,,სარკე”
,,ბარამიძე ჰოლდინგი” ორ პარტნიორ აუდიტორულ კომპანიას აერთიანებს – ,,არგ გრუპსა” და ბიზნესის აუდიტის აკადემიას. კომპანია 2008 წელს გამოცდილმა ეკონომისტმა, მაღალი კლასის პროფესიონალმა, რუსუდან ბარამიძემ დააარსა. მან ბრწყინვალედ იცის ,,ენა”, რომელზეც ითარგმნება ამა თუ იმ კომპანიის მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციები.
სიტყვები: ბალანსი, აქტივი, პასივი, საშემოსავლო გადასახადი, კრედიტი, დებეტი, დღგ, მოგების გადასახადი და სხვა, რომელთა მიღმა ციფრების ლაბირინთი იწყება, ქალბატონ რუსუდანს ისე ,,მოშინაურებული ჰყავს”, თვალის ერთი გადავლებით შეუძლია მცირეოდენი უზუსტობის დანახვა, აღმოფხვრა და ფინანსური წესრიგის აღდგენა, რაზეც დამოკიდებულია მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კომპანიების წინსვლა და ფინანსური კეთილდღეობა.
,,არგ გრუპის” პარალელურად ფუნქციონირებს ბიზნესისა და აუდიტის აკადემია, სასწავლო ცენტრი, სადაც სამი თვის განმავლობაში საბუღალტრო საქმეს შეისწავლიან არა მხოლოდ პროფესიის შეძენის მსურველი ახალგაზრდები, არამედ მოქმედი ბუღალტრებიც.
რა არის ,,ბარამიძე ჰოლდინგის” წარმატების საიდუმლო, როგორ მოიპოვა დამსახურებული ავტორიტეტი, რატომ უნდა ანდოთ მათ თქვენი კომპანიის ფინანსური ზედამხედველობა, ამაზე თავად რუსუდან ბარამიძე და კომპანიის წამყვანი თანამშრომელი საუბრობენ.
– ქალბატონო რუსუდან, თქვენი განათლება, გამოცდილება და ფინანსურ დაწესებულებებში მრავალწლიანი სამსახურის შედეგად დაგროვილი ცოდნა გახდა ბალავარი, რაზეც ააშენეთ თქვენი ჰოლდინგი. როგორი იყო პირველი ნაბიჯები ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის კომპანიის დაარსების გზაზე?
რუსუდან ბარამიძე: ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბევრ ორგანიზაციაში ვიმუშავე, მათ შორის – წლების განმავლობაში სახელმწიფო საგადასახადო სისტემაში. ეს ძალიან რთული სფეროა, რომელიც მუდმივად იცვლება და არა მარტო ეკონომიკური თუ ბუღალტრული ცოდნა, ყველა კანონისა და დადგენილების საქმის კურსში ყოფნაა აუცილებელი, რაც ამ სფეროს ეხება.
არცთუ შორეულ წარსულში თუ ჩვენს სამუშაო იარაღს საანგარიშოს კოჭები, არითმომეტრები და გამომთვლელი მანქანები შეადგენდა, დღეს, მაღალი ტექნოლოგიის პირობებში, არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც იტვირთება კომპიუტერებში და ზედმიწევნით კარგად უნდა შეგეძლოს მათი საშუალებით მუშაობა. ეს კი მუდმივად მოითხოვს სწავლას, ცოდნის არეალის გაფართოებას. რაც უნდა კარგი პროფესიონალი იყო, თუ გადაწყვიტე, მორჩა, უკვე ყველაფერი ვიცი და მეტი რაღა უნდა ვისწავლოო, იქ მთავრდება შენი პროფესიონალიზმი.
ყოველთვის პრინციპული ვიყავი, დაკვირვებული და ჩემს საქმეზე შეყვარებული. ნაბიჯ-ნაბიჯ, შეუპოვრობით, ხასიათის სიმტკიცით, საქმის ერთგულებით გავიარე სხვადასხვა ეტაპი და როცა მივხვდი, დამოუკიდებელი კომპანიის შექმნისთვის მზად ვიყავი, ისევ ის საქმე ავირჩიე, რაც ზედმიწევნით კარგად ვიცოდი – აუდიტის სამსახური ანუ ფინანსური ზედამხედველობა, რაც მოიცავს ფინანსური ხარჯვის ყველა ეტაპს, დაწყებული ბიუჯეტის შედგენით, დამთავრებული შეძენით და სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასებით.
ჩემი პარტნიორები ჩემი ვაჟიშვილები არიან – აკაკი და გიორგი ჟამუტაშვილები. აკაკი საერთაშორისო და ქართული აუდიტის სპეციალისტია და საერთაშორისო ურთიერთობას ხელმძღვანელობს, რადგან იმ კომპანიების ნაწილი, რომელიც ჩვენი მომსახურებით სარგებლობს, ქართულ-უცხოურია. იცის რამდენიმე უცხო ენა, ურთიერთობების დიდოსტატია, გაწონასწორებული, დიპლომატიური სიდინჯით და შესაშური სიფრთხილით შეუძლია კვალიფიციური კონსულტაციის მიცემა, დახმარება და საუკეთესო შედეგის დადება.
გიორგი წარმატებული იურისტია, იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს. იურისტთა ჯგუფთან ერთად კომპანიებს იურიდიული საკითხების გადაჭრაში ეხმარება. ორივე ჩემი საიმედო დასაყრდენია. ისინი ამ კომპანიაში არ მოსულან, როგორც ჩემი შვილები, მხოლოდ ცოდნის და პროფესიონალიზმის გამო ვთხოვე, ემუშავათ ჩემთან ერთად.
– შვილების გარდა თქვენი ჰოლდინგის ერთ-ერთი მთავარი სახე თქვენი რძალი, გიორგის მეუღლე სალომე ლეთოდიანია, რომელიც თქვენი სასწავლო ცენტრის აღზრდილია. ჯერ თქვენი ოჯახის წევრი გახდა და მერე დაიწყო ცენტრში მუშაობა თუ ცენტრში მოსვლის მერე გახდა თქვენი ვაჟის რჩეული?
რუსუდან ბარამიძე: როგორც კი კომპანია ჩამოვაყალიბე, მაშინვე გაჩნდა პროფესიული კადრების საჭიროებაც, ამიტომ გადავწყვიტე, აქვე გამეკეთებინა სასწავლებელი და თავად ვყოფილიყავი პირველი პედაგოგი. კომპანიაში უამრავი საქმე მქონდა. იმ რამდენიმე მოსწავლესთან, ვინც პირველ წელს მოვიდა, ბოლომდე ვიხარჯებოდი. სალომე გამორჩეული იყო ნიჭიერებით, ათვისების სწრაფი უნარით. სტუდენტი პარალელურად ჩვენთან დადიოდა. საკუთარ თავს შეღავათს არ უწევდა, სწავლის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა. სწორედ ამიტომ სერთიფიკატის გადაცემის დროს შევთავაზე ჩვენთან მუშაობა, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა.
მშვენიერი, გონიერი გოგონა დანახვისთანავე მომეწონა, გულში მისი რძლობა ვინატრე. მაშინ გიორგი უცოლო გახლდათ, მაგრამ ჩემს თავს არ მივეცი შვილის ცხოვრებაში ჩარევის უფლება. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ერთად მუშაობამ ახალგაზრდებს შორის სიყვარული გააღვივა და მალე იქორწინეს კიდეც.
ნელ-ნელა შემოგვემატა კომპანიები, ვისაც ჩვენი მომსახურება სჭირდებოდა. ამდენად, ლექციების ჩასატარებლად დრო აღარ მრჩებოდა და ეს საპასუხისმგებლო საქმე სალომეს მივანდე და შესანიშნავად გაართვა თავი. მინდა, გითხრათ, რომ საუკეთესო პედაგოგია. მარტივად, გასაგები ენით უხსნის ყველაზე რთულ ოპერაციებს, რაც მომავალი ბუღალტრების საბაზისო ცოდნა უნდა გახდეს.
– სალომე, თქვენ ჰოლდინგში სერიოზული საქმეები გაბარიათ, პარალელურად ლექციების წაკითხვა ალბათ დიდი დატვირთვაა.
სალომე ლეთოდიანი: რასაკვირველია, მაგრამ ძალიან მომწონს ჩვენი კურსების მსმენელებთან მუშაობა. ყველა, ვინც ჩვენთან აიმაღლა კვალიფიკაცია, აღნიშნავს, რომ ჩვენი სწავლების მეთოდი საუკეთესოა. სახელმძღვანელოები არსებობს, თუმცა ბევრს უჭირს, წიგნებით ზუსტად გაიგოს ამა თუ იმ ფინანსური ოპერაციის არსი. მე კი მარტივად ვუხსნი, მათთვის გასაგებად. 4-5 გაკვეთილის შემდეგ ისევ თავიდან ვუბრუნდებით განვლილ მასალას, რაც იმის საწინდარია, რომ ღრმად გაუჯდეთ ცოდნა.
კომპანიაში ბევრი საქმე მაქვს, ვიღლები კიდეც, მაგრამ იმ ადამიანებს, ჩვენთან პროფესიის შესაძენად რომ მოდიან, ვერ ვუღალატებ. ჩემი დილის ორი საათი და საღამოს ორი საათი მათ ეკუთვნით.
სამთვიანი კურსების გავლის შემდეგ მათ ეძლევათ სერთიფიკატი, შემდეგ ეწყებათ პრაქტიკები. აქ ნათელი ხდება, ვინ როგორ შეითვისა პროგრამა. ზოგი ნამდვილად მონდომებულია და ზუსტად იცის, დრო მაქსიმალურად როგორ გამოიყენოს. ზოგი მხოლოდ საბუთისთვის დადის, რადგან ფიქრობს, ამ საბუთით იოლად იშოვის სამსახურს და არც მუშაობა გაუჭირდება.
ყველას მინდა, ვუთხრა, თუ არ იქნება მოტივირებული და სწავლის სურვილით ანთებული, ვერც რუსუდან ბარამიძის, ვერც ჩემი და ვერც თავად ლუკა პაჩიოლეს (ბუღალტერიის მამა) ლექციები ვერ უშველის.
ჩვენს კომპანიაში ძირითადად ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ – თამუნა ჩიგოგიძე, ნათია გიორგაძე, ნანა მუსელიანი, მარიამ ლაშქარავა, თამთა ფირცხალავა, ნანა ხუდოშვილი, მალხაზ ღავთაძე, გიორგი გოგრიჭიანი, ემილ გაბრიელიანი და სხვები. რუსუდანთან არ ჭრის რეკომენდაციები, მხოლოდ მათ გამოარჩევს, ვინც ნამდვილად გამოამჟღავნებს საქმისადმი ერთგულებას, პროფესიონალიზმს და მისწრაფებას, ყველა სიახლეს გაეცნოს და მუდმივად ჰქონდეს სწავლის სურვილი.
– ქალბატონი რუსუდანი მკაცრი ხელმძღვანელია?
სალომე ლეთოდიანი: არა, სამართლიანი და მზრუნველი ხელმძღვანელია. არასდროს აუწევს ხმას, არასდროს დატუქსავს თანამშრომელს. აქვს ერთადერთი მოთხოვნა, ყველანი ადამიანები ვართ, შეიძლება შეცდომა მოგვივიდეს, ოღონდ მაშინვე უნდა ჩამაყენოთ საქმის კურსში, მე შემიძლია, სწრაფად გავასწორო უზუსტობა, რაც თავიდან აგვარიდებს შემდგომ გართულებასო. უყვარს ყველა თანამშრომელი, არასდროს გამორჩება მათი დაბადების დღეები, იცის მათი ოჯახური მდგომარეობა. საჭიროების დროს მზად არის დასახმარებლად. რუსუდანი ყველას იმედია და ძლიერი საყრდენი. როცა ის სამსახურში არ არის, მოწყენილები ვართ. თითქოს დედა არ არის ჩვენ გვერდით.
– დაბოლოს, ქალბატონო რუსუდან, რატომ უნდა აირჩიონ კომპანიებმა თქვენი ჰოლდინგი?
რუსუდან ბარამიძე: ჩვენმა გუნდმა მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი შრომის შედეგად მოიპოვა მყარი ავტორიტეტი. ჩვენ ვალდებულები ვართ და ვიცით არა მხოლოდ ოპერაციები სრულყოფილად, არამედ ყველა სამოქალაქო და ფინანსური კანონპროექტი, პარლამენტის დადგენილებები, კანონქვემდებარე აქტები, რადგან მუდმივად შედის ცვლილებები კანონებში. იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ, დროულად ვაწვდით ინფორმაციას ცვლილებების შესახებ, რომ არ გამოეპაროთ და შემდეგ არ დაჯარიმდნენ.
ჩვენი მომსახურება ფასიანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონსულტაციისთვის მოსულ ადამიანს, ვინც ფირმის შექმნას აპირებს ან პირველ ნაბიჯებს დგამს ბიზნესში, აუცილებლად ანაზღაურებას ვთხოვთ. ბევრი კომპანიისთვის გაგვიწევია უფასო კონსულტანცია და შემდგომი მომსახურებაც.
წლების მანძილზე არასდროს არც ერთ კომპანიას, ვისაც ჩვენ ვემსახურებით და ფინანსურ ზედამხედველობას ვუწევთ, სახელმწიფო-საფინანსო სამსახურებთან ან მაკონტროლებელ ორგანოებთან პრობლემა არ შექმნია. მათი ბალანსი ყოველთვის გამჭვირვალეა, სახელმწიფო ვალდებულებებს პირნათლად იხდიან და წარმატებით ფუნქციონირებენ.
ისწავლეთ ჩვენს აკადემიაში და თქვენ იქნებით კვალიფიციური და მოთხოვნადი ბუღალტერი.
ისარგებლეთ ჩვენი აუდიტორული კომპანიის მომსახურებით და გაძლევთ გარანტიას, თქვენი კომპანიის ფინანსური მექანიზმი ხარისხიანად, ძლიერად და გამართულად იმუშავებს.
ძლიერი კომპანიები კი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია.