მარკუს მეტრეველი: ,,მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში ასეთი რამის გავრცელება, რომ მსჯავრდებული შემიყვარდა”

მარკუს მეტრეველი: ,,მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში ასეთი რამის გავრცელება, რომ მსჯავრდებული შემიყვარდა",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალმა მარკუს მეტრეველმა ოთხწლიან ფარულ რომანს ფარდა ახადა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული, ერთ-ერთი პარტიის წევრი გახლავთ.

მარკუსი ,,სარკეს” უამბობს, მან და დალიმ ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი წინააღმდეგობა და სირთულე დაძლიეს. სწორედ ამ სიყვარულმა უბიძგა წყვილს, რომ მყუდრო ბუდე ქალაქგარეთ მოეწყო. კახეთში სახლი ააშენეს და ასე გახდა მარკუსი ბოდბისხეველი. მომღერალი ინტერიერის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობდა და მიწაზე მუშაობის უნარ-ჩვევებით კახელებიც გააკვირვა.

ყველა კითხვას და ჭორს, რომლებიც მარკუს მეტრეველის ქორწინების შესახებ ხალხში ტრიალებს, მომღერალი ,,სარკეში” პასუხობს:

– ჩვენ ფაქტობრივად 4 წელია ერთად ვართ. რატომღაც ხალხმა ჩათვალა, რომ ხელი მოვაწერეთ, დავქორწინდით, მაგრამ ასე არ არის. ოფიციალურად დაქორწინებულები არ ვართ, მაგრამ ერთად ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ქორწინების ფურცელი ჩემთვის და ჩემი რჩეულისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ალბათ ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ, რადგან ჩვენ ბევრი რამე გამოვიარეთ ამ ხნის განმავლობაში, იყო აღმართებიც და დაღმართებიც. მოგეხსენებათ, როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.

– რატომ დაგჭირდათ 4 წელი ამ რომანის გასაიდუმლოება?

– ჩვენს საზოგადოებაში დიდი რაოდენობით არის დაგროვილი ნეგატივი და ბოღმა. ეს ყველაფერი კი ჩემს შინაგან მდგომარეობაზე მოქმედებს. მეორე მხრივ, ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი ზედმეტი ყურადღების გარეშე ისევ და ისევ უკეთესი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობისთვის.

– როგორ დაიწყო 4 წლის წინ ეს ამბავი? ამბობენ, რომ თქვენი რჩეული ქალთა კოლონიაში გაიცანით.

– ჩვენი ურთიერთობა ძალიან უჩვეულო გარემოში დაიწყო. პოეტმა ნანა ცინცაძემ ქალთა კოლონიაში გააკეთა საღამო, სადაც მეც ვიყავი მიწვეული. ნანას თან ახლდა თავისი მეგობარი დალი ხაბულიანი.

– ანუ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თქვენ მსჯავრდებული შეგიყვარდათ, მცდარია?

– დალი იმ საღამოს ისეთივე სტუმარი იყო, როგორიც მე. ძალიან მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში ასეთი რამის გავრცელება ან თუნდაც ასე ყოფილიყო, რა არის ამაში ცუდი?! უბრალოდ, ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ციხეში.

– მოგვიყევით თქვენს რჩეულზე.

– დალი ჩემზე 10 წლით უფროსია, მაგრამ ეს ჩემთვის მხოლოდ ციფრებია. ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში. არის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი და ძალიან წარმატებულია თავის სფეროში.

ძალიან დიდხანს გავურბოდი სერიოზულ ურთიერთობებს და დალი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც დამანახა, თუ როგორ შემეძლო შემეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. ის არის ძალიან ძლიერი, დაბალანსებული ადამიანი, რომელმაც იცის, ცხოვრებაში რა უნდა, არის ძალიან კეთილი. ეს არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მხოლოდ სიკეთისთვის და მეც სწორედ ასეთი პიროვნება მჭირდებოდა. მისი მენტალობა ძალიან უხდება ჩემს შინაგან მდგომარეობას.

– რაც დალი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, ცვლილებებს ატყობთ საკუთარ თავს?

– დალიმ დამანახა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. მან ზედაპირზე გამოიტანა ის, რაც შინაგანად ვარ. უნდა ვაღიარო, რომ ვიყავი ძალიან ჩაკეტილი ადამიანი. საზოგადოებას ვთავაზობდი იმას, რაც შოუს სჭირდებოდა და ჩემს თავს არასოდეს ვანახებდი. დალიმ ეს კომპლექსები მომიხსნა. აშკარად უკეთესი და ლაღი გამხადა.

– აღმართები და დაღმართები გამოვიარეთო, ამბობთ. კონკრეტულად რა სირთულეები შეგხვდათ?

– ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ქვეყანაში, სადაც ადამიანების 80% ნეგატივით ბედნიერდება, ბევრი ქარცეცხლი გადავიტანეთ. იყო ბევრი ჭორიც. დალის, თავისი კარიერიდან გამომდინარე, სხვა გარემოში უწევს ტრიალი, მე – სხვა გარემოში. რეალურად ამ პერიოდმა ჩვენ გარშემო ბევრი რამ შეცვალა. დაგვანახა, ვინ ვინ არის ჩვენს ცხოვრებაში. ვინ არის მეგობარი და ვინ არის მტერი. ბევრი ჩამოგვაცილა, საბოლოოდ კი უკეთესიც გახდა ჩვენი ყოველდღიურობა.

– დალის ოჯახმა როგორ მიგიღოთ?

– დალის ზრდასრული შვილები ჰყავს, მათ თავიანთი ოჯახები აქვთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არსებობს დისბალანსი, გაუგებრობები, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და ყველა გაიგებს, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ერთმანეთი გვიყვარს და საუკეთესო მეგობრები ვართ.

– ოდესმე წარმოიდგენდით, რომ გვერდით პოლიტიკოსი ქალი გეყოლებოდათ?

– დალი პროფესიით იურისტია და ძალიან განათლებულია. აღმოჩნდა, რომ არც მე ვყოფილვარ პოლიტიკიდან შორს. საქართველოს ბედი ძალიან მაღელვებს და ამ თემაზე ხშირად გვაქვს ხოლმე დისკუსიები.

– ყოველთვის ამბობდით, რომ მარტოსული ადამიანი ხართ. ადვილად დათმეთ მარტოობის სამყარო?

– მეც და დალიც ინტროვენტები ვართ, რაც მეტად კომფორტული მდგომარეობაა ჩვენთვის. ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან კულტურული, ერთმანეთს ვაძლევთ თავისუფლებას, რომ გვქონდეს ჩვენი პირადი სივრცე. ჩვენ ვართ ძალიან თანამედროვე, ცივილურ ურთიერთობაში და არ ვიკარგებით ქართულ, ტრადიციულ ცოლქმრულ ვალდებულებებში.