,,ჩემი შვილი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იგებდა ტურნირებს… ის თეთრხალათიანმა სატანებმა მომიკლეს” – გაიოზ ჩარკვიანი

,,ჩემი შვილი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იგებდა ტურნირებს... ის თეთრხალათიანმა სატანებმა მომიკლეს" - გაიოზ ჩარკვიანი,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

როდესაც ქვეყანაში კოვიდპანდემია მძვინვარებდა, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ, ვახო, ჩარკვიანი გარდაიცვალა. არა მარტო ოჯახისა და ახლობლებისთვის, ის ქართული სპორტისთვის დიდი დანაკარგია, რადგან პერსპექტიული ფეხბურთელი, ამომავალი ვარსკვლავი იყო. ახლანდელ ქართველ ვარსკვლავებთან, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურაბ დავითაშვილთან ერთად საქართველოს ნაკრებში ირიცხებოდა და უნიკალურ ფეხბურთელად ითვლებოდა, რადგან ორივე ფეხით თამაში შეეძლო.

ვახო ჩარკვიანი ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის ვაჟი გახლავთ. მამას საფეხბურთო მატჩებიდან ის ჩანაწერები შემორჩა, სადაც ჩანს, მისი ვაჟი როგორი უნიკალური ტექნიკით თამაშობს და საოცარი გოლები გააქვს…

გაიოზ ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის გარდაცვალება კოვიდ-19-ის კი არა, ექიმების დაუდევრობისა და გულგრილობის შედეგია. უფრო მეტიც, გარდაცვალების საქმეში, რომელიც მან და მისმა მეგობარმა ადვოკატებმა შეისწავლეს, აშკარად იკვეთება სამედიცინო პერსონალის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ,,სარკესთან” ყვება:

ვახო 7-8 წლიდან აქტიური სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი. თამაშობდა ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, დღეს ქართველი ერი რომ ამაყობს – ზურაბ დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია… ვახო რომ გარდაიცვალა, ორივემ თანადგომა გამოხატა. მაშინ ხვიჩა ყაზანში თამაშობდა და ზურიკო – ტულის “არსენალში”. საქართველოს ნაკრებში კი ერთად იყვნენ და ერთად იგებდნენ ტურნირებს…

ვახოს პირველი კონტრაქტი რომ გაუფორმეს “დინამო” თბილისში, ანაზღაურება 450 ლარი ჰქონდა. ფეხბურთის ფედერაციამ უცხოელებთან ერთად პროექტი განახორციელა, სადაც 400 ბავშვიდან 20 აარჩიეს და ამ 20-დან ჩემი შვილი გუნდის კაპიტანი იყო.

ხალისიანი და მოსიყვარულე ბავშვი იყო. ზოგი რამ არც კი ვიცოდით და გვიკვირს, როგორ მოასწრო ამდენი რამ. ათენში მივაწოდეთ ინფორმაცია იქაურ კლუბებს. რამდენიმე კლუბი დაინტერესდა მისით. შერჩევითი ეტაპები გადალახული ჰქონდა და რომ არა პანდემია და მთელი მსოფლიოს ჩაკეტვა, უნდა წასულიყო.

ვახო სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. ჩემს მეგობარ იურისტებთან ერთად ხშირად გვიმსჯელია და შეეძლო კაზუსიდან კაზუსის ამოხსნა. ვფიქრობდით, თუ ფეხბურთში გამოუვიდოდა რამე, გამოუვიდოდა, თუ არა და, სწავლას სამართალმცოდნეობის კუთხით გააგრძელებდა. ყველაფერზე ვფიქრობდით და იმიტომაც ეუფლებოდა იურისტის პროფესიასაც იდეალურად, რომ ცხოვრებაში გამართლებოდა.

– მოგვიყევით, რა მოხდა, რატომ აძლევთ შვილის გარდაცვალების საქმეს მკვლელობის კვალიფიკაციას.  

პანდემია რომ დაიწყო, ამ ვირუსით ჯერ ჩემი მეუღლე დაინფიცირდა. მთელი ოჯახი დავიფანტეთ. მეუღლე და დედა საავადმყოფოში დაწვნენ, მე და ჩემი ქალიშვილი კოვიდსასტუმროში გადავედით, მეორე დღეს კი ვახოც გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში. 2021 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ჩემი შვილი ფეხზე მდგომარე აღარ მინახავს. როცა აპარატზე შეაერთეს, ვეღარ დამაკავეს და კი შევედი მის სანახავად… მე მჯეროდა ექიმების, მაგრამ თეთრხალათიანების ნდობა სულ გამიქრა.

– საავადმყოფოში ვახო გადაყვანის საფუძველი რა გახდა?

სიცხეები ჰქონდა და კოვიდსასტუმროს ექიმმა დააფიქსირა, რომ სისხლიანი ნახველი ჰქონდა. გადააყვანინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 აგვისტოს. 11-დან 17 აგვისტომდე კლინიკის პირველი სართულის დერეფანში იწვა. რომ მიექციათ სათანადო ყურადღება, ბავშვი ახლა ცოცხალი იქნებოდა. ფილტვების ე.წ. 6-ბალიანი დაზიანებით შევიდა კლინიკაში. ექიმები არც კი მიდიოდნენ მასთან. იფიქრეს, ახალგაზრდა ბიჭია, გადაიტანსო და მიაგდეს.

არსებობს ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ექიმი 26 საათის განმავლობაში არ მისულა ჩემს შვილთან. სიცხის დამწევსაც კი არ აძლევდნენ. თავის მეგობარს სწერდა, არც საჭმელი მოაქვთ, არც სასმელი და არც წამალიო. მე და ჩემი ადვოკატები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ვითხოვთ, მაგრამ ყველა მტკიცებულება განადგურებულია. მაინტერესებს, როგორ აჭმევდნენ ჩემს შვილს, როგორ გაჰყავდათ “კატეს” გადასაღებად… იქნებ მე ვტყუი, მომეცით ჩანაწერები!

ბავშვი გაღიზიანებული იყო და გვწერდა, არ მაქცევენ ყურადღებას და მომხედეთო. უამრავ ნაცნობსა და მეგობარს დავურეკე, მიმიქციეთ ყურადღება-მეთქი. მეუბნებოდნენ, რომ დედაჩემის მდგომარეობა უფრო მძიმე იყო და ჩემს შვილს არაფერი ემუქრებოდა. როდესაც ვახოს სამედიცინო მასალები ავიღე, მერე მივხვდი, ეს თეთრხალათიანი სატანები რასაც აკეთებდნენ.

ვცდილობდი, სხვა კლინიკაში გადაგვეყვანა. რატიანს ვეხვეწებოდი მის კლინიკაში გადაყვანას, მაგრამ რესპუბლიკურის მთავარი ექიმის, გულიკო ქილიფთარისა და ლევან რატიანის დაპირისპირების გამო ესეც ვერ მოვახერხეთ. რომ ვიხვეწებოდი, დამეხმარეთ-მეთქი, გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კეთდებოდა.

გაყალბებულია სამედიცინო ისტორია და სამედიცინო რეგულირების საბჭომ ამ გაყალბებული სამედიცინო ისტორიის გამო 10 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, მაგრამ აქაც სამარცხვინოდ მოიქცნენ და მხოლოდ გაფრთხილება მისცეს 10-ვეს.

22-დან 26 აგვისტოს ჩათვლით ჩემს შვილს უკეთებდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებსაც შიზოფრენიით დაავადებულებზე მოიხმარენ. ამას ემატებოდა ,,მორფინი”, ,,კეტამინი” და სხვა… სხვა ორგანოებიც დააზიანეს – ღვიძლი, გული და სხვა, იმის მაგივრად, რომ ფილტვებზე ემკურნალათ.

ექიმებს შევასწავლინეთ ეს საქმე და ამ გაყალბებული დოკუმენტაციითაც კი უამრავი დარღვევა ფიქსირდება. საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთმა რეცენზენტმა თქვა, კარგი იქნებოდა, დაუყოვნებლივ გადაესხათ ჰაიდლაინით გათვალისწინებული “რემდესივერი” თუ “ტოცილიზუბამი”, რომელიც დიდი ზარზეიმით შემოიტანეს ქვეყანაში. მედიკამენტებზე, რომლებიც ჩემს შვილს უკეთდებოდა, ჩემი ინფორმირებული თანხმობა ხომ უნდა არსებულიყო?

კარგი, სასწრაფოდ ჩატარდა სამედიცინო მანიპულაცია – ინტუბირება და პლევრის ღრუს დრენირება… სამედიცინო ისტორია აქაც არეულ-დარეულია – ჯერ გაუხვრიტეს ფილტვი და მერე მოახდინეს კონსულტირება. არასრულ 12 საათში 36 “ფენტალინი” აქვს გაკეთებული და 11 – “მიდოზილამი”. არადა ამ ორი ნივთიერების ერთად მიღება არაფრით შეიძლება.

სამედიცინო ისტორიაში დანიშნულებები კორექტორით არის გადახაზული. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ეს ყველაფერი. გამომძიებლებმა, თამარ ზედგინიძემ და ანი სარჯველაძემ, ჩემი და ჩემი მეგობრების თხოვნისა და მუდარის შემდეგ ამოიღეს ნარკოტიკების ჟურნალი. როდესაც ნარკოტიკზეა საუბარი, სავალდებულოა, რომ სამედიცინო ისტორიასა და ნარკოტიკების ჟურნალს შორის იყოს თანხვედრა. სად არის თანხვედრა?

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნარკოტიკების ჟურნალში 28 აგვისტოს გაწერილია 15 “ფენტალინი” და მიღებული აქვს 5. სად წავიდა 10 ამპულა? დღესასწაული იყო და თვითონ “იკაიფეს”?