თიკა ფაცაციას დედა: ,,წყალში დაიხრჩო ჩემი შვილი, თიკას არაფერი ახსოვს”

თიკა ფაცაციას დედა: ,,წყალში დაიხრჩო ჩემი შვილი, თიკას არაფერი ახსოვს"ტელეწამყვან თიკა ფაცაციას ოჯახში დიდი ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როცა ის 3 წლის იყო. მას 9 წლის ძმა გარდაეცვალა.

მანანა ფაცაცია:

-ეს ამბავი პიონერთა ბანაკში მოხდა. ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა. ბურთი გადაუვარდათ თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო.

მაშინ თიკა 3 წლის იყო და არაფერი ახსოვს. ვისაც მსგავსი ტრაგედია შეხვდა ცხოვრებაში, მირჩევდნენ, მეორეზე გადამეტანა მთელი ყურადღება და მისთვის არაფერი მომეკლო. ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მსგავსი უბედურება გამოიარეს. ახლობელს ერთი შვილი წყალში დაეხრჩო, მეორე რუსთავში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნდა – ამბობდა, არასდროს მიგრძვნია, რომ ოჯახში შვილი ვიყავიო. დედამისი სულ გლოვობდა, გარდაცვლილი შვილის ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს მაგალითები ჩემთვის საკმარისი იყო, რომ თავი ხელში ამეყვანა…

ჩემი სიზმრებიდან, სხვისი რჩევებიდან გამომდინარე, ერთი გამოსავალი იყო – კიდევ გამეჩინა შვილი და გაჩნდა ლევანი. მანამდე სერიოზული მიღწევები მქონდა ჭადრაკში, ისევე, როგორც მაშინდელ ქალ მოჭადრაკეებს, მაგრამ უარი ვთქვი კარიერაზე და ამაზე ყოველთვის მწყდებოდა გული. როცა თიკას სჭირდებოდა ხელის შეწყობა, ყველანაირად ვედექი გვერდში.