,,ჩვენმა შვილებმა ჩვენი ქორწინება კარგად მიიღეს” – გია დავითიანის 61 წლის ასაკში ნაპოვნი ახალი სიყვარული

,,ჩვენმა შვილებმა ჩვენი ქორწინება კარგად მიიღეს" - გია დავითიანის 61 წლის ასაკში ნაპოვნი ახალი სიყვარული,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ანსამბლ ,,ალილოს” წევრი, მომღერალი გია დავითიანი, 9 მაისს 62 წლის გახდა და ეს თარიღი თავის საყვარელ ქალ ეკა არჩვაძესთან ერთად აღნიშნა.

მუსიკოსის რჩეული, წარმატებული გინეკოლოგი ეკა არჩვაძე, ექიმისა და პოპულარული ტელესახის, ოთარ ტატიშვილის, პირველი ცოლი იყო. მათ ორი ვაჟი ჰყავთ – შოთიკო და ზუკა.

გიასთვისაც ეს მეორე ქორწინებაა. პირველი მეუღლე, რომელთანაც ორი ქალიშვილი ჰყავს, 10 წლის წინ მძიმე სენით გარდაეცვალა.

– ბატონო გია,  როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში ეს დიდი სიყვარული, რომელიც 61 წლის ასაკში ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა?

– ეს სიყვარული ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საჭირო დროს შემოვიდა.

ყველაფერი ლამაზად მოხდა: სიყვარულში გამოტყდომა, ოჯახის წევრების გაცნობა, თაფლობისთვე. შემოვიარეთ მთელი ზღვისპირეთი. ბათუმში ფანტასტიკური დრო გავატარეთ მეგობრების გარემოცვაში.

თბილისში რომ ვბრუნდებოდით, ჩემმა მეგობარმა ქუთაისში შესანიშნავი სუფრა დაგვახვედრა და სადაც კი ჩავდიოდით, მეგობრები სიურპრიზებს გვახვედრებდნენ.

ამ მოგზაურობიდან რომ დავბრუნდით, ჩემს საყვარელ ბროწეულაში გვქონდა ხელის მოწერა და ამის აღსანიშნავი სუფრაც. ჯგუფი “ალილო” იყო ჩვენი სტუმარი, თამადა გახლდათ გია ბაღაშვილი, რომელმაც არაჩვეულებრივი დრო გაგვატარებინა. ამ დღეს ყველაფერი იყო, რაც ქორწილს უხდება, ტორტიც და ფეიერვერკიც.

– თქვენი მეუღლე როგორია თქვენი თვალით, მისი რა თვისებებით მოიხიბლეთ ყველაზე მეტად.

– ეკას სახით ვიპოვე საოცრად ყურადღებიანი, თბილი ადამიანი, რომლის გვერდითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისგანაც სწორედ იმ დამოკიდებულებას ვგრძნობ, როგორიც მე გამაჩნია.

– ალბათ მნიშვნელოვანი იყო, ამ გადაწყვეტილებას როგორ მიიღებდნენ თქვენი შვილები.

– ჩემს ეკას ჰყავს შვილები, ძალიან კარგი, გემრიელი ქართველი ბიჭები. მათ სწორად მივაწოდეთ ჩვენი ამბავი და ყველაფერი ლამაზად დალაგდა. რაც შეეხება ჩემს შვილებს, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ეკა გაიცნეს და დადებითად მიიღეს ეს ამბავი. ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ დღეს.

ყველაფერი ისე დალაგდა, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო. სწორედ ასეთმა გარემომ გადამაწყვეტინა ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა.

– როცა ეკაზე დაქორწინება გადაწყვიტეთ, როგორ უთხარით ამის შესახებ?

– ერთ მშვენიერ დღეს ეკას ვთხოვე, მცხეთაში გაგვესეირნა. ამ დროს უკვე ჯიბეში მქონდა ნიშნობის ბეჭედი.

მოვილოცეთ სვეტიცხოველი და შემდეგ ჩხაიძეების ღვინის სახლის ვერანდაზე დავპატიჟე. მოვითხოვე შამპანური, პირველივე ჭიქით ეკას ჩემი გადაწყვეტილება გავუმხილე და ბეჭედიც ვაჩუქე. ძალიან ვნერვიულობდი, ჩვენ ხომ 20 წლის ბავშვები არ ვართ. ორ-ორი შვილიშვილის პატრონები ვართ და ამ დროს ოჯახის შექმნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. უფლის წყალობით, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.

– თუ შესაძლებელია, ,,სარკის” მკითხველს ეკამაც გაუზიაროს თავისი ემოციები.

ეკა არჩვაძე: ამ ადამიანმა დამანახა, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული. დამანახა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ზრუნავდეს შენზე, გაგილამაზოს ყოველი დღე. გია არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მისი გამოჩენით ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.