მიშა სულუხია: “დედაჩემის უკანასკნელი სურვილი იყო, ოჯახი შემექმნა”

მიშა სულუხია: "დედაჩემის უკანასკნელი სურვილი იყო, ოჯახი შემექმნა"მომღერალმა მიშა სულუხიამ ჟურნალ “სარკეს” იმ ტრაგიკულ დღეებზე უყვება, რაც ბოლო პერიოდში გადაიტანა – დედამისი, მაია მილორავა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 50 წლის იყო და სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.

მიშა სულუხია:

– დედაზე საუბარი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. მისი გარდაცვალება ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რაც კი აქამდე ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. არასდროს გამინელდება დედაჩემის მიმართ გრძნობები.

ვიღაცას ჰგონია, რადგან ვმღერი, დედა მარტივად დავივიწყე, მაგრამ ასე არ არის. მუსიკა მეხმარება იმაში, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდე. დედის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა.

დედის დაკარგვა ჩემმა გულშემატკივრებმა, ახლო ადამიანებმა გადამატანინეს. მეგობრები თანამიგრძნობენ, კარგად იციან ჩემი მდგომარეობა.

ეს თვეებმ ყველაზე მძიმე პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. გამოიკვეთნენ ადამიანები, რომლებიც არც ერთი წუთით მომშორებიან გვერდიდან. მინდა, თითოეულს მადლობა გადავუხადო. ყველაზე რთული იყო გააზრება, რომ ეს უნდა მომხდარიყო, შეგუება მის დიაგნოზთან და საბოოლოდ – შედეგთან. იმედს არც ერთი წუთით ვკარგავდი, მაგრამ მაინც ისე მოხდა, როგორც მოხდა.

– თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედა იყო. თქვენს დედაშვილობაზე “სარკესთანაც” გისაუბრიათ. ახლა ვის ასმენინებთ პირველად თქვენ სიმღერებს?

– ხმის ჩამწერი სტუდია სახლში მაქვს, დედა ყოველთვის აკვირდებოდა ჩემს სამუშაო პროცესს. შესაბამისად, ის პირველი იყო, ვინც ჩემს ნამღერს ისმენდა. დღეს მე და ბებია ვცხოვრობთ ერთად, ახლა ის ისმენს პირველი, ასევე მეგობრები…

– მამა?

– მამა არ მყავს!..

– დაგიდგათ ის პერიოდი, როცა ოჯახის შექმნაზე დაიწყეთ ფიქრი?

– სხვათა შორის, ბოლო პერიოდში უკვე ვფიქრობ ამაზე. უკვე საინტერესოა ჩემთვის ოჯახის შექმნა. მთელი ცხოვრება იმდენად გართული ვიყავი ჩემი საქმიანობით, რომ ამაზე აქამდე არ მიფიქრია.

დედაჩემის ერთ-ერთი უკანასკნელი სურვილი იყო, რომ ოჯახი შემექმნა და ალბათ ასეც მოხდება.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”