ლეილა მესხი: „ვამაყობ, რომ ბებიის სტატუსში ვარ და ამ ამპლუაში დიდ სიამოვნებას ვიღებ“
ჩოგბურთის ქართველი ვარსკვლავის ცხოვრება კორტების მიღმა - „შვილებმა ჩოგბურთის თამაშის გაგრძელება არ ისურვეს, შვილიშვილების იმედი მაქვს“

ლეილა მესხი: „ვამაყობ, რომ ბებიის სტატუსში ვარ და ამ ამპლუაში დიდ სიამოვნებას ვიღებ“„სარკე“, კობა ბრეგვაძე

ჩოგბურთის ქართველ ვარსკვლავთან, ლეილა მესხთან, ინტერვიუ დიდიხანია არ გვქონია და ამასობაში მის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეები მოხდა. ცნობილი ჩოგბურთელი ოჯახურად სხვა სტატუსში გადავიდა. ამაზე თავად გვიამბობს, მანამდე კი მოკლედ გადავავლოთ თვალი მის სპორტულ გზას: მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში ლეილა მესხი,  მსოფლიო ქალთა ჩოგბურთის ელიტაში შევიდა და ისეთი სიმაღლეები დაიპყრო, რომლებიც კავკასიის სპორტსმენი ქალებისთვის დღემდე მიუღწეველ ოცნებად რჩება. მან ჩოგბურთის თამაში 7 წლის ასაკში დაიწყო. „მამა ამბობდა, რომ თუ გოგონა შეეძინებოდა, იქნებოდა ჩოგბურთელი, თუ ბიჭი _ ფეხბურთელი. ძალიან უნდოდა ბიჭი, მაგრამ გავჩნდი მე. 7 წლის ასაკში მიმიყვანა სპორტულ სკოლაში“, _ გვიამბობს ლეილა.

პატარა გოგონა მალევე გამოირჩა თავის თანატოლებში უშეღავათო ბრძოლით, დისციპლინითა და უკანა ხაზზე თამაშის სრულყოფილებით. შედეგებმაც არ დააყოვნა: სეულისა და ბარსელონის ოლიმპიადაზე, დიდი მუზარადის და WTA-ს ((ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის) ტურნირებზე ახალგაზრდა ქართველმა ჩოგბურთელმა საუკეთესო შედეგები აჩვენა.

დიდების ზენიტში მყოფი 27 წლის ლეილა მესხი ტრავმის გამო იძულებული გახდა, თავი დაენებებინა დიდი სპორტისთვის, თუმცა თავისი ცხოვრება საქართველოში ჩოგბურთის განვითარებას სამუდამოდ დაუკავშირა.

ლეილა მესხი: „ვამაყობ, რომ ბებიის სტატუსში ვარ და ამ ამპლუაში დიდ სიამოვნებას ვიღებ“

_ ლეილა, მართალია, თქვენი სპორტული ცხოვრება საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ჩვენს ჟურნალთან იქნებ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ, როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ჩოგბურთს.

_ მამამ, გიორგი მესხმა, ფეხბურთელმა, რომელიც ჯარში სამხედრო-სპორტულ გუნდში თამაშობდა, კიევში გაიცნო დედაჩემი და დაქორწინდა. ამბობდა, რომ თუ გოგონა შეეძინებოდა, იქნებოდა ჩოგბურთელი, თუ ბიჭი _ ფეხბურთელი. ძალიან უნდოდა ბიჭი, მაგრამ გავჩნდი მე. 7 წლის ასაკში მომიყვანა ამ ადგილზე არსებულ სპორტულ სკოლაში (ინტერვიუ ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში ჩავწერეთ, ავტ.), სადაც გამსინჯა მწვრთელმა გურამ თოხაძემ. მოეწონა ჩემი მონაცემები და თქვა, დატოვეთ აუცილებლადო. ასე დავიწყე ჩოგბურთის თამაში.

_ თქვენს ბავშვობაში მსოფლიოს საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელები ასპარეზობდნენ _ ალექსანდრე მეტრეველი და თეიმურაზ კაკულია. თვალს ადევნებდით თუ არა მათ თამაშს და იყო თუ არა ეს სტიმული თქვენთვის, რომ მათსავით წარმატებული გამხდარიყავით?

_ რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებდით. სამწუხაროდ, მაშინ ტელევიზია მათ მატჩებს არ აჩვენებდა, მაგრამ ვესწრებოდით ტურნირებს, რომლებიც სპორტის სასახლეში იმართებოდა. შემდგომში 5-6 წელი თეიმურაზ კაკულია ჩემი მწვრთნელი იყო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სპორტულ წარმატებებში.

_ თქვენი შედეგები საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი და კავკასიელი  ჩოგბურთელი ქალებისთვის დღემდე მიუღწეველი რჩება, ეს ეხება დიდი მუზარადის, WTA (ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია) ტურნირებს, ასევე ოლიმპიადებს. თქვენ დამარცხებული გყავთ იმ დროს ნომერი პირველი ჩოგანი მარტინა ნავრატილოვა. თქვენთვის რომელი ტურნირი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

_ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე შეჯიბრი ჩემთვის მეტი ან ნაკლები მნიშვნელობის იყო. თითქმის ყველა ტურნირზე მიყვარდა გამოსვლა და მიზანი იყო,  საუკეთესო თამაში მეჩვენებინა. გავიხსენებ ალბათ 1991 წელს, ამერიკაში პირველი კატეგორიის ტურნირს, სადაც მეოთხედფინალში პირველი ჩოგანი მარტინა ნავრატილოვა და ნახევარფინალში ნატაშა ზვერევა დავამარცხე. ფინალში საბატინისთან წავაგე ერთი ბურთის სხვაობით.

იმ პერიოდში საუკეთესო ათეულის თითქმის ყველა მოთამაშისთვის მქონდა მოგებული. ვერ მოვუგე შტეფი გრაფს, სანჩესს და მონიკა სელეშს. რაც შეეხება ოლიმპიადებს, პირველად სეულის ოლიმპიადაზე დაუშვეს ჩოგბურთი, რომელშიც მონაწილეობა მეც მივიღე, მაგრამ მეორე წრეში შტეფი გრაფთან დაძაბულ ბრძოლაში წავაგე. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, რადგან მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი. უკვე შემდეგ ბარსელონის ოლიმპიადაზე წყვილთა შორის ზვერევასთან ერთად ბრინჯაოს მედლები მოვიპოვე.

ლეილა მესხი: „ვამაყობ, რომ ბებიის სტატუსში ვარ და ამ ამპლუაში დიდ სიამოვნებას ვიღებ“

_ სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმის გამო ნაადრევად მოგიწიათ ჩოგბურთისთვის თავის დანებება. ეს პერიოდი გაიხსენეთ. ალბათ დიდი გულისწყვეტა გქონდათ.

_ 1996 წელი იყო, ახალ ზელანდიაში დიდი ტურნირი მოვიგე, ვიყავი 27 წლის და ტერფის სერიოზული დაზიანება მქონდა. ერთწლიანი პაუზა ავიღე და ვიმკურნალე, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე, ამიტომ გადავწყვიტე, თავი დამენებებინა დიდი სპორტისთვის.

მე ვთვლი, რომ გამიმართლა, სპორტიდან დიდების ზენიტში წავედი. როგორც წესი, დიდ სპორტს თავს ანებებენ, როცა უკვე სისტემატურად აგებენ, აღარ შეუძლიათ წარმატებული თამაში. ასეთი გზის გავლა არ მინდოდა.

_ თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით საქართველოში ჩოგბურთის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, გახსენით ჩოგბურთის აკადემია, წლების განმავლობაში იყავით ფედერაციის თავჯდომარე, დღემდე ატარებთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებს, ზრუნავთ ახალი თაობის აღზრდაზე. თავად როგორ აფასებთ კორტების მიღმა თქვენს საქმიანობას?

_ ესეც ძალიან საინტერესო ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ბევრი ვიფიქრე, რა უნდა გამეკეთებინა დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ. ისევ ჩოგბურთში დარჩენა ვარჩიე, დავაარსე აკადემია, საფუძველი ჩავუყარე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირს საქართველოში. ალბათ, როგორც ორგანიზატორიც, გამოვდექი. ძალიან რთული პერიოდები გამოვიარეთ და დღეს მიხარია, რომ ლიდერები ვართ რეგიონში სპორტის ამ სახეობაში.

_ საინტერესოა თქვენი აზრი ჩოგბურთის პოპულარიზაციაზე სამოყვარულო დონეზე. ჩოგბურთის ნაირსახეობები _ სკვოში და პადელი _ სულ უფრო პოპულარული ხდება.

_ სკვოში და პადელი ჩოგნითა და ბურთით ჩოგბურთის გარკვეული იმიტაციაა, ჩემთვის ეს გასართობ, გამაჯანსაღებელ სახეს ატარებს. ალბათ მარტივია,   მოყვარულის დონეზე უცებ რომ სწავლობ რაღაცას, ჩოგბურთი კი ის სპორტია, სადაც 1-2 ვარჯიშით ვერ ისწავლი არა თუ თამაშს, არამედ ბურთისთვის ჩოგნის მორტყმას. მას დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, რაც ამ ახალ სახეობებს არ ახასიათებს. მე ვერანაირად შევადარებ.

