“19 წელი ველოდით შვილს და 3 ტყუპი გაგვიჩნდა” – ლოლა აბაშიძემ და მინდია კოჩალიძემ დიდი ოცნება აისრულეს

"19 წელი ველოდით შვილს და 3 ტყუპი გაგვიჩნდა" - ლოლა აბაშიძემ და მინდია კოჩალიძემ დიდი ოცნება აისრულესბათუმში, კლინიკა „მედინაში” სამი ტყუპი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა, დაიბადა. 19 წლიანი ლოდინის შემდეგ ლოლა აბაშიძე და მინდია კოჩალიძე სამი შვილის, ანიტას, ალექსანდრესა და ავთანდილის მშობლები გახდნენ.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი „პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, დედაც და ბავშვებიც თავს კარგად გრძნობენ.

„19 წელი ელოდებოდნენ შვილს და დღეს, სამი შვილის მშობლები არიან. საკეისრო კვეთით მოევლინა ქვეყანას სამი პატარა. საბედნიეროდ, დედაც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ”- აცხადებს ჯუმბერ უნგიაძე.

ტყუპების დედა ლოლა აბაშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სანუკვარი ოცნება აუსრულდა და დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანია.

„19 წელი არ გვყავდა შვილი. რა თქმა უნდა, დავდიოდით ექიმებთან და გავდიოდით მკურნალობის კურსს, თუმცა უშედეგოდ. თითქმის იმედიც გადაგვეწურა, თუმცა უფლის იმედი არასდროს დაგვიკარგავს და გულის სიღრმეში გვჯეროდა მე და ჩემს მეუღლეს, რომ აუცილებლად დადგებოდა ეს ბედნიერი დღე.

თუმცა, დღეს სამმაგად ბედნიერი ვარ, სამი ანგელოზის მშობლები გავხდით. ჩემი და ჩემი მეუღლის სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვათვითცნობიერებ ყველაფერს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კლინიკა „მედინას” ყველა თანამშრომელს, მთელ გუნდს, განსაკუთრებით ბატონ ჯუმბერ უნგიაძეს დიდი მადლობა გადავუხადო. პირველი დღეებიდან არ მაკლებდნენ ყურადღებასა და მზრუნველობას.

საკეისრო კვეთა ჩამიტარდა, რადგან მაღალი წნევები მქონდა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ექიმებმა. ექიმების დიდი დამსახურებაა, რომ მე და ჩემი შვილები თავს კარგად ვგრძნობთ. უბედნიერესი ადამიანი ვარ. მინდა, ყველა ქალს ვუსურვო დედობის ბედნიერების განცდა.”- გვითხრა ლოლა აბაშიძემ.

პრაიმ ტაიმი