დავით ქაცარავა მინისტრობას უმიზნებს?- “კაცთმოძულე ნამდვილად არ ვარ”

დავით ქაცარავა მინისტრობას უმიზნებს?- "კაცთმოძულე ნამდვილად არ ვარ"სპორტსმენი და მსახიობი დავით ქაცარავა ბოლო დროს სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში აქტიურად არის ჩართული, ის არც ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას ერიდება, მათ შორის არც ლგბტ თემის წევრების მიმართ. ამიტომაც მასზე ათასი მითქმა-მოთქმა ვრცელდება, იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ქაცარავას მალე პოლიტიკაში ვიხილავთ.

– დავით, ამბობენ, რომ სპორტისა და შოუბიზნესიდან პოლიტიკაში აპირებთ გადანაცვლებას. ამ ხმებს საფუძველი აქვთ?

– როცა გადავწყვიტე, სამოქალაქო აქტივობებში ჩავრთულიყავი, დაიწყეს ლაპარაკი, ქაცარავა პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, საფუძველს იმზადებსო. თავიდან ამბობდნენ, უნდა, რომ თბილისის საკრებულოში მოხვდესო, მერე თბილისის მერობაზე იყო საუბარი. საქართველოს პრეზიდენტობისთვის ემზადებაო, ესეც კი თქვეს. ბოლო ჭორი იყო, სპორტის მინისტრობას უმიზნებსო.

5 ან 10 წლის შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით ახლა გეგმა არ მაქვს და ვერც ჩემს თავს ვხედავ იქ.

– აქტიურად ხართ ჩართული ლგბტ პირებითან დაკავშირებული თემის განხილვებშიც და მძაფრად გამოხატავთ თქვენს პოზიციას. ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც ამ საკითხს განიხილავდა, პროტესტის ნიშნად დატოვეთ. როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ამ საქციელს?

– საზოგადოებისგან ძალიან დადებითი შეფასება მივიღე. ნეგატივი ლგბტ თემის წარმომადგენლებისგან იყო, მაგრამ ისიც იმაზე ნაკლები დოზით, ვიდრე ველოდი. ნამდვილად არავის მოვუწოდებ ძალადობისკენ. ყველას აქვს არსებობის უფლება, ლგბტ თემის წარმომადგენლები ისეთივე სრულუფლებიანი წევრები არიან ჩვენი საზოგადოების, როგორც ამ თემის გარეთ მყოფი ადამიანები, რომელთაც ეს არ მოგვწონს.

ერთადერთი, რასაც ვაპროტესტებ, ამ თემის პროპაგანდა და გადამეტებული ყურადღება, პიარია, რასაც ყოველდღიურად დიდი დოზით ვიღებთ ტელეშოუებიდან.

– თქვენი ასეთი პოზიციის გამო ჰომოფობადაც შეგრაცხეს.

– ჰომოფობს ასეთი დატვირთვა მიეცა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ლგბტ თემს ეწინააღმდეგება და ეს ყოველივე არ მოსწონს. ამ თვალსაზრისით, ალბათ ყველაზე დიდი ჰომოფობი ვარ საქართველოში, მაგრამ კაცთმოძულე ნამდვილად არ ვარ.

– წლების წინ თქვენ და სალომე გოგიაშვილი ჰომოფობიური განცხადების გამო ტელეკომპანია “იმედიდან” გაგათავისუფლეს…

– ეს არ იყო ჰომოფობიური განცხადება, ვთქვით, რომ ელტონ ჯონის ორივე სუროგატი შვილი გვეცოდებოდა. ამას ახლაც გავიმეორებ, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ლგბტ წყვილების მიერ შვილების აყვანა. ეს ბავშვების უფლებების შელახვაა. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ბუნებრივი არის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობის შედეგად გაჩენილი ბავშვი და ოჯახი. ამ განცხადების გამო მე და სალომე გოგიაშვილი სამსახურიდან გაგვათავისუფლეს.

დღეს სიტუაცია ასეთია: გვიკრძალავენ ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვას. ეს ადამიანები თავიანთ უფლებებს იცავენ და იმ დონემდე მივიდნენ, რომ ჩვენს უფლებებს არღვევენ, კონკრეტულად კი სიტყვის თავისუფლად გამოხატვის უფლებას.

იქამდე მივდივართ, რომ პრობლემა ხელოვნურად იქმნება, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ამით ორგანიზაციები გამორჩენას ცდილობენ, გრანტებს ვგულისხმობ.

– თუმცა არიან მოკლული ტრანსგენდერებიც…

– თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ის ადამიანები ამ ნიშნით მოკლეს? ეს დადასტურებულია? თუ ვინმე მტკიცებულებების საფუძველზე მეტყვის, რომ ასეა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ასეთი საფრთხეები. ამ ადამიანების ნაწილი შეგნებულ პროვოკაციაზე მიდის, რომ გაილახონ და განაცხადონ, რომ მათი უფლებები ირღევა, მიიღონ გრანტები და ა.შ. ეს პრობლემა ისეთი მძაფრი არ არის, როგორც ისინი წარმოაჩენენ.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”