იმედო კახიანი: ,,ელდარის დიეტით 10 დღეში 20 კილო დავიკელი”

იმედო კახიანი: ,,ელდარის დიეტით 10 დღეში 20 კილო დავიკელი"სარკე, ია ქუთათელაძე

იმედო კახიანი:

,,ელდარ შენგელაიამ ,,სამანიშვილის დედინაცვალის” გადაღება რომ დააპირა, პლატონის როლის შემსრულებლის ძებნა დაიწყო. კარგა ხნის შემდეგ მითხრა, შენ უნდა გადაგიღოო. გავგიჟდი, მაგ დროს 120 კილო ვიყავი. წარმოგიდგენიათ, ღარიბი აზნაური, ოყიან თოხს შეჭიდებული, მჭადისა და ლობიოს ამარა დარჩენილი, 120 კილო იყოს? ელდარმა მომიტანა რაღაც დიეტა, მითხრა, ეს კოსმონავტებისთვისააო და 10 დღეში 20 კილო დავიკელი.

ამ ფილმით ამერიკაში წავედით. უმაღლეს სასწავლებლებში ეწყობოდა ფილმის ჩვენებები. ყველაზე მთავარი, რაც იქ მოხდა იყო ის, რომ დასვეს მთავარი კითხვა: ,,ეს არ არის რუსული ენა, რუსებისთვის დამახასიათებელი გარეგნობა, ქცევა. ვინ ხართ თქვენ?”. ბედნიერები ვუხსნიდით, რომ პატარა, მაგრამ უძველესი კულტურის მქონე ერის შვილები ვიყავით დიდი ისტორიით.

ჩემი და ელდარის მეგობრობა დღემდე გრძელდება. ელდარი ჩემი მეუღლის ნათლიაა. ძალიან უყვარს ნარდის თამაში, დიდი ვერაფერი მოთამაშეა. მივალ, დავსხდებით, მეტყვის: ,,იმედო, ნარდი ვითამაშოთ ათ მოგებამდე”. რომ მოვინდომო, უცებ მოვუგებ ყველა ხელს. მალე რომ მოვრჩეთ, მარსს და ოინს ვაგებინებ. ბედნიერია, როცა ,,მჩაგრავს”. ავდგები წამოსასვლელად, არ მეშვება: ,,ახლა კონტრა ვითამაშოთ”. ,,კაცო, რა კონტრა, ყაიმი კი არ არის, უკვე მოგებული ხარ”, – ვეუბნები. მოკლედ, ჩვენი გენიალური ელდარი ნარდის გაგებაში არ არის.