ივანიშვილმა სერგეენკო და კვირიკაშვილი დაიწუნა – “ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატურების შერჩევაზე კასტინგი გამოცხადდა

ივანიშვილმა სერგეენკო და კვირიკაშვილი დაიწუნა – “ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატურების შერჩევაზე კასტინგი გამოცხადდამმართველ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. დარწმუნებით ამბობენ, რომ გამარჯვებული მათი კანდიდატი იქნება, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, თუ ვინ იქნება ეს იღბლიანი.
არადა “ქართულ ოცნებაში” კანდიდატურების შერჩევა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. როგორც “ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ “ახალ თაობას” უთხრა, მმართველ გუნდს ივანიშვილმა კანდიდატების შერჩევის უფლება მისცა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაახლოებით ისეთივე სურათი იხატება, როგორიც დედაქალაქის მერის კანდიდატის შერჩევის დროს იყო.
ჩვენს მკითხველს ემახსოვრება, რომ “ოცნებამ” მერობის კანდიდატი ყველაზე გვიან დაასახელა. მაშინ ივანიშვილი ამ საქმეში არ ჩარეულა. მეოცნებეებმა ბოლომდე ვერ გაარკვიეს, რომელი უფრო მისაღები იქნებოდა მისთვის – კახა კალაძე თუ დავით ნარმანია. საბოლოოდ კალაძის კანდიდატურაზე შეჩერდნენ, ისიც იმიტომ, რომ შიდა სარეიტინგო კვლევამ ნარმანიასთან დაკავშირებით კატასტროფული შედეგები აჩვენა.
შიდა სარეიტინგო კვლევებს “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც ჩაატარებს. ეს იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუ პირადად ივანიშვილი გაზომავს თავისი პარამეტრებით კანდიდატის რეიტინგს.
გასული წლის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ოცნებაში” ყველაზე აქტიურად გიორგი კვირიკაშვილის და მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურები განიხილებოდა. გასულ კვირას დავით სერგეენკოზეც გავრცელდა ინფორმაცია.
გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელება კატეგორიულად გამორიცხა. “ახალი თაობის” წყაროს ინფორმაციით, მან ამის შანსი ნიკა მელიას კეთილების საჯაროდ მოკითხვის შემდეგ დაკარგა.
“თაიმერის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დავით სერგეენკოს კანდიდატურაც დაიწუნა. არადა ყოფილი პრემიერი ჯანდაცვის მინისტრის მიმართ დადებითად იყო განწყობილი. მისი კანდიდატურა ერთ დროს პრემიერის პოსტზეც მოიაზრებოდა.
როგორც “ახალ თაობას” უთხრეს, “ოცნებაში” სერგეენკოს გვარის გაჟღერებამ გარკვეული ჯგუფები შეაშფოთა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შემთხვევითი არაა, რომ რამდენიმე დღის წინ სერგეენკოს გარშემო ხმაურიანი სკანდალი აგორდა. საუბარია ვადაგასული ცოფისსაწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებაზე. მოგვიანებით აუდიტის სამსახურმა მის მიერვე გავრცელებული ინფორმაცია უარყო, მაგრამ სასურველი შედეგი მიღწეულია – უარყოფის მიუხედავად, ყველა მას აგინებს.
“ოცნების” წევრი “თაიმერთან” საუბარში ამბობს, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურა მოსწონს. ის ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მეოცნებეთა კანდიდატად მოიაზრებოდა სალომე ზურაბიშვილიც. პარლამენტის კულუარებში ამბობდნენ, რომ “ოცნების” მომდევნო კანდიდატი ქალი იქნებოდა.
პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის პოსტისთვის ყველაზე კარგი კანდიდატურა მეცნიერი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ინტელიგენციის ნაწილმა “ოცნებას” შესთავაზა რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ლადო პაპავა დაასახელონ. ინტელიგენციის მეორე ნაწილი კი დავით საგანელიძისა და კარასინთან მოლაპარაკე ზურაბ აბაშიძისკენ იხრება.
მართალია, ჯერ კანდიდატურაზე ვერ ჯერდებიან, მაგრამ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დასახელებულს წინასწარ დაადებინებენ პირობას, რომ ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში არ შევა.
მაგის პირობას თავის დროზე გიორგი მარგველაშვილიც დებდა, მაგრამ ისე გამაგრდა მიშასეულ სასახლეში, ივანიშვილმაც კი ვერ გამოიყვანა გარეთ.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა