ნატო ქავთარაშვილი და მედიკო მაჩალიკაშვილი კონკურსში მოგებული 100.000 ლარით ვაინახური რესტორნის გახსნას აპირებენ

ნატო ქავთარაშვილი და მედიკო მაჩალიკაშვილი კონკურსში მოგებული 100.000 ლარით ვაინახური რესტორნის გახსნას აპირებენპანკისელმა ქალებმა, 37 წლის ნატო ქავთარაშვილმა და 46 წლის მედიკო მაჩალიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მშობლიური კუთხის აქამდე უცნობი სამზარეულო აღმოაჩენინეს. ისინი “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ჩემი სამზარეულოს წესების” გამარჯვებულები გახდნენ. ფინალში ზუგდიდელი კულინარები დაამარცხეს და 100 ათასი ლარი მოიგეს.

მედიკო და ნატო საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ერთად არიან ჩაბმული, პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” წევრებით არიან. მედიკო ადგილობრივებს კულინარიას ასწავლის, ნატო კი ახალგაზრდებთან სხვადასხვა პროექტზე მუშაობს.

ტელეპროექტში გამარჯვება, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდათ, თანაც ორმაგად. ერთია არცთუ მცირე ფულადი ჯილდო, სიხარულის მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ვაინახური სამზარეულოს პოპულარიზაცია და პანკისის ხეობის დადებითი კუთხით წარმოჩენა სურდათ და გამოუვიდათ. დღეს უკვე ძალიან ბევრს აქვს სურვილი ჯიჯიგ გალნაშის, კალდეელთ გალისა თუ ჰალვის გემო გაიგოს და თავადაც მოამზადოს.

სანამ ქალბატონებთან, ნატოსა და მედიკოსთან, ინტერვიუს შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ ვაინახი ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდებაა და ნიშნავს “ჩვენს ხალხს”. ამ ეთნონიმით ეს მონათესავე ხალხები თავიანთ თავს ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ეთნოსებისაგან გამოაცალკევებენ. ვაინახები ცენტრალური კავკასიის ძველისძველი მკვიდრნი არიან. მათი ენა ჩრდილოკავკასიური ოჯახის ნახურ ჯგუფში შედის.

– გილოცავთ გამარჯვებას! რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს შორის ნომერი პირველი კულინარები გახდით?

ნატო: “ნომერი პირველი კულინარი” ხმამაღალი ნათქვამია. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა და მაღალი შეფასება იმიტომ მივიღეთ, რომ ჟიური და კონკურსანტები ვაინახურ სამზარეულოს არ იცნობდნენ. მათ არათუ გასინჯული, ნანახიც კი არ ჰქონდათ ჩვენი კერძები.

აქედან გამომდინარე, მაღალი ინტერესი იყო მათ მიმართ და გემოებმაც გაამართლა. ასე რომ, იყო ნომერი პირველი კულინარი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ქუჩაში გვცნობენ, გვილოცავენ. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, სოციალურ ქსელში მწერენ და გვეკითხებიან, გავხსნით თუ არა რესტორანს. იმედია, კი.

მედიკო: ფულადი ჯილდო იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ჩვენი კუთხურ-ტრადიცული კერძების პოპულარიზაცია. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი კერძებით უკვე მთელი საქართველოა დაინტერესებული.

– როცა პროექტში მისვლა გადაწყვიტეთ, თქვენი მიზანი გამარჯვება იყო თუ უბრალოდ მონაწილეობა?

ნატო: თავიდან პროექტში გამარჯვებაზე არც კი გვიოცნებია, უბრალოდ გვინდოდა, საზოგადოებისთვის გაგვეცნო ჩვენი სამზარეულო და პანკისი პოზიტიური კუთხით გამოჩენილიყო. გამარჯვება ჩვენთვის შოკის მომგვრელია, დღესაც არ მჯერა.

მედიკო: გამარჯვებაზე საერთოდ არ ვფიქრობდით. ისეთი ძლიერი კონკურენტები გვყავდნენ, რომ თავიდან მათთან შეჯიბრის ძალიან მეშინოდა.

– როცა თქვით, რომ კულინარიულ კონკურსში მიდიოდით, როგორი რეაქცია ჰქონდათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს? მათი აზრი როგორი იყო?

ნატო: ეს გადაწყვეტილება თვითონ არ მიგვიღია, არც ვიცოდით, რომ ახალი სეზონი იწყებოდა. მე და მედიკოს გვყავს ძალიან აქტიური უფროსი, ქალბატონი იზა ბექაური, რომელმაც გაგვაბედინა და ხელი შეგვიწყო, მოვხვედრილიყავით ამ პროექტში.

თავიდან, რა თქმა უნდა, უარი ვთქვით, ვერ გავბედავთ და შეიძლება ოჯახებშიც არ მოგვიწონონ-თქო, მაგრამ არანაირი წინააღმდეგობა ყოფილა და ამ პროექტში მოვხვდით.

მედიკო: პირველად, როცა კონკურსი გამოცხადდა და ჩემს ბიჭს ვუთხარი, მონაწილეობა მინდა-მეთქი, ისეთი სახით გამომხედა, ვინანე, ნეტა, არ მეთქვა და არც მეფიქრა, ტელევიზიაში კულინარიული შოუს მონაწილე გავხდე-მეთქი. ცოტა ხნის მერე მითხრა, კარგი გადაწყვეტილებაა და ამ ნაბიჯს თუ გადადგამ, ოჯახი და სანათესაო გვერდში დაგიდგებაო.

რაც შეეხება პანკისის ხეობას, რომ არ ველოდი, ისეთი პოზიტიური განწყობები იყო საზოგადოებაში. პირველი შემთხვევა იყო, როცა ქისტმა ქალებმა ტელეშოუში მიიღეს მონაწილეობა.

– თქვენს ოჯახებზე გვიამბეთ, ქმარ-შვილზე. საინტერესოა, როცა ეკრანზე გამოჩნდით, თქვენი ქმრები ხომ არ ეჭვიანობდნენ.

ნატო: სამი შვილი მყავს. 17 წლის და 14 წლის გოგონები და 7 წლის ვაჟი. ჩემი მეუღლე ეჭვიანი არ არის. ასე რომ იყოს, პროექტში არც გამიშვებდა. ის კი პირიქით, რჩევებსაც მაძლევდა.

მედიკო: მეც სამი შვილი მყავს – ორი გოგო და ერთი ბიჭი. გოგონები გათხოვილები არიან, ბიჭი დასაოჯახებელია. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე 15 წლის წინ გარდაიცვალა.

– სახლში როგორი კულინარები ხართ? ყოველდღიურადაც ისეთივე საოცარ კერძებს ამზადებთ, როგორიც პროექტში წარმოადგინეთ?

ნატო: სიმართლე გითხრათ, გამზადების პროცესი დიდად არ მიყვარს, მაგრამ რასაც ხელს მოვკიდებ, თავს შევიქებ და ვიტყვი, გემრიელი გამომდის. ჩემი დაქალები და ნათესავები რომ ჩამოდიან ზაფხულში, სოფელში ყოველთვის მთხოვენ, ჭინჭრის ხაჭაპურები გავუკეთო. ასევე ჩემი გაკეთებული ბევრი კერძი უყვართ და ვახვედრებ ხოლმე.

მედიკო: კუთხურ-ტრადიციული კერძების მომზადება ჩემი ყოველდღიურობაა. თანამედროვე გასტრონომიაზე პრეტენზია არ მაქვს.

– ჟიურის როგორ შეაფასებთ? გურამ ბაღდოშვილი და მერიკო გუბელაძე მკაცრები იყვნენ თუ ლოიალურები?

ნატო: ჟიური იყო კომპეტენტური და სამართლიანი. პირველ ეტაპზე მხოლოდ მერიკო გუბელაძე და გურამ ბაღდოშვილი გვაფასებდნენ, ნახევარფინალში დაემატნენ სხვა წევრებიც, მათ შორის ნიკა გვარამია, რომელიც აღმოჩნდა ძალიან მკაცრი, მაგრამ ჩვენ არ დავიძაბეთ მის მიერ დაწერილ ორიანებზე და ძალიან პოზიტიურად წარვუდგინეთ ჩვენი კერძები. ამას მოჰყვა ძალიან მაღალი შეფასება და მოვხვდით ფინალში.

მედიკო: მკაცრი, ობიექტური და სამართლიანი ჟიური იყო. მხოლოდ კარგის და დადებითის თქმა შემიძლია მათზე.

– დაახასიათეთ ის კერძი, რომელმაც გაგამარჯვებინათ, ანუ თქვენი ფინალური კულინარიული შედევრი. მისით ჟიური აღფრთოვანებული დარჩა.

ნატო: ბოლო გადაცემაში მოვამზადეთ ღააბაქხ ხინგალიში. ეს არის იგივე ხაჭაპური, ოღონდ გოგრის შიგთავსით და ჟიურის წევრებს ძალიან მოეწონათ. მთავარ კერძად გვქონდა მაამტიში, ცომში მოთავსებული ფარში, რომელიც ორთქლზე იხარშება და პომიდვრის, ხახვის და ბულგარულის სოუსთან ერთად იჭმევა.

ეს კერძი რამდენად ჩვენია და ტრადიციული, ვერ გეტყვით, მაგრამ მე მხოლოდ ჩეჩნეთში გამისინჯავს და აქ, პანკისშიც, ჩეჩენმა ლტოლვილმა ქალებმა გვასწავლეს წლების წინ. მეც და მედიკოც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე.

რაც შეეხება დესერტს, არ იყო ტრადიციული, მაგრამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა თხილეულის ბისკვიტმა ფორთოხლისა და ლიმონის სოუსში. ჟიურიმ იმდენად დადებითად შეგვაფასა, ერთი სული მქონდა, კიდევ ერთხელ მომესმინა ჩანაწერი.

– ერთმანეთი როგორ გაიცანით, თქვენი ტანდემი როგორ შედგა?

მედიკო: მე და ნატა ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობთ. უკვე დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

ნატო: მედიკო კარგი კულინარია. არასამთავრობო ორგანიზაციაში მედიკო კულინარიას ასწავლის, მე კი ქისტ და ქართველ ბავშვებთან სხვადასხვა პროექტში ვარ ჩართული. დილიდან ერთად ვართ სამსახურში და ხშირად ერთადაც გვიწევს გამზადება და გამასპინძლება, როცა სტუმრები მოდიან.

– თანხა როდის გადმოგეცემათ და როგორ აპირებთ მის გამოყენებას?

ნატო: ჯერ არავინ დაგვკავშირებია და არ ვიცით, როდის გადმოგვცემენ. გვინდა, რაიმე მყუდრო ადგილი შევარჩიოთ, სადაც სტუმრებს გემრიელი ვაინახური კერძებით გავუმასპინძლდებით.

მედიკო: როცა თანხას გადმოგვცემენ, ვფიქრობ, რომ პატარა რესტორანი მოვაწყო. დუისში მაქვს მიწის ნაკვეთი და იქ მინდა აშენება. ბუნებრივია, კუთხურ ტრადიციულ კერძებს გავაკეთებ. თუ ნატას სურვილი ექნება, ერთობლივ ბიზნესს წამოვიწყებთ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე