ბუბა ხოტივარი: ,,მრცხვენია, ახალგაზრდა თაობას ვერ შევეცილები ისედაც დათვლილ თეთრებში”
რა ოცნება ვერ აისრულა 74 წლის ასაკში გარდაცვლილმა კინორეჟისორმა

ბუბა ხოტივარი: ,,მრცხვენია, ახალგაზრდა თაობას ვერ შევეცილები ისედაც დათვლილ თეთრებში",,სარკე”, ია ქუთათელაძე

,,თავში სულ ერთი სცენარი მიტრიალებს, ერთი ამბავი. სოლოლაკში ვცხოვრობდი, ძველ იტალიურ ეზოში. ძალიან კარგი მეზობლები მყავდა, ძალიან საინტერესო ხალხი – გვარად დუმბაძეები. ცხოვრობდნენ სულ ზემოთ, მეოთხე სართულზე. შვილი ჰყავდათ დაკარგული ჯარში.

1955 წელი იყო უკვე – არ იცოდნენ, ეგლოვათ თუ რა ექნათ. მიღებული ჰქონდათ ბარათი “პროპალ ბეზ ვესტი” (დაიკარგა უგზოკვლოდ). ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად, ღამეს, ჩვენს სახლს მოადგა მანქანა “ჩორნაია ვორონკა” (“შავ ყვავს” ვეძახდით). რამდენიმე ოფიცერი ავიდა მათთან სახლში და ხანშიშესულ ცოლ-ქმარს უთხრეს: “თქვენ დაპატიმრებული ხართ! ციმბირში უნდა გაგასახლონ, რადგან მოღალატეები ხართ მთელი ოჯახი. თქვენი შვილი ამერიკაშია. ბიზნესმენია. მან სამშობლოს უღალატა!”.

რაო, ჩემი შვილი ცოცხალიაო, წამოიყვირა დედამ. შენ გენაცვალე, შენი ჭირიმეო – დაეტაკნენ ეს მშობლები ოფიცერს. გადაეხვივნენ და გადაკოცნეს, სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდნენ. დაიბნა ეს ოფიცერი, მას ხომ ეს ხალხი დასაპატიმრებლად მიჰყავდა!

“ვენაცვალე ჩემს შვილს, ვენაცვალე! მაგრამ მოღალატე ყოფილა!” – ხუმრობით იმეორებდა მამა. ამოიღეს ღვინო და დაპატიმრების წინ დალიეს თვითონაც და ამ “კონვოისაც” დაალევინეს. მერე კი წავიდნენ. მედოლე იყო ეს კაცი, ანსამბლში უკრავდა და, როცა კიბეზე ჩამოჰყავდათ, მღეროდა და მეზობლებს ეუბნებოდა: “მეზობლებო, ცოცხალია ჩემი გიორგი, ცოცხალია! ამერიკაშია!”. ჩასვეს ცოლ-ქმარი შავ მანქანაში და წაიყვანეს. მას მერე ისინი არავის უნახავს…

აი, ასეთი პატარა ფილმის გადაღება მინდა. მოულოდნელი ფილმი იქნება ძალიან, საინტერესო – “დაპატიმრება ქართულად”, ასე ვთქვათ”, – წერდა ქართველი კინოდოკუმენტალისტი და მხატვრული ფილმების რეჟისორი, ბუბა (რამაზ) ხოტივარი, ,,თავისუფლების დღიურებში”.

ზუსტად ერთი წლის წინ ბატონმა ბუბამ ,,მესენჯერში” მომწერა: ,,თუ მოიცლით, იქნებ ნახოთ ჩემი ფილმი ,,მარკოზის სახარება…”. აი, ასე, სულ ფილმებზე, სცენარებზე ფიქრობდა, გეგმავდა, აპირებდა, მაგრამ… ბატონი ბუბა 7 მაისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებს მკურნალობდა.

ნანობდა, რომ ბევრი კარგი ფილმის გადაღება ვერ შეძლო, ეგონა, დრო ბევრი ჰქონდა და ყველაფერს მოასწრებდა, დრო კი უმოწყალოდ სწრაფად გაფრინდა…

კინოაკადემიის პრეზიდენტი, ბუბა ხოტივარი, 2019 წელს ჟურნალ ,,სარკეს” განვლილ გზასა და შემოქმედებაზე უამბობდა.

– ბატონო ბუბა, დავიწყოთ სტუდენტობიდან. როგორ დაეუფლეთ ამ ძალიან მრავალწახნაგოვან პროფესიას?

– როცა მივხვდი, რომ ჩემგან დიდი მუსიკოსი არ გამოვიდოდა, გადავწყვიტე, ის პროფესია ამერჩია, რომელიც ჩემთვის, ასე ვთქვათ, მშობლიური იყო. მამა, ჩემი ძმა, ბიძაშვილები, მოკლედ, ხოტივარების ლამის მთელი საგვარეულო ამ სენით იყო შეპყრობილი.

20 წლის ბიჭი წავედი მოსკოვში. კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში უკვე კარგად იცნობდნენ ქართულ კინოს და მის რეჟისორებს – რეზო ჩხეიძეს, რეზო ესაძეს, ელდარ შენგელაიას, ოთარ იოსელიანს და სხვებს. ძალიან კარგად მიმიღეს, გამოცდები ფაქტობრივად სუბიექტური იყო, მითხრეს, რომ ჩვენი ფილმები ძალიან მოსწონდათ და კინოსტუდია “ქართული ფილმი” ძალზე ცნობილი და ანგარიშგასაწევი იყო. მიხსენეს მიხეილ კალატოზოვი. მკითხეს, ხომ არ ვიცნობდი ოთარ იოსელიანს. ვუპასუხე, რომ ვიცნობდი. ჩემმა ავტორიტეტმა მაშინვე მკვეთრად აიწია. გამიღიმეს, მომეფერნენ და მიმიღეს.

კინოდოკუმენტალისტობა ავირჩიე, თუმცა ინსტიტუტში ისეთ ყოველმხრივ სწავლებას გავდიოდით, ფაქტობრივად უნივერსალი გამოდიოდი. არ ვიცი, მე როგორი უნივერსალი ვარ, მაგრამ თუკი რამ შედევრი არსებობს ქართულ და საბჭოთა კინოში, უმეტესობა ამ ინსტიტუტიდან გამოსულმა რეჟისორებმა შექმნეს.

– ახალკურსდამთავრებული ჩამოხვედით საქართველოში და უცებ გახდით მხატვრულ ფილმ “ლაზარეს” რეჟისორი. როგორ განდეს ასეთი რთული ფილმის გადაღება?

– “ლაზარეს” ჩემი ძმა ქართლოს ხოტივარი იღებდა. რეზო ჩხეიძემ დამნიშნა ფილმის მეორე რეჟისორად. გარკვეული გამოცდილება მქონდა, ისიც მეიმედებოდა, რომ ფილმს ჩემი ძმა იღებდა და უკვე გამოცდილი რეჟისორი იყო, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ…

ფილმი ოთხი ეპიზოდისგან შედგებოდა, ორის გადაღების შემდეგ ჩემმა ძმამ დატოვა გადაღება და ფილმი ჩემი დასამთავრებელი გახდა. თითქოს უმეთაურო ხომალდზე აღმოვჩნდი და საჭე მე მებარა. დავიბენი, ლამის მეც უარი ვთქვი გადაღებაზე. ისევ ჩემი კოლეგები დამეხმარნენ. ბატონი რეზო ესაძე გადაავლებდა თვალს გადაღებულ მასალას, მეტყოდა: “ეს არ ვარგა, ეს დატოვე, ამას სხვა ფინალი უნდა. იფიქრე, შენ ამას შეძლებ” და ასე დავასრულე ფილმი, რომელიც მოსკოვმა დაიწუნა და განადგურებას უპირებდა.

ფილმში არის პერსონაჟი – ანარქისტი ანანია, რომელიც ებრძვის ეკლესიას და ხმამაღალი გამოსვლებით მოუწოდებს ხალხს, ტაძრები დაანგრიონ. მოსკოვში ჩათვალეს, რომ ანარქისტის სახით კომუნისტები გვყავდნენ გამოყვანილი, ათეისტები, რომლებიც რწმენას ებრძოდნენ. აქ იმარჯვა ბატონმა რეზო ჩხეიძემ, რომელიც დაჯილდოებული იყო სათანადო არგუმენტაციის მოყვანის უდიდესი უნარით. მას შეეძლო, მოსაუბრე დაერწმუნებინა საკუთარ სიმართლეში და უკუღმა დატრიალებული ბორბალი წაღმა დაებრუნებინა.

რეზო ჩხეიძემ დაუმტკიცა მოსკოველ კომისიის წევრებს, რომელთაც ფილმი უნდა მიეღოთ, რომ ასე მხოლოდ თვითონ ფიქრობდნენ და ჩვენ ეს აზრადაც არ მოგვსვლია. მართალია, ფილმი გადარჩა, მაგრამ მისი ჩვენება საბჭოთა კავშირში აიკრძალა და მხოლოდ ადგილობრივი ჩვენების ნება დაგვრთეს.

– კინოსტუდია “ქართული ფილმი” მთელი სიმძლავრით მუშაობდა. ყოველ წელს ათეულობით მაღალმხატვრულ ფილმს იღებდნენ, რომელთა უმეტესობა ჯილდოებს იმსახურებდა. რა მდგომარეობაა დღეს და რა შეიძლება გაკეთდეს, ასე ვთქვათ, ძველი დიდების დასაბრუნებლად?

– კინოს აუცილებლად უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო, რადგან ეს არის ძალიან ძვირადღირებული სფერო. ევროპის ბევრ ქვეყანას ბიუჯეტში აქვს შეტანილი კინოდაფინანსება. აი, ამერიკა არ აფინანსებს კინოს ბიუჯეტიდან, მაგრამ იქ არის სხვა კანონები, ბიზნესმენები არიან დაინტერესებული ფულის ჩადებით, რადგან ეს არის მათთვის რეკლამა, მოაქვს სახელი და გადასახადებში გარკვეული შეღავათები აქვთ.

ჩვენთან ძალიან ცოტა ფულია გამოყოფილი. ამ თანხით ერთ-ორ სრულყოფილ ფილმს თუ გადაიღებ. არადა რამდენი ნიჭიერი რეჟისორია, რამდენი საინტერესო სცენარი. ჯერ კიდევ არიან ძველი, გამოცდილი რეჟისორები, რომელთა ნამუშევრებმა საყოველთაო აღიარება მოუტანეს საქართველოს და ასევე მოვიდა ახალი თაობა ახალი იდეებით და შეხედულებებით. რამდენს უნდა მისცე, როგორ უნდა გაანაწილო ეს მცირე ბიუჯეტი?

მე, პირადად, დიდი ხანია, მინდა ფილმის გადაღება, მაგრამ ვერ ვიწყებ, რადგან შესაბამისი ფინანსები არ მაქვს. არც კონკურსში ვმონაწილეობ, მრცხვენია, ახალგაზრდა თაობას ვერ შევეცილები ისედაც დათვლილ თეთრებში. შემიძლია, ფილმი გადავიღო, თუ ვთხოვ მსახიობებს, ოპერატორებს, უფასოდ მიიღონ მონაწილეობა. ყველა ჩემი მეგობარია, უარს არ მეტყვიან, მაგრამ ამ გაჭირვებულ დროში როგორ უნდა ვუთხრა ვინმეს, უფასოდ იმუშაოს?! ამას ვერასოდეს ვიკადრებ.

– ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ დააფინანსებდა ქართულ კინოს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

– კი, განცხადება გააკეთა და რაღაც მოძრაობა დაიწყო, მაგრამ მე ვთვლი, თუ არსებული სისტემა არ შეიცვალა კინოსთან დაკავშირებით, ეს ფული იქნება წყალში გადაყრილი. დღეს 100 მილიონი რომ გადარიცხო ქართულ კინოში, კაცი ვერ გაიგებს, ეს ფული სად გაქრება. 5-6 ადამიანი გამდიდრდება და დამთავრდება ყველაფერი. ჩვენ ისევ პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩებით.

კინოსტუდია “ქართულ ფილმს” აქვს შემოსავალი. ფართების გაქირავებით მილიონამდე იღებს, მაგრამ რა? მთელი ფული ეკონომიკის სამინისტროს მიაქვს, კინოსტუდიას რჩება მხოლოდ ბუღალტრის ხელფასი და სამარცხვინო კაპიკები. ეს არის მტაცებლური სისტემა. დალოცვილო, მონღოლები ითვალისწინებდნენ ხარკის აკრეფის დროს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტი უნდა დაეტოვებინათ ხალხისთვის, ესენი კი დახოცვას გვიპირებენ! ძველი მინისტრის, ქუმსიშვილისეული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. რამდენი სასიკეთო საქმისთვის გამოიყენებდა კინოსტუდია ამ ფულს.

პირად თუ საქმიან შეხვედრებში მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართულ კინოს უნდა უპატრონონ, რომ ძალიან უყვართ, რომ ჩვენს ფილმებზე გაიზარდნენ… ლაპარაკი და მხოლოდ ლაპარაკი!

ისეთი სულელური კანონებია, სხვაგან ხუმრობითაც ვერ მოიფიქრებენ ამას, მაგალითად, ტელევიზიას და “კინოცენტრს” კანონით აკრძალული აქვთ ურთიერთთანამშრომლობა, ერთობლივი სატელევიზიო ფილმის გადაღება. უდიდესი შეცდომა იყო სატელევიზიო ფილმების სტუდიის გაუქმება.

ქართული კინო ფენომენური იყო. ჩვენი დიდი კულტურის ნაწილია, ჩვენი ქვეყნის ელჩია. ადამიანებისთვის სიკეთის მომტანი უნდა იყოს, ამ ემოციებისგან დაცლილ ქვეყანაში სიკეთის სხივი შემოიტანოს, ჩაგაფიქროს, შეგცვალოს, ოცნების რეალობაში დაგარწმუნოს.

– თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ მცირედი.

-მყავს ოთხი შვილი. ორჯერ ვიყავი დაქორწინებული, ამჟამად მეორე ოჯახი მყავს. ორივე მეუღლე ძალიან კარგი იყო, ალბათ უფრო ჩემი მიზეზი იყო პირველი ოჯახის დანგრევა. ქალბატონებს პატივს ვცემ და მიყვარს. როგორ შეიძლება ქალი არ გიყვარდეს?!