ადრე ჩოგბურთს მაგიდის „პინგპონგსაც“ ადარებდნენ, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს სულ სხვადასხვა დონის თამაშებია. კარგია მაინც, რადგან ახალგაზრდები ქუჩაში არ დგანან და ამ თამაშებით არიან დაკავებული.ლეილა მესხი: „ვამაყობ, რომ ბებიის სტატუსში ვარ და ამ ამპლუაში დიდ სიამოვნებას ვიღებ“

_ როგორ ვითარდება მსოფლიოში ჩოგბურთი და რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში ამ მხრივ? მარიამ ბოლქვაძე, ეკა გორგოძე, სოფო შაფათავა, ნიკოლოზ ბასილაშვილი საკმაოდ წარმატებული პროფესიონალები გახდნენ.

_ ჩოგბურთი, ისევე როგორც სპორტის ყველა სხვა სახეობა, ქვეყანასთან ერთად ვითარდება. როგორც პრიორიტეტი, საქართველოში ფეხბურთი, ჭიდაობა, რაგბი და კალათბურთია. ეს ტრადიციული სპორტის სახეობებია. ჩოგბურთი საკმაოდ რთული და ფინანსურად ტევადი სახეობაა. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება ნელ-ნელა იზრდება, ბევრი ტურნირი ტარდება, თაობებს შორის გარკვეული წყვეტა მაინც იგრძნობა.

ქართველები ნიჭიერები არიან. თუ ხელისუფლება, მერია ხელს შეუწყობს მეტი ტურნირის ჩატარებას, სპორტული სკოლების გახსნას, უკეთესი შედეგები გვექნება. მოდის ძალიან საინტერესო ახალი თაობა. როდესაც უკვე პროფესიონალურ დონეზე გადიხარ, იქ დიდი ხარჯებია. ფედერაცია და მშობელი ყველაფერს ვერ დააფინანსებენ. დარწმუნებული ვარ, 5-10 წელში მოვა მნიშვნელოვანი შედეგები.

_ შეიცვალა თუ არა თანამედროვე ჩოგბურთში ტაქტიკა და ტექნიკა?

_ არც ტაქტიკა და არც ტექნიკა ფაქტობრივად არ იცვლება. ეს არის ბაზა, რომელიც არსებითია, თუმცა ეს სპორტი უფრო სწრაფი და ენერგოტევადი გახდა. ჩოგნები გახდა სხვანაირი, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ალბათ დაკვირვებიხართ, საერთაშორისო ტურნირებზე ჩოგბურთელებს ფიზმომზადების მწვრთნელების, ფსიქოლოგების, კვების სპეციალისტების და მასაჟისტების რამხელა ამალა ახლავთ. ჩემს დროს წელიწადში 15-20 ტურნირში გვიწევდა მონაწილეობა, ახლა 30-40 ტურნირშია მონაწილეობა მისაღები.

დღეს ალბათ შეამჩნევდით, თითქმის ყველა ჩოგბურთელი გოგონა ფიზიკურად რა ძლიერად გამოიყურება. ჩემს დროს ასე არ იყო.

_ საქმის მიღმა როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება. დიდიხანია, თქვენთან ინტერვიუ არ გვქონია. რაიმე სიახლეები ხომ არ გაქვთ?

_ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს. მყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი. ვამაყობ, რომ ბებიის სტატუსში ვარ და ამ ამპლუაში დიდ სიამოვნებას ვიღებ. ვაკეთებ საყვარელ საქმეს და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ. მთავარია,  სახლში უსაქმოდ არ ვზივარ.

კორტზე სათამაშოდ იშვიათად გავდივარ, თუმცა ჩემი ცხოვრება მთლიანად კორტებთან არის დაკავშირებული. სულ ჩოგბურთს ვუყურებ, სასწავლო პროცესში ვარ ჩართული, ტურნირებს ვატარებ.

_ როგორ ატყობთ შვილიშვილებს, აპირებენ, ჩოგბურთს გაჰყვნენ?

_ აი, ალექსანდრე 6 წლის გახდა და დავაწყებინეთ თამაში. შვილებიც საკმაოდ კარგად თამაშობდნენ, მაგრამ გაგრძელება არ ისურვეს. შვილიშვილების იმედი მაქვს და ალბათ გენებიც ხელს შეუწყობენ.