ნიკა მელია: ,,ირანელი გოგო მიყვარდა, ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში”

ნიკა მელია: ,,ირანელი გოგო მიყვარდა, ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში"ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია კარდიოლოგია, დედა, ნანა ცანავაც _ ექიმი. ბაბუამისი,  გიორგი ცანავა ცნობილი ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი იყო. ნიკას დაც ექიმია. ნიკას მამა ყველგან ატარებდა, მაგრამ ყველაზე ძვირი ნიკას კარატეზე  ტარება დაუჯდა.

,,ვარჯიშიდან მოვედი, მამამ მითხრა, მანახე, რა გასწავლესო, მეც ვანახე  დარტყმა ბრუნით და ხელი მოვტეხე _ ექიმი კაცი მარჯვენის გარეშე დავტოვე, მთელი თვე თაბაშირში ჰქონდა”.

20 წლის ნიკა ახლობლის ქორწილში იყო. ატყდა აყალმაყალი. ნიკამ დააშოშმინა. დამთავრდა ქორწილი და… ხუთჯერ ესროლეს.

,,ერთი ტყვია მომხვდა წელის არეში. ბედად, რბილ ქსოვილებში გაიარა. არაფერ შუაში არ ვიყავი, ელემენტარულად ვეცადე გაშველება”.

ნიკა ინგლისში სწავლისას მუშაობდა კიდეც.

,,ბედის ირონიაა, მელია მოხვდა ქათმების რესტორანში და გრილერად ვმუშაობდი _ ქათმებს ვწვავდი მაყალზე. ხან გრილთან ვიდექი, ხან _ სალაროსთან.”

ინგლისიდან 2006 წელს წამოვიდა, ქალს გამოეკიდა. მანამდე იყო სამწლიანი რომანი _ ლონდონში გაზრდილი ირანელი გოგო, გაზელი უყვარდა. ოჯახი არ იყო მათი ქორწინების წინააღმდეგი, გოგონა მზად იყო, ქრისტიანობა მიეღო, მაგრამ ქორწინებამდე საქმე ვერ მივიდა.

,,ალბათ ორივეში გაიღვიძა ფობიამ, რომ ერთი კულტურა საბოლოოდ მეორეს ვერ გაუგებდა… დღემდე გვაქვს ურთიერთობა სოციალური ქსელებით. ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში…”.

2008 წლის აგვისტოში მელიების ოჯახში ზარი გაისმა _ ლონდონიდან გაზელმა დარეკა და ნიკა მოიკითხა…

ნიკას მეუღლე მაია ბეგიაშვილია. მათ 6 წლის სანდრო ჰყავთ.

ამონარიდები გაზეთ „პრემიერში“ დაბეჭდილი ინტერვიუდან, ავტორი რეზო შატაკიშვილი