გაშვილებული ტყუპების შეხვედრა 17 წლის მერე – ,,მშობლებს მადლობა გადავუხადე, არასოდეს დავივიწყებ, რომ ამიყვანეს და გამზარდეს”

გაშვილებული ტყუპების შეხვედრა 17 წლის მერე - ,,მშობლებს მადლობა გადავუხადე, არასოდეს დავივიწყებ, რომ ამიყვანეს და გამზარდეს",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

წლების წინ გაშვილებულმა ტყუპმა ძმებმა ერთმანეთი თელავის  საგამოცდო ცენტრში იპოვეს. ,,სარკემ” გაარკვია, რომ ლუკა კულულაშვილი და ლევან მარტაშვილი მშობელმა დედამ ისე გააშვილა, ბავშვების დედობილ-მამობილებმა არც იცოდნენ, რომ მათ შვილს ტყუპისცალი ჰყავდა. საქმე ამ ორი ბიჭის საოცარმა მსგავსებამ ,,გახსნა”. ერთ მშვენიერ დღეს ლუკას ბიძამ ლევანი დაინახა და გადაწყვიტა, ბიჭისთვის მოეყოლა, რომ ნაშვილები იყო…

ლუკა კულულაშვილი თელავში ცხოვრობს, ლევან მარტაშვილი – ველისციხეში. ლევანს არასოდეს ჰქონია ეჭვი, რომ ნაშვილები იყო. ახლა ამბობს, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ გამზრდელი მშობლების სიყვარული არ განელებია, პირიქით, უფრო მეტად დააფასა ისინი და ცხოვრებისგან კიდევ ერთი ბედნიერებაც დაიმატა – ძმა შეიძინა.

ლევან მარტაშვილი:

-ჩემ გარშემო თურმე იცოდნენ, რომ ძმები ვიყავით და უნდოდათ, ერთმანეთს მერე შევხვედროდით, გამოცდებს რომ ჩავაბარებდით, რადგან ფიქრობდნენ, ეს ამბავი სტრესს მოგვაყენებდა. გამოცდიდან გამოსული ვიყავი და ტრასაზე მოხდა ჩვენი შეხვედრა. მანქანიდან გადმოვედი და დავინახე… შოკში ჩავვარდი, რადგან საოცრად მგავს.

– როგორ აღიქვით, აყვანილი რომ აღმოჩნდით?

– შვილს ბევრი აჩენს და გადააგდებს. ვინც გაგზარდა, მშობელი ის არის! ძალიან კარგი მშობლები მყავს, ლუკაც გადასარევ ადამიანებთან გაიზარდა. როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემს მშობლებთან მივედი და მადლობა გადავუხადე. ვუთხარი, არასოდეს დაგივიწყებთ, რომ ამიყვანეთ და გამზარდეთ-მეთქი. ლუკამაც იგივე თქვა. ახლა ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ისეთი, როგორიც ძმებს უნდა ჰქონდეთ. თითქოს ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”