გიორგი ლობჟანიძე: ,,არ მომწონდა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ვერც მშვიდად და ხმისამოუღებლად ვუყურებ, როგორ კვდება ადამიანი”

გიორგი ლობჟანიძე: ,,არ მომწონდა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ვერც მშვიდად და ხმისამოუღებლად ვუყურებ, როგორ კვდება ადამიანი''პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, გიორგი ლობჟანიძე საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა:

,,არც ერთ მთავრობას არ დაუმსახურებია ჩემი არც სიყვარული და არც სიმპატიები. საერთოდაც მგონია, რომ მთავრობასთან საუკეთესო თანამშრომლობა მისი კრიტიკაა. თუ ვინმე რამით ხართ დავალებული ამათგან, საკუთარ კედელზე აფრქვიეთ პოსტკლიმაქტერიული შეფოფინებანი.

მაღიზიანებდა წინა მთავრობა და მუდმივად ვლაპარაკობდი იმაზე, რაც არ მომწონდა. უარი ვთქვი მათგან შემოთავაზებულ ყველანაირ ჯილდოზე.
ამათ არც არაფერი შემოუთავაზებიათ, მაგრამ ამათგან უფრო არაფერს ავიღებდი.

არ მომწონდა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ვერც მშვიდად და ხმისამოუღებლად ვუყურებ, როგორ კვდება ადამიანი. ნუ შემახსენებთ გირგვლიანს. ამაზე პირში მაქვს სააკაშვილისთვის მაშინ, როცა ამისათვის საკუთარი სიცოცხლით თუ არა, თავისუფლებით ვრისკავდი.

მე ვიცი, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს, მაგრამ არსებობს ცნება ,,მართლზომიერება” და ამას რუსთაველი ,,მართალ სამართალს” უწოდებს, რისი ქმნაც ხესა შექიმს ხმელსა ნედლად.

სხვა მხრივ, ყველა დროსა და ყველა მთავრობის პირობებში ვერიდები ვინმეს განადგურებისაკენ მოწოდებას, რადგან ჩემი გული მუდამ რჩება გათელილის, ჩაქოლოლის, განადგურებულის გვერდით. მე არც პროკურორი ვარ და არც ნაფიცი მოსამართლე. ჩემი შვილისათვის რომ რამე ევნოთ, მოვიქცეოდი ისე, როგორც მოიქცა ირინა ენუქიძე. მაგრამ არ მავიწყდება, რომ დღეს მხოლოდ ირინა ენუქიძეს ექნებოდა ქვის სროლის უფლებაცა და პატიების უფლებაც. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ შეუნდობდა… თავისი შვილისათვის.
პ.ს. ნაცების, როგორც პოლიტიკური ძალის დაბრუნება არ მსურს, მაგრამ ქოცებიც მაგრად ამოვიდნენ ყელში!
პ. ს. ს. ნუ ეცდებით პოლემიკის გამართვას ჩემთან. მაინც არ გიპასუხებთ. ეს ჩემი მყარი შეხედულებებია”.