოდ „ნანუკას შოუსგან“ არ მომხდარა მსგავსი რამ და ამის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. მიზეზს ვერ ვპოულობ. პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ, რადგან აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ.
ძალიან საწყენი იყო რომ აღმოჩნდა, „რუსთავი 2“, როგორც კომედი მომღერალს, ისე აღმიქვამს და რომ თურმე ჩემთან, სერიოზულ მუსიკალურ პროექტებზე თანამშრომლობას არასდროს განიხილავდნენ. თუმცა ჩემ პორტფოლიოს რომ გადავხედოთ, პირველ „ვოისში“ ჟიურის წევრი ვიყავი. ჩემს რეპერტუარშიც არის არაფანოღური სიმღერები და აქვე იმას დავამატებდი, რომ „საქართველოს ფანოღი“ იყო სრულიად ქართული პროექტი, რომელმაც მინიმალური ბიუჯეტით ძალიან დიდი შედეგი დადო 5 წლის მანძილზე, რაც ისევ „რუსთავი 2“-ის წისქვილზე ასხამდა წყალს. გასაკვირი ის არის, რომ არამარტო საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც „საქართველოს ფანოღს“ არავინ აღიქვამდა იუმორისტულად, „რუსთავი 2“-ში მყოფი რამდენიმე ადამიანის გარდა.
ისე გამოჰყავთ, რომ მე ჟანრები მერევა და ორივე სხვადასხვა ჟანრის პროექტია. ამ პროექტებს კი აერთიანებს იდეა – ქართული სიმღერების შესრულება. ეს დეტალი წაიღეს „საქართველოს ფანოღიდან“ და შეუცვალეს სახელი და მისცეს მასშტაბურობა, საქმეც ამაშია.

ეურუსი