”პირველად მშობლებმა ბიჭთან წამასწრეს” – ტრანსგენდერ ლიზა ქისტაურს ბელგიაში ცოლობა სთხოვეს – “ქართველი მამაკაცები გიჟდებიან ტრანსებზე, მაგრამ ამას საჯაროდ არ აღიარებენ”

”პირველად მშობლებმა ბიჭთან წამასწრეს” - ტრანსგენდერ ლიზა ქისტაურს ბელგიაში ცოლობა სთხოვეს - "ქართველი მამაკაცები გიჟდებიან ტრანსებზე, მაგრამ ამას საჯაროდ არ აღიარებენ"ხევსური ქისტაურების ოჯახში 20 წლის წინ ბიჭი დაიბადა და მას გიორგი დაარქვეს. ახლახან მან სახელი გადაირქვა და ის უკვე ლიზა ქისტაურია. ანატომიურად ქალი არ არის. ქირურგიული ოპერაციების საშუალებით აპირებს ქალური მკერდი გაიკეთოს და მამაკაცის სასქესო ორგანო მოიშოროს.

ლიზა ქისტაური რამდენიმე თვეა ბელგიაში ცხოვრობს. საქართველოდან გაიქცა, რადგან დღისით გარეთ გასვლის ეშინოდა. ბელგიაში კი ქალის სამოსით თავისუფლად დადის. “სარკეს” მან თავისი ისტორია უამბო:

– გიორგი სულ პატარა იყო, როცა იცოდა, რომ ის იქნებოდა ქეთი, ლიზა ან სხვა ვინმე, მაგრამ არა – გიორგი. 3 წელია ქალურად მაცვია.

– ამის გამო არ მოგსვლიათ ჩხუბი საქართველოში, სადაც, როგორც ამბობენ, თქვენი ორიენტაციის მქონე ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან? როგორც ვიცი, არასოდეს დაგიმალავთ ეს ამბავი.

– დიახ, არასოდეს დამიმალავს, მაგრამ ჩხუბი არ მომსვლია, რადგან ყოველთვის ვერიდებოდი დღისით ქუჩაში გასვლას, თორემ შეიძლებოდა მართლა მოვეკალი ვინმეს. მშიშარა ვარ, პრობლემებს ყოველთვის გავურბივარ.

სანამ გიორგი ვიყავი, ბევრად დიდი აგრესია მოდიოდა ჩემკენ, ვიდრე ახლა, როდესაც ჩამოვყალიბდი. უნდა აღვნიშნო, რომ ქართველი მამაკაცები გიჟდებიან ტრანსებზე. ეს მათთვის გარკვეული ეგზოტიკაა, მაგრამ ამას საჯაროდ არ აღიარებენ.

– ოჯახმა როგორ აღიქვა თქვენი ამბავი?

– მამასთან დღემდე არ მილაპარაკია ამ თემაზე. 2 წლის წინ წამოვედი სახლიდან. მამამ ბოლოს ნახა გიორგი, თუმცა ფოტოებში ხშირად ხედავდა ჩემს რეალურ სახეს. ასე რომ, ეს მისთვის დიდი დარტყმა არ იქნებოდა.

ჩემი მშობლებისთვის ისე არ ყოფილა, რომ ერთ დღეს გაეღვიძათ და ვაჟკაცის მაგივრად ქალი შერჩათ ხელში. ყოველთვის იცოდნენ, რაც ხდებოდა, თუმცა, საჯაროდ რომ გამოვჩნდი, დედაჩემი 2 თვე არ მელაპარაკებოდა. მერე შევრიგდით. მამა მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ვენატრებოდი და სახლში მივსულიყავი, მაგრამ მე არ მქონდა სურვილი. მშვიდად ვერ ვიცხოვრებდით, რადგან მათ ჰყავდათ ბიჭი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდათ, მან კი გადაწყვიტა, რომ იყოს გოგო.

დედას ვეუბნები, მნიშვნელობა არ აქვს, რა მქვია, უბრალოდ მინდა, შენი შვილი ვიყო-მეთქი. დედამ საჯაროდ ქალის ფორმაში პირველად ერთ-ერთ შოუში დამინახა, დამირეკა, ეს რა არისო. ვუპასუხე, ეს არის რეალობა-მეთქი.

ტელეფონი გათიშა. მერე მისი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ცუდად იყო, აგრესიული გახდა. 2 თვის მერე დამირეკა და დღეს კარგი ურთიერთობა გვაქვს. დედაც და მამაც “ფეისბუქზე” მიწერენ მხარდამჭერ კომენტარებს, რომ ჩემ გვერდით არიან. და-ძმა არ მყავს და ესეც თამაშობს კარგ როლს, რადგან მათი ერთადერთი შვილი ვარ და ვერ მეუბნებიან, ნახვამდისო.

– “ნანუკას შოუში” თქვით, ხშირად მთელი ღამე ვტიროდიო. რა გატირებდათ?

– 18 წლამდე მშობლებთან ერთად მეძინა. როცა სახლიდან წამოვედი და საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, მეგონა, დედამ საბოლოოდ მითხრა: “ნახვამდის”. პანიკური შიში დამეწყო და ვტიროდი. ნერვული სისტემაც შემერყა, ახლა ყველაფერი ლაგდება.

– ფსიქოლოგის ან სასულიერო პირისთვის დახმარება არ გითხოვიათ? იქნებ ცდებით და კარგად ვერ საზღვრავთ თქვენს იდენტობას?

