“ზურა ვერ მეტყველებს, კომიდან გამოჰყავთ, ქეთი თავზე ადგას” – ზურაბ დოიჯაშვილი საქართველოში უნდა დააბრუნონ

"ზურა ვერ მეტყველებს, კომიდან გამოჰყავთ, ქეთი თავზე ადგას" - ზურაბ დოიჯაშვილი საქართველოში უნდა დააბრუნონზურა დოიჯაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად ტელემარათონი იგეგმება. ჯანმრთელობაშერყეული მომღერალი დეკემბერში აქ უნდა იყოს, ასეთია მარათონის ორგანიზატორების სურვილი. დავით ოქიტაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ზურას მდგომარეობა უკვე ძალზედ კრიტიკულია და ის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. ამისთვის “პოსტივიზე” მომზადდება ტელემარათონი და ზურას ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხა უნდა შეგროვდეს.

უკვე რამდენიმე თვეა მომღერალი ისრაელის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული. პირველად ფილტვების პრობლემით, წელიწადნახევრის წინ მოათავსეს კლინიკაში, ჯერ სიმსივნეს ვარაუდობდნენ, შემდეგ ფილტვის ტუბერკულოზს და უჟანგბადობას სისხლში.

ნუგზარ კვაშალი და ჯამლეტ ხუხაშვილი დოიჯაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე გვესაუბრნენ.

ნუგზარ კვაშალი: – ორგანიზმი ვეღარ უძლებს. მდგომარეობის გაუარესება მიდის. კომიდან გამოჰყავთ, მაგრამ აპარატზეა მიერთებული. კარგს ვერაფერს გეტყვით. ვერ მეტყველებს. ძალიან მძიმედაა. ღმერთის ანაბარა ვართ დარჩენილი. აი, ასე იმოქმედა მასზე საქართველოს ნოსტალგიამ.

ჯამლეტ ხუხაშვილი: – ზურას ცოლს ვესაუბრე. ქეთი აღარ მუშაობს, თავზე ადგას მთელი დღე ზურას. დღეს ერთი რეანიმაციიდან, მეორეში გადაუყვანიათ. კუჭის პრობლემა შეექმნა და განყოფილება შეუცვალეს.

ზურა დოიჯაშვილის ჩამოსაყვანად გასამართი ტელემარათონის ორგანიზატორი, დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და როგორმე ეს თანხა შევაგროვოთ.

დავით ოქიტაშვილი: – 20 ათასი დოლარი გვჭირდება, რომ სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით ჩამოვაფრინოთ.

კონცერტი გაიმართება “პოსტივის” პავილიონში და მარათონის მსვლელობისას ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხა გადმორიცხოს.

20 ათასი დოლარი თუ ვერ შევაგროვეთ, არანაირი საშველი აღარ ყოფილა. ყველა ერთად რომ დავდგეთ, რაღაც გამოგვივა.

პრაიმ ტაიმი