ალექსანდრე გოგინავა: ,,დააჩქარეს მშობიარობა, მაგრამ ამას არ უმოქმედია ბავშვზე”

ალექსანდრე გოგინავა: ,,დააჩქარეს მშობიარობა, მაგრამ ამას არ უმოქმედია ბავშვზე",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მამა გახდა. პატარა თებეა 19 ივნისს დაიბადა. ექიმისთვის, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან ადამიანების გადარჩენას ცდილობს, შვილის დაბადება ნამდვილი შვება აღმოჩნდა.

მანამდე საშინელი წელიწადნახევარი გაიარა – კოვიდთან ბრძოლას შეეწირა მისი მამა, დედა კი ძლივს გადაურჩა. თავადაც მძიმედ გადაიტანა ვირუსი. კორონავირუსი ფეხმძიმობისას მის მეუღლეს, ელენე ხარაშვილსაც შეხვდა იოლ ფორმებში.

ალექსანდრე გოგინავა:

– ბავშვი ცოტა ადრე, დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიბადა ფიზიოლოგიური მშობიარობით და ყოველგვარი გართულების გარეშე. ჩემს მეუღლეს აქვს რეზუსუარყოფითი სისხლის ჯგუფი, ბავშვს – დადებითი და ექიმმა ჩათვალა, რომ ცოტა ადრე ემშობიარა. დააჩქარეს მშობიარობა, თუმცა ამას არ უმოქმედია ბავშვის განვითარებაზე, რადგან ისეთივე განვითარების იყოს, როგორც ჩვეულებრივი ახალშობილი. უბრალოდ, შედარებით პატარა წონის იყო 2 კგ და 400 გრამი დაიბადა. ეს წონაც არ ითვლება პრობლემად.

პატარას მოლოდინიც ამაღელვებელი იყო, თუმცა, ჩემი რიტმიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დროს ვატარებდი, ორსულ მეუღლესთან. დროც არ მრჩებოდა, რომ ეს ყველაფერი კარგად გამეაზრებინა. ახლა უფრო კარგად ვიაზრებ,თურმე რამხელა ბედნიერება მელოდება წინ. სანამ დაიბადებოდა, ეს ყველაფერი გააზრებულ-გაცნობიერებული არ მქონდა.

– ანუ ორსულობის მეუღლის განებივრება ვერ მოახერხეთ?

-სამწუხაროდ, ეგ ვერ მოვახერხე, ფაქტობრივად ვერ ვახერხებდი სახლში ყოფნას და თან მოგეხსენებათ, ამ პერიოდში საკმაოდ დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩემს ცხოვრებაში. ამ ყველაფერმა ხელი შეგვიშალა. საკმაოდ მძიმე პერიოდში მოუწია ჩემს მეუღლეს ორსულობა. უამრავი პრობლემა გვქონდა. ღვთის წყალობით, ყველაფერი გადავლახეთ და ახლა ჯანმრთელი შვილი გვყავს.