– საქართველოში ერთ-ერთ სკოლაში ვმუშაობდი ფსიქოლოგად და ამპარტავნული განცდა მქონდა – ჩემს ამბავს ქართველი ფსიქოლოგი ვერ მიხვდება-მეთქი. ბელგიაში მივალ ფსიქოლოგთან იმის გასარკვევად, ვახდენ თუ არა ჩემი გენდერის იდენტიფიკაციას, თუმცა დარწმუნებული ვარ, დადებითი პასუხი იქნება. იმდენად ადრეული ასაკიდან მოდის ეს ყველაფერი… პირველად მშობლებმა ბიჭთან წამასწრეს.

– ის ბიჭი თქვენივე ორიენტაციის მქონე იყო?

– მეზობელი იყო. მისი გენდერი არ მაინტერესებს, მნიშვნელობა არ აქვს.

– კაცებს ეპრანჭებით თუ როგორ ამყარებთ მათთან ურთიერთობას?

– არასოდეს გავპრანჭულვარ, რადგან ამის კომპლექსი მაქვს. მერე დადგებიან და ილაპარაკებენ, ქისტაურმა “კერვა” დამიწყოო. ქართველ ქალებზე ასჯერ ჭორიკნები არიან ქართველი კაცები. აქეთ მეპრანჭებიან. მერე მე ვიწყებ მათ გადახარისხებას. მთავარია, გარეგნულად მომეწონოს. ყოველთვის ერთღამიანი ურთიერთობით ვკმაყოფილდები. შეყვარებულობანა არ მიზიდავს.

– ამ ერთღამიან ურთიერთობებს როგორი ქცევა ჰქვია?

– ამიტომაც ვთქვი, რომ უნდა მომეწონოს, ანუ ყველა კი არ მომწონს, ათასში ერთი და მხოლოდ მასთან მექნება სექსუალური კავშირი. ეს ბოზობა არ არის.

– სიყვარულის გარეშე სექსუალურ კონტაქტს რა არის?

– თუ მოგეწონება, კონტაქტი უნდა დაამყარო და სახლში არ უნდა გაიქცე მასტურბირებისთვის. სერიოზული ურთიერთობა მიცდია, მაგრამ ამ ეტაპზე მირჩევნია, მერქვას ვიღაცის ბოზი და ვიყო თავისუფალი ადამიანი და არა – ჩაკეტილი.

2 თვეა ბელგიაში ვარ და რამდენიმე დღის წინ დავშორდი კაცს, რომელმაც ცოლობა მთხოვა. კარგი კაცია, ბევრი ფულიც აქვს, მაგრამ შეზღუდვები დამიწესა. ვუთხარი, მეგობრებთან ერთად “პლანი” უნდა მოვწიო-მეთქი და მთელი ამბავი ატეხა. დავემშვიდობე. შემეძლო, მქონოდა ბევრი ფული, დიდი სახლი და ა.შ. თავისუფლება მირჩევნია ბევრ ფულსაც და კარგ სახლსაც.

– საქართველოში პოპულარულიც იყავით და ტელევიზიაში მუშაობაც მოახერხეთ.

– დიახ და “იქს ფაქტორსა” და “ვოისშიც” მივიღე მონაწილეობა. კარგად არ ვმღერი, მაგრამ პოპულარობა მინდოდა. თან პროექტის პროდიუსერებისგანაც იყო ასეთი მოთხოვნა და რატომაც არა?

– ბელგიაში რას საქმიანობთ, ფულს რითი შოულობთ?

– ფინანსური მდგომარეობა არც საქართველოში მქონდა ცუდი და არც აქ მაქვს. მომხრე ვარ ადვილი ფულის შოვნის. მარტო რომ გადავედი საცხოვრებლად, მეგონა, გამიჭირდებოდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. ბელგიაში კი უკეთესად არის საქმე.

– ბელგიაში მამაკაცები უფრო კარგად უხდიან ტრანსგენდერებს?

– უფრო კარგად უხდიან მათ, ვინც პროსტიტუციით არის დაკავებული. მე კი მხოლოდ ერთი მყავს ხოლმე, თუმცა ფინანსურ მდგომარეობას არ ვუჩივი.

– აპირებთ ქირურგიული ოპერაციების გაკეთებას?

– მკერდის გაკეთება მინდა და სქესის შეცვლა. დანარჩენი ყველაფერი მომწონს. ამ დროს, პირველ რიგში, გინდა, კაცის ბიოლოგიური ნაწილი მოიშორო, ამიტომ აუცილებლად მოვიშორებ.

კაცებს მუდამ უკვირთ, ასეთი კანი და ტანი როგორ მაქვს. ნიკაპზე რამდენიმე თმამ გამოყო თავი და ეპილაციას ვიკეთებ. ფეხებს კი ჩვეულებრივად ვიპარსავ სამ დღეში ერთხელ. მაკიაჟსაც თვითონ ვიკეთებ და კერძების კეთებაც შესანიშნავად ვიცი. მამა აკეთებდა საჭმელებს და მისგან ვსწავლობდი.

– ღმერთი გწამთ?

– მხოლოდ შიშიდან გამომდინარე მჯერა რაღაცის, თორემ ღმერთი ხომ არავის ჰყავს ნანახი? ჩემთვის რომ არჩევანი მოეცათ, მამაკაცად დაიბადე ან საერთოდ არ დაიბადოო, არდაბადებას ავირჩევდი.

– გიცდიათ ქალის შეყვარება?

– დიახ, იქნებ უფრო ბედნიერი ვიყო-მეთქი. გარშემო ბევრი ლამაზი გოგო მყავს. მათთან ერთად მძინავს, ერთად ვბანაობთ, ვიპარსავთ ფეხებს, მაგრამ მათ მიმართ ლტოლვა არასოდეს მქონია.

– საქართველოში აღარ ჩამოხვალთ?

– ჩამოვალ მხოლოდ მაშინ, როცა გარეგნულად 100%-ით ქალი ვიქნები. ვგიჟდები საქართველოზე!

რუსუდან ადვაძე, სარკე