დალი ჩიტალაძე: „60 წლის ასაკში ახალი სუნთქვა გამეხსნა… ჩემი ცხოვრებიდან მხოლოდ ორ ეპიზოდს ამოვჭრიდი”

დალი ჩიტალაძე: „60 წლის ასაკში ახალი სუნთქვა გამეხსნა... ჩემი ცხოვრებიდან მხოლოდ ორ ეპიზოდს ამოვჭრიდი"„სარკე“, ავთო ჩიტიძე

ქართულ ბომონდურ წრეში სილამაზითა და ელეგანტურობით გამორჩეული ქალი – დალი ჩიტალაძე, 60 წლისაა. ასაკი რომ მხოლოდ ციფრებია, ის ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებს. 60 წლის ასაკშიც თავისი გემოვნებითა და ახალგაზრდული ენერგიით ბევრისთვის მისაბაძია.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი მოუტანა, ბევრი ტკივილიც მიაყენა, ეს მის იერსახეზე არასდროს აისახება. თავისი შინაგანი მდგომარეობით 25 წლის ასაკში ტრიალებს. მის ცხოვრებაში ახლა ბევრი ახალი ინტერესია. აპირებს, კიდევ ერთი უცხო ენა ისწავლოს, აქვს გეგმები და პროექტები, მოსინჯა პედაგოგობა და ზოგადად სურს, არ ჩამორჩეს თანამედროვეობას.

ამ ყველაფერზე დალიმ “სარკეს” დაბადების დღის წვეულების შემდეგ ესაუბრა.

– დალი, ალბათ ყველა ადამიანი სხვადასხვა ასაკს განსხვავებულად ხვდება. როგორია თქვენი 60 წელი?

– მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რატომ ამხელ საკუთარ ასაკს ასე თამამადო. მე კი ვფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატური აღქმა მაქვს ასაკის, ვარ ჰარმონიაში ჩემს სხეულთან, გარემოსთან. მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელები, თორემ ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? 60 წელი მარტო ციფრები ყოფილა. მე თვითონ არ მჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაში ექვსი და ნული დაიწერა. განწყობით და შინაგანი შემართებით თავი 25 წლის გოგო მგონია.

ჩემი ენერგიის მთავარი წყარო ის არის, რომ არასოდეს ვჩერდები, ყოველი მომდევნო წელი ჩემთვის მოტივაციაა, რომ განვვითარდე, რაღაც ახალი ვისწავლო. სულ სიახლის ძიებაში ვარ. ჩემი ხასიათი მაძლევს სიცოცხლის, სიყვარულის საშუალებას. როდესაც ისწავლი, რომ ცხოვრება უნდა დააფასო თავისი ბევრი სილამაზით, მაშინ ვერც ერთი ასაკი მოგერევა. ყოველთვის უნდა იყო კმაყოფილი და საკუთარი თავი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც ხარ.

– რომელ პერიოდს თვლით თქვენს ცხოვრებაში ოქროს წლებად?

– ოქროს წლები მაშინ გიყვარს შენს ცხოვრებაში, როდესაც ხარ თავდაჯერებული, შემდგარი პიროვნება. ჩემს ცხოვრებაში ოქროს წლები დაიწყო 40 წლიდან. სწორედ მაშინ ვიპოვე სიმშვიდე საკუთარ თავში, რადგან 40 წლამდე ჩემს ცხოვრებაში მაინც ბევრი ვნებათაღელვა იყო. როგორც იტყვიან, საკუთარი თავის 40 წლის შემდეგ ვიწამე. ბოლო 20 წელია, ცხოვრებაში მყარი ნაბიჯებით მოვდივარ. ახლა კი, რაც 60 წლის გავხდი, ვგრძნობ, რაღაც ახალი სუნთქვა მეხსნება. ძალიან დიდი გეგმები და პროექტები მაქვს, რომლებიც მინდა, განვახორციელო. სავსე ვარ ენთუზიაზმით და დიდი ენერგიით.

– თქვენი ცხოვრების დამონტაჟების საშუალება რომ მოგეცეთ, რა ეპიზოდებს ამოჭრიდით?

– მხოლოდ ორ ეპიზოდს ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი ძმისა და დის გარდაცვალებას. დანარჩენს ყველაფერს დავტოვვებდი, იმ სირთულეებსაც კი, რომლებიც მქონდა ცხოვრებაში. ყველანაირი სირთულე იყო ჩემი გამოცდილება და გაძლიერება.

– რაზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად, უკან რომ იხედებით?

– ბევრი შვილი რომ არ მყავს. უკან რომ დამაბრუნა, აუცილებლად ვიყოლიებდი რამდენიმე შვილს, რადგან ეს დიდი სიმდიდრეა.

გასაგებია თქვენი შინაგანი ახალგაზრდული განწყობა, მაგრამ რა დროს, რა შემთხვევბში აწყდებით რეალობას, რომ წლებს თავისი “რაღაცები” მოაქვს?

წლებმა შეიძლება მხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ შეგახსენოს თავი და ცდილობ, რომ ამ მხარესაც ყოველთვის განსაკუთრებულად მიხედო. როდესაც პატარები ვართ, ჯანმრთელობაზე არ ვფიქრობთ, ისეთი რაღაცების უფლებას ვაძლევთ ხოლმე ჩვენს თავს, რაც არ უნდა გავაკეთოთ. იმისათვის, რომ იცხოვრო კომფორტულად და ბედნიერად, არ უნდა შეგაწუხოს ჯანმრთელობამ, ამიტომ აუცილებელია, წელიწადში ერთხელ მაინც საფუძვლიანი გამოკვლევები ჩაიტარო.

ძალიან გვიან ასაკში დავიწყე სიგარეტის მოწევა და, როცა მივხვდი, ეს მავნე ჩვევა ჯანმრთელობას გამიფუჭებდა, მაშინვე თავი დავანებე. ყოველთვის ჯანსაღი კვების რეჟიმით ვცხოვრობდი და ახლა, მით უმეტეს, განსაკუთრებულად ვაკონტროლებ, რას ვჭამ.

ყოფილა მომენტი, როდესაც ახალი კოლექციები გინახავთ და დანანებით გითქვამთ ან გიფიქრიათ, რომ ეს უკვე თქვენ აღარ მოგიხდებათ და აღარ შეგეფერებათ?

– რა თქმა უნდა, ყველა ასაკს აქვს თავისი დრესკოდი. რასაც ვიცვამდი 25 წლის ასაკში, ახლა არ ჩავიცვამ. რაც უნდა კარგი ფეხები მქონდეს, არ ჩავიცვამ მოკლე კაბას. არ მწყდება გული ასეთ რაღაცებზე.

– რაც ამ ასაკობრივ ზღვარს გადააბიჯეთ, როგორ შეიცვალა ცხოვრებისადმი თქვენი მიდგომა, მაგალითად, რაში აღარ დახარჯავთ ფულსა და დროს?

– ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დრო ფუჭად არ დავხარჯო, მაგრამ ამ ასაკშიც კი მიჭირს დროის მენეჯმენტი. ვფიქრობ, რომ სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს დროის მენეჯმენტის საფუძვლები, რომ ცხოვრებაშიც ბევრი რამ მოვასწროთ.

– 60 პლუს ასაკში რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა უნდა გაიხადოს ოქროს წესად?

– ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ მთავარია, იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე, ბევრი ივარჯიშო. ჩემი შეხედულებით, ასევე მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში ახალი ინტერესები გაიჩინო. მაგალითად, მე ვაპირებ კიდევ ერთი უცხო ენის შესწავლას, უბრალოდ, ჯერ არ გადამიწყვეტია, იტალიური ვისწავლო თუ ფრანგული.

– როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი 70 წელი?

– ყველა შემთხვევაში – კარგი, როგორც იტყვიან, დათესილს უნდა ვიმკიდე. ყველანაირად ვცდილობ, რომ ნეგატივი ახლოს არ მივიტანო და ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე ვიყო.