ჯაბა კანკავამ ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა – ამბავი, რომელმაც 7 წლის წინ მსოფლიო აალაპარაკა

ჯაბა კანკავამ ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა - ამბავი, რომელმაც 7 წლის წინ მსოფლიო აალაპარაკა12 ივნისს მთელი მსოფლიო შეძრა დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრაზე დანიის ნაკრების კაპიტნის, კრისტიან ერიქსენის მოულოდნელმა დაცემამ. მან გონება დაკარგა და მოედანზე დავარდა.

ფეხბურთელს სამედიცინო დახმარება მაშინვე აღმოუჩინეს, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ. საბედნიეროდ, ფეხბურთელი გონს მოვიდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

რამდენიმე საათის შემდეგ მატჩი განახლდა. სტადიონზე ოფიციალური ინფორმაცია გამოაცხადეს, რომ კრისტიან ერიქსენი ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო დაწესებულებაში მას შესაბამისი დახმარება უტარდება. როგორც წერენ, ერიქსენი დროულმა დახმარებამ იხსნა.

რამდენიმე წლის წინ ქართველმა ფეხბურთელმა, ჯაბა კანკავამ თავისი კოლეგა სწორედ ასეთი სწრაფი რეაქციით და დროული დახმარებით გადაარჩინა.

2014 წლის 30 მარტს ,,დნიპროსა” და კიევის ,,დინამოს” შეხვედრაზე ფეხბურთელმა, ოლეგ გუსევმა ტრავმის გამო გონება დაკარგა. ჯაბა კანკავა მაშინვე მივიდა და გონდაკარგულ ფეხბურთელს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ,,ახლოს მყოფმა ჯაბა კანკავამ გუსევს ენის ,,გადაყლაპვის” საშუალება არ მისცა და სიკვდილს გადაარჩინა”, – ყვებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ამ მატჩის შემდეგ.
შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ კლინიკის მთავარი ექიმის კომენტარი გავრცელდა, სადაც დაშავებული გუსევი სტადიონიდან გადაიყვანეს. ექიმმა აღნიშნა, რომ კანკავას დახმარების გარეშე გუსევის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა.