თაკო კორინთელი: ,,ბარბარიკას როლს არ დავთმობ!”

თაკო კორინთელი: ,,ბარბარიკას როლს არ დავთმობ!",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

თაკო კორინთელი, რომელიც საზოგადოებამ ბარბარიკას როლით გაიცნო სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”, წლების განმავლობაში ტელეკომპანია ,,მაესტროს” საინფორმაციოს წამყვანი იყო. შეიძლება ეკრანს ისევ დაუბრუნდეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, ჟურნალისტობას სერიალში მუშაობას შეუთავსებს თუ არა. ბარბარიკას როლის დათმობას არ განიხილავს. თავისი პერსონაჟი ძალიან უყვარს და უნდა, მის ხაზს ბოლომდე მიჰყვეს.

თაკო კორინთელი:

– ძალიან მიხარია, რომ სერიალში წელსაც გამოვჩნდი. ჩემი პერსონაჟის ხაზი აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება. როგორც საზოგადოება ელოდება ჩვენს სერიალს, ისე ველოდები მეც სცენარს. ახლა უკვე ახალი სცენარები მაქვს.

სერიალმა შეიცვალა არხი, “რუსთავი 2”-ის ნაცვლად ახალგახსნილ ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადის. ცოტა ხომ არ გაფერმკრთალდა სერიალის პოპულარობა და დაეცა მისი რეიტინგი?

– როგორც ვიცი, ახალ არხზეც ძალიან კარგი რეიტინგი გვაქვს. მე ,,ფორმულა კრეატივის” გუნდის წევრი ვარ, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და სადაც ისინი იქნებიან, მეც იქ ვიქნები. არც მაყურებელს გაუპროტესტებია. ერთგული მაყურებელი ,,რუსთავი 2″-დან ,,ფორმულაზე” ჩვეულებრივად გადმოგვყვა.

– როგორც ვიცი, მეორე სამსახურიც გაქვთ.

– დიახ და ჩემი მთავარი ფინანსური წყარო სწორედ მეორე სამსახურია. თურქულ სამშენებლო კომპანიაში მენეჯერი ვარ. არ მეგონა, ჩემი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული საქმის კეთებას თუ შევძლებდი. შემოთავაზება რომ მივიღე, თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ არ გამომივიდოდა, შემდეგ კი საკუთარ თავს ვუთხარი, რატომაც არა, ვცდი-მეთქი.

საოფისე საქმეები ადვილად ვისწავლე. იქაც ვარ, სერიალშიც და კიდევ ველოდები სიახლეებს. მინდა, რომ ყველაფერი გამოვიდეს.

– რა სიახლეებზე მიგვანიშნებთ?

– ტელევიზიას უკავშირდება, შეიძლება ისევ გამოვჩნდე ტელეწამყვანად. საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ახლახან კიდევ ერთი წინადადება მივიღე და ვფიქრობ. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ.

– ტელევიზიაში წამყვანად დაბრუნებამ სერიალის დათმობა რომ მოითხოვოს, დათანხმდებით?

– ოქროს შუალედი უნდა დავიჭირო ჩემს პროფესიასა და სამსახიობო კარიერას შორის. ორივე ძალიან მიყვარს. იყო დრო, როცა საინფორმაციო სამსახურსა და ტელეწამყვანობაზე წინ არაფერს ვაყენებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც სერიალში ვმონაწილეობ, უკვე ორივე ძალიან მიყვარს და არც ერთის გარეშე მინდა ცხოვრება.

ჩემი პერსონაჟი ძალიან მიყვარს და ტელეწამყვანობაც მინდა. ორივე ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ტელევიზიაში მუშაობას იმ შემთხვევაში დავთანხმდები, უფლებას თუ მომცემენ, სერიალში თამაში გავაგრძელო. თუ ვერ შეერწყმება ერთმანეთს, სერიალს არ დავთმობ. ჩემთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ბარბარიკას როლია. ძალიან მიყვარს გუნდი, მსახიობები და ჩემი პერსონაჟი. ამ სერიალმა ბევრი დადებითი რამ შესძინა ჩემს ცხოვრებას.

– ორ სამსახურში მუშაობა ალბათ კარგი ხელფასით უზრუნველგყოფთ.

– ძალიან მფლანგველი ვარ და ჩემი ხელფასი არასოდეს მყოფნის, თუმცა რაღაცების განსაზღვრა ვიცი. ჩემი ძაღლის, ენდის, გამო შემიძლია, ბოლო კაპიკიც დავხარჯო. საჭმელი, აცრები, ექიმები, ვარცხნილობა თუ ტანსაცმელი – ყველაფერს ენდის ვუკეთებ. ის ჩემთვის ყველაფერია. მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს ძალიან დაჭკვიანდა, თბილი და მოსიყვარულე ბიჭია. ძალიან მიყვარს!

ენდის მერე უკვე მოდის ჩემი სიამოვნება, რაც ნიშნავს თავის მოვლას. ავადმყოფური რამ მჭირს – პარფიუმერიის მაღაზიებზე ვგიჟდები. კვირაში ორჯერ მაინც დავდივარ. ზეპირად ვიცი, რომელ დახლზე რა დევს.

– ზამთრის შვებულება მთლიანად ამოწურეთ თუ ისევ გეგმავთ სადმე დასვენებას ან მოგზაურობას?

– ნაწილობრივ უკვე ვისარგებლე საახალწო შვებულებით, მაგრამ მეორე ნაწილს გამოვიყენებ. საზღვარგარეთ წასვლას არ ვგეგმავ, გუდაურში ან ბაკურიანში დავისვენებ.

– მინდა, პირადზე გკითხოთ. გავიგე, რომ ქმარს გაშორდით.

– ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. არ მინდა, ჩემს პირად ცხოვრებაზე ვისაუბრო. ჯერჯერობით არაფერი მაქვს სალაპარაკო, არც ცუდი ხდება და არც კარგი, სტაბილურად ვარ.