ბუბა ჭოღოშვილი: ,,ლევანიკო რასაც კადრულობს, იმას არ ვიკადრებ”

ბუბა ჭოღოშვილი: ,,ლევანიკო რასაც კადრულობს, იმას არ ვიკადრებ",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ახალგაზრდა მსახიობი, ბუბა ჭოღოშვილი, მაყურებელმა სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო. ფილმში ნანუკა ხუსკივაძის გმირის, გოცირიძეების ძიძის, ირას, შვილის, ლევანიკოს როლს ასრულებს. ლევანიკო საეჭვო წარსულის მქონე უსაქმური ალფონსია, რომელიც დედის კისერზე ცხოვრობს.

27 წლის ბუბა სწორედ ნანუკა ხუსკივაძის აღზრდილია პროფესიულად და, როგორც ,,სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში გაირკვა, სწორედ მან მიიყვანა თავისი ნამოწაფარი სერიალში.

ბუბა ჭოღოშვილი:

-არქიტექტურისა და მხატვრობისკენ ვიხრებოდი. დედაჩემი მხატვარია და ეს სურვილი აქედან გამომდინარე იყო. მსახიობობა მერე მომინდა. ერთ დღეს გავიღვიძე და ვთქვი, მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი და მართლაც გავხდი.

გამიმართლა და გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი. მისი ასისტენტი კი ნანუკა ხუსკივაძე იყო. ამ ორმა ადამიანმა გამიღო იმ სამყაროს კარი, სადაც ახლა ვარ. ისეთი რაღაცები მასწავლეს…

– თქვენს პერსონაჟზე რას ფიქრობთ?

რეებს კადრულობს იმისთვის, რომ თვითონ იყოს კარგად, მაგრამ ეგეც არ შეუძლია. სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ლევანიკოსნაირი ადამიანები არიან და ამ ტიპაჟებს როლისთვის გამოვიყენებ. ლევანიკოსგან ყველაფრით განვსხვავდები, დაწყებული ოჯახით, დამთავრებული ძმაკაცებითა და ცხოვრების წესით. – ლევანიკო რასაც კადრულობს, იმას არ ვიკადრებ…

-რა გატაცებები გაქვთ, რა გაინტერესებთ?

ბევრი რამ მაინტერესებს. მაგალითად, ძალიან მაინტერესებს სამედიცინო სფერო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საფუძვლიანად ვსწავლობ მედიცინას, მაგრამ ბევრი რამ ვიცი. თან ჩემი ოჯახის წევრები არიან ექიმები და ოპერაციაზეც ვარ ნამყოფი.

ექიმები არიან დეიდა და დეიდაშვილი. ბაბუაჩემმა, შოთა მაჭავარიანმა, დააარსა საქართველოში რეანიმაციული განყოფილება და რამდენიმე წლის წინ მეც გამიჩნდა მედიცინის შესწავლის სურვილი. ოპერაციაზე გადახსნილი ადამიანი ვნახე და ძალიან დამაინტერესა. თავის დროზე რომ მეფიქრა ამ სფეროზე… ახლა იმდენად მოვიწამლე ჩემი პროფესიით, აღარ მგონია, შეცვლა გამომივიდეს